«მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, დაგმოს ანტისემიტური გამოსვლები. იმედს ვიტოვებ, მათ პატრიარქიც დაგმობს»
08/01/2021 16:05:54 პოლიტიკა
საქართველოში ისრაელის ელჩი, რან გიდორი განცხადებას ავრცელებს.
"აქცენტი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"ზუსტად ერთი კვირის წინ გამოვხატე ჩემი სურვილი და იმედი, რომ ახალ წელს შევხვდებოდით კიდევ უფრო მტკიცე რწმენით, რომ ქართველებსა და ებრაელებს შორის მეგობრობა ისეთივე მტკიცეა, როგორც ყოველთვის და რომ ანტისემიტიზმს, რასიზმსა და ფანატიზმს ქართულ საზოგადოებაში ადგილი არა აქვს.
სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. ორშაბათს, 4 იანვარს, ქუთაისის სულხან-საბას დასახლების სამების ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ გადმოანთხია ანტისემიტური შეთქმულების რამდენიმე თეორია, რომელთა ნაწილიც ევროპაში, 1930 წლებში გავრცელებულ ყველაზე სისხლიან ბრალდებებსა და ანტი-ებრაული სიძულვილის პროპაგანდას მოგვაგონებს.
როდესაც კარკაძემ ზემოაღნიშნული ანტისემიტური განცხადებები გააკეთა, ორი კვირაც კი არ იყო გასული ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტის და წმინდა სინოდის წევრის, მეუფე იოანე გამრეკელის მიერ ჩატარებული ძალზედ სადავო და პრობლემური ქადაგებიდან, რომლის ნაწილიც შესაძლოა აღქმული იქნეს, როგორც ანტისემიტური.
მე ამ არაჩვეულებრივ ქვეყანაში უკვე საკმარისად დიდი ხანი ვიმყოფები იმის გასაცნობიერებლად, რომ ქართველების უდიდესი ნაწილი არ იზიარებს ასეთ შემზარავ შეხედულებებს. ქართველებს დამსახურებლად აქვთ მოპოვებული სტუმართმოყვარე ადამიანების სახელი მთელ მსოფლიოში. სწორედ ამიტომ ცხოვრობს საქართველოში წარმატებული ებრაული საზოგადოება 2 ათასწლეულზე დიდხანს და, სწორედ ამიტომ, აქ ყველაზე ნაკლებად შეეხო მას ანტისემიტიზმი, ვიდრე სხვა ქვეყნების უმეტესობაში.
30 წლის წინ, მას შემდეგ რაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა, ისრაელი - ებრაული სახელმწიფო - ისწრაფის, რომ სათანადოდ დაუბრუნოს მას ეს სიკეთე და გამოხატავს მადლიერებას, მათ შორის ინვესტიციების განხორციელებით ადგილობრივ ეკონომიკაში, 1500-ზე მეტი ქართველის გადამზადებით ისეთ სფეროებში როგორიც არის მედიცინა, სოფლის მეურნეობა, განათლება და მაღალი ტექნოლოგიები, ჰუმანიტარული პროექტების განხორციელებითა და კოვიდ 19-ის პანდემიასთან ბრძოლაში დახმარების გაწევით.
2019 წელს საქართველოს ისრაელიდან ტურისტების რეკორდული რაოდენობა, 200,000 სტუმარი ეწვია. ეს არის ტურისტების ყველაზე დიდი ჯგუფი იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც მას უშუალოდ არ ესაზღვრება. ეს ადამიანები ჩამოვიდნენ აქ იმ იმედით, რომ მათ კვლავ კეთილი განწყობით ელიან და რომ იყო ებრაელი საქართველოში ყოველთვის იქნება საამაყო და არა სასირცხვილო.
