
ბრიტანეთში საქართველოს საელჩო თანამოქალაქეებს აფრთხილებს
08/01/2021 17:30:11 საგარეო პოლიტიკა
ბრიტანეთში საქართველოს საელჩო თანამოქალაქეებს პანდემიის გამო დაწესებულ ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით აფრთხილებს.
„კოვიდ-19“-ის ვირუსის ახალი შტამის გავრცელების შეზღუდვის მიზნით, ინგლისში მგზავრობის წესებში ცვლილება შედის:
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 11 იანვრიდან, ყველა საერთაშორისო მოგზაური, ბრიტანეთის მოქალაქეების ჩათვლით, რომელიც მიემგზავრება ინგლისში, ვალდებულია წარადგინოს COVID19 ვირუსზე PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, რომელიც გამგზავრებამდე 72 საათის ფარგლებში იქნა ჩატარებული.
ახალი რეგულაციის უგულებელყოფისა და ტესტის პასუხის არქონის შემთხვევაში, მგზავრს დაეკისრება ჯარიმა – £500.
მგზავრები, რომლებიც ინგლისში ჩამოდიან იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც ბრიტანეთს არ აქვს ე.წ. სამგზავრო დერეფანი, კვლავ ვალდებული რჩებიან, ჩამოსვლის შემდეგ გადავიდნენ 10 დღიან თვითიზოლაციაში (ქვეყნები, რომლებთანაც მოქმედებს ე.წ. სამგზავრო დერეფანი იხ. https://www.gov.uk/…/coronavirus-covid-19-travel-corridors ). ამ მოთხოვნაზე COVID19 ვირუსზე ტესტის პასუხი არ მოქმედებს.
მგზავრებმა ასევე უნდა შეავსონ სპეციალური ფორმა (locator form – იხ. https://www.gov.uk/provide-journey-contact-details-before … ) და დაემორჩილონ ქვეყანაში მოქმედი კარანტინის შეზღუდვებს.
ზემოხსენებული წესები მოქმედებს საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით საერთაშორისო მგზავრობის შემთხვევაში“, – აცხადებენ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოში.
მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 88 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 88 807 247 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 1 912 170 ადამიანი იმსხვერპლა. 63 776 836 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 236 028 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 224 189 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 728 გარდაიცვალა.
ვრცლად ამ თემაზე იხილეთ აქ.
ცნობისთვის: ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 1 325 ადამიანი გარდაიცვალა. ეს პანდემიის დაწყებიდან დღემდე რეკორდული მაჩვენებელია.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გაერთიანებულ სამეფოში კოვიდ–ინფიცირების 68 053 შემთხვევა გამოვლინდა
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამი ვრცელდება, რომელიც უფრო მეტად გადამდებია.
აღსანიშნავია, რომ გაერთიანებულ სამეფოში ვაქცინაციის პროცესი Pfizer/BioNTech-ისა და AstraZeneca-ს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინებით უკვე მიმდინარეობს.
დღეს გაერთიანებულმა სამეფომ Moderna–ს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვაც გასცა. ბრიტანეთის მთავრობამ Moderna–ს ვაქცინის 10 მილიონი დოზა უკვე შეუკვეთა, თუმცა ქვეყანა მას სავარაუდოდ, გაზაფხულამდე ვერ მიიღებს.