მაჭავარიანი: „პარლამენტში, ცსკ–ში შეჭრები არ არის ის, რასაც საქართველოსგან ელიან“
08/01/2021 08:13:56 პოლიტიკა
უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ვანო მაჭავარიანი ამბობს, რომ პარლამენტის თუ ცენტრალური საარჩევნო კომისიების შენობებში შეჭრა არ არის ის გზა, რომელსაც დემოკრატიები საქართველოსგან ელიან.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მაგალითი პოზიტიურად იქნა წარმოჩენილი [აშშ–ის კაპიტოლიუმის შენობაში –რედ.]. იმის შიში მაქვს, რომ თუ ერთპარტიული სისტემა გაგრძელდა, ვერ იპოვა კომპრომისი „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციასთან, ოპოზიციაც თუ ვერ მიხვდა და ძალიან კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგა პროცესზე და შედეგზე შეთანხმებისკენ, ძალიან ცუდ კონტექსტში მოგვიხსენიებენ: ბაიდენის ადმინისტრაცია მოწოდებული იქნება, რომ ერთი პიროვნების მიერ სახელმწიფოს მიტაცება შეუძლებელი იყოს, მხარდაჭერილი იყოს დემოკრატიული პროცესები, რადგან აქაა კეთილდღეობა, უსაფრთხოება, ეკონომიკური წინსვლა.
პარლამენტში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეჭრები არ არის ის, რასაც საქართველოსგან ელიან – მათ მიაჩნიათ, რომ ეს ბანანის რესპუბლიკაა და ნუ დავბრუნდებით 2004 წელში. პოლიტიკოსებს ხმა იმიტომ მივეცით, რომ საერთო ენა იპოვონ. დასავლელი პარტნიორებიც ამბობენ, „ვიცით, რა არის „ქართული ოცნება“, როგორ მანიპულირებს“, მაგრამ ოპოზიცია კონკრეტული იდეის გარშემო უნდა გაერთიანდეს, როგორ შეიძლება ერთპარტიული, ერთპიროვნული სისტემის გამოწვევის გადალახვა და ჩვენი მხარდაჭერის მიღება. ეს იქნება ის, რაზეც ბაიდენი, ბლინკენი იმუშავებენ. პირველი ფორუმი, რასაც ბაიდენი გეგმავს, ეს დემოკრატიების ფორუმია – წამყვანი დემოკრატიების ლიდერები ერთად სხდებიან, იციან, რა გამოწვევები არსებობს რადიკალური ჯგუფების, ავტორიტარიზმების, სახელმწიფოს მიტაცებისგან. მთელი გეგმა ჩამოყალიბდება, რომ მსოფლიოში დემოკრატიებს რეალურად დაუჭირონ მხარი. ნუ დარჩება ქართული სახელმწიფო და ქართული ოპოზიცია ამ პროცესების მიღმა. რეალურად უნდა ვიცოდეთ, რა ხდება გარეთ, ნუ ჩავიკეტებით ჩვენს ნაჭუჭში“,– განაცხადა მაჭავარიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.
ცნობისთვის: ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს, მე–10 მოწვევის პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. ახალი წლის დასაწყისში პარლამენტში მხოლოდ ოთხი ოპოზიციონერი დეპუტატი შევიდა „პატრიოტთა ალიანსის“ სიით.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ელჩების მედიატორობით ოთხი შეხვედრა შედგა, თუმცა შეთანხმება ვერ მოხერხდა და არის მოლოდინი იანვრის ბოლოსთვის მეხუთე შეხვედრის თაობაზე.