მიმდინარე თვეში, 27 იანვარს, აღინიშნება ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე. როგორც ისრაელის სახელმწიფოს ელჩი და შვილი 91 წლის მამის, რომელმაც ჰოლოკოსტი გამოიარა, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, რომ მკაფიოდ და ძლიერად გაისმას მისი ხმა და დაგმოს სიძულვილით სავსე ანტისემიტური გამოსვლები. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მოხარული ვარ, რომ მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა გააკეთა განცხადება, რომელშიც ის მკაცრად გმობს ილია კარკაძის მიერ წარმოთქმულ სიტყვას და, ასევე, განმარტა მის მიერვე მანამდე გაკეთებული განცხადება, იმედს ვიტოვებ, რომ მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, რომელიც ყოველთვის ღიად საუბრობდა თავის გულწრფელ მეგობრობაზე ებრაელ ხალხთან, თავადაც კიდევ ერთხელ გაიმეორებს ტოლერანტობისკენ მოწოდების ეგზომ საჭირო გზავნილს და დაგმობს ნებისმიერი სახის ანტისემიტიზმს, რასიზმსა და ფანატიზმს.
როგორც ისტორიამ არაერთხელ გვაჩვენა: "ერთადერთი რამ, რაც აუცილებელია ბოროტების ტრიუმფისთვის, არის ის, რომ კარგმა ადამიანებმა არაფერი აკეთონ“. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა შეაჩეროს ანტისემიტიზმის აღმოცენება ამ ქვეყანაში" - ნათქვამია განცხადებაში.
20 დეკემბერს მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა ქადაგება წაიკითხა, რომელიც შემდგომ სამოქალაქო სექტორმა ანტისემიტურად შეაფასა. ამ ქადაგებაში იოანე გამრეკელი იყენებს ისეთ ტერმინებს, როგორიცაა: „ქრისტეს მდევნელები“ და სხვა:
„ამბროსი მედიოლანელის ცხოვრებაში იყო ასეთი შემთხვევა, რომ მოხდა დაპირისპირება იუდეველთა თემის ქრისტიანებთან. ქრისტიანები უფრო მეტნი იყვნენ რიცხვით. დაპირისპირება გადავიდა ძალადობაში და ძალადობის შედეგი იყო, რომ ქრისტიანებმა სძლიეს იუდეველთა თემს და მათი სინაგოგა დაანგრიეს.
აღშფოთდა ხელისუფლება, იჩივლეს, აგვიშენონ ახლაო.. ქალაქში ცოტანი იყვნენ, მაგრამ მსოფლიოში ცოტანი არ არიან. გავლენაც აქვთ მეფის კარზე ყოველთვის, ახლაც. ქრისტიანები არ თანხმდებოდნენ, მაშინ მმართველმა შეუთვალა ამბროსის, უნდა გადაიხადოთო. მან უპასუხა, რომ ქრისტეს ჯვარმცელთ და ქრისტიანთა მდევნელთ ქრისტიანებმა სალოცავი… როგორ უნდა ავუშენოთო. ნუ, ისინიც მოქალაქეები არიან და აქვთ უფლება და დღევანელი ნორმებით, უფლებები აქვთ.
ამბროსი ხომ ყოფილი სახელმწიფო მოხელე იყო და მან შეუთვალა, კარგიო. მაგრამ მათ ჯერ გადაიხადონ საუკუნეების მანძილზე მათი დასმენით, ცილისწამებით.. ამდენი ქრისტიანი აწამესო, რამდენი ქრისტიანთა სალოცავები დაანგრიეს და რამდენჯერო – აი, ამ ყველაფერს რომ გადაიხდიან, მერე ჩვენ თანხას მივცემთ სინაგოგის აშენებისთვისო.
მიხვდნენ, რომ ეს თანხა ისეთია, რომ ვერ გადაიხდიან. უდანაშაულოთა სისხლის ფასი არის, რომ გადაიხადო?! რამდენი აწამეს, მათი ცილისწამებით, ბრალდებით, დასმენით. რამდენჯერ მათ, სანამ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდებოდა ქრისტიანობა – ძალადობდნენ ქრისტიანებზე. და მაშინ მმართველმა დაიბარა თემის… და უთხრა – პასუხი ასეთიაო – თქვენ იმ საუკუნეების, ნუ, ერთი-ორი საუკუნე მაინც, გადაიხადეთო და ისინი გადაგიხდიან იქიდანო. და უარი თქვეს, ჩვენ თვითონ ავაშენებთ სინაგოგასო.
დღესაც, როდესაც ადამიანის უფლებებზე ლაპარაკობენ, უცნაურია, ეკლესიის ლანძღვის და ცილისწამების უფლება არის, რომ სიტყვის თავისუფლება.. როდესაც ჩვენ გვინდა, რომ გავაკრიტიკოთ ეს ქმედება, გვეუბნებიან, რომ იცით, მათ ჰქონდათ უფლება. ჩვენ უფლება არ გვაქვს, რომ ჩვენი აზრი ვთქვათ? ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება. ეს ეთნიკური საზღვრით არ განისაზღვრება, ეს არის ურწმუნო მოდგმის ბრძოლა, ეკლესიის წინააღმდეგ. თუმცა ეკლესიიდგან სიკეთის მეტი არაფერი მიუღიათ“.
[/toggle]მეუფეს კრიტიკის შემდეგ დეკანოზმა ილია კარკაძემ ასევე წაიკითხა ქადაგება, რომელშიც ასევე ისაუბრა ებრაულ თემზე. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი კარაკაძის ქადაგებაზე წერს:
„მღვდელი ამბობს, რომ არის სიონისტური დაჯგუფებები, რომლებიც “მიწიური პროცესიდან არაკეთილი ძალის მხარეს დგას”, თუმცა, ასევე არიან მოსეს რჯულის ებრაელებიც, რომლებიც მათ “არ ერწყმიან”. ილია კარკაძის თქმით, მიტროპოლიტი იოანე საკუთარ ქადაგებში ფაქტებს ყვებოდა: “აი, მე რომ წავიკითხო, მაგალითად, აბელის წინასწარმეტყველება ხო, და აბელს უწერია, რომ ურიებიო, დაგესლავენ რუსეთსო და ფაქტია, ეს რომ ასეა, კაცო”.
დეკანოზი ამბობს, რომ საბჭოთა პერიოდში ებრაელებს დიდი გავლენა ჰქონდათ. სტალინზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის მიხედვით, მათი დაჯგუფებები რევოლუციას აწყობდნენ.[3] დეკანოზი ილია კარკაძე საბჭოთა დროს ებრაელების გავლენებზე საუბრიდან გადადის ფინანსური გავლენების შესახებ საუბარზე: ,,დღევანდელი მთელი ბანკური სისტემა [იგულისხმება საბანკო სისტემა] ვის ხელშია ჩაპყრობილი? მე არ დავიწყებ ამ საუბარს, გადახედეთ და მიხვდებით”. მისი თქმით, სტალინის მოტყუება ვერ მოახერხეს, რადგან ,,დიდი გენია” იყო, დღეს კი საქართველო და რუსეთიც ამ ძალების მიერ დაპყრობილია “ოფშორული ფულით”.[4] ყველაფრის სათავეში, ადვილი მისახვედრია, ,,რა ძალები არიან” – ,,ამეების ხელშია დღეს ბერკეტები ფინანსური”,- ამბობს დეკანოზი.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შეუწყნარებლობისა და ანტისემიტიზმის ნებისმიერი გამოვლინება, მით უფრო, თუკი ის გავლენიანი ინსტიტუციის მხრიდან ვრცელდება, ქმნის სიძულვილისა და ძალადობის ახალი კერების გაჩენის საფრთხეს. ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია, საქართველოს საპატრიარქომ მკაფიო პოზიცია გამოხატოს მიტროპოლიტ იოანეს განცხადებასთან დაკავშირებით და კრიტიკულად შეაფასოს ის. საპატრიარქომ და ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა დაგმონ ანტისემიტიზმი და ებრაელებისა და უფლებადამცველების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება და გაავრცელონ ტოლერანტობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, დისკრიმინაციის აკრძალვის მხარდამჭერი განცხადებები,“.
დეკანოზის ქადაგებას შემდგომ გამოეხმაურა იოანე გამრეკელი და ანტისემიტური განცხადებები დაგმო, თუმცა მის მიმართ არსებულ კრიტიკას უწოდა „ანტისემიტიზმის ბრალდებით აგორებული კამპანია“.


