Accentnews.ge
ოპოზიციის რეაქცია ივანიშვილის განცხადებაზე, რომ ის პოლიტიკას ტოვებს

ოპოზიციის რეაქცია ივანიშვილის განცხადებაზე, რომ ის პოლიტიკას ტოვებს

11/01/2021 07:19:06 პოლიტიკა

ოპოზიციაში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ ის საბოლოოდ ტოვებს პოლიტიკას, პასუხსიმგებლობის თავიდან აცილების მცდელობად აფასებენ.

„რა თქმა უნდა, ივანიშვილი გრძნობს იმ უმძიმეს პოლიტიკურ–ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელშიც ქვეყანაა და სამწუხაროდ, ის ასევე ხედავს, რომ მის პოლიტიკურ გუნდს არ გააჩნია არანაირი პოლიტიკური ხედვა, კომპეტენცია და სურვილიც კი, რომ ქვეყანაში დაიძლიოს ეს ვითარება. რა თქმა უნდა, პოლიტიკოსი ივანიშვილი გაურბის უმძიმეს პოლიტიკურ პასუხსიმგებლობას, შესაძლოა, სამართლებრივ პასუხსიმგებლობასაც კი. არაფრით არ განსხვავდებიან ივანიშვილის მარიონეტები ერთმანეთისგან: ყველა მათგანი აბსოლუტურად არაკომპეტენტური, საზოგადოების პრობლემების მიმართ გულგრილია და უსინდისო დამოკიდებულებით, ქვეყნის პრობლემების მიმართ“,– განაცხადა თემის კომენტირებისას „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ.

სტრატეგია აღმაშენებლის წევრი სერგო ჩიხლაძე ამ შეფასებას იზიარებს, თუმცა ფიქრობს, რომ ივანიშვილი არაფორმალურ მმართველობას გააგრძელებს:

„მზარდი ნეგატიური ზეწოლის ფონზე, რასაც ხელისუფლება განიცდის დასავლელი პარტნიორებისგან, ეს არის პასუხსიმგებლობის მოშორება ივანიშვილისგან, რადგან ის შესაძლოა, ოფიციალურად აღარ იყოს პარტიის თავმჯდომარე, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ის არაფორმალურად ქვეყანასაც მართავს და არაფორმალური მმართველობით გააგრძელებს პარტიის მართვასაც: როდესაც ქვეყანას მართავს არაფორმალურად, პარტიის მართვა მით უფრო იოლი იქნება“

"დემოკრატიული საქართველოს" წევრი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ რეალურად ივანიშვილმა ჩრდილში გადაინაცვლა და ახლა მეტად არაფორმალურ გარემოში ვიცხოვრებ, ვიდრე ვცხოვრობდით.

მისივე თქმით, მან დროებით თავი შეაფარა ჩრდილს, რომ პოლიმიტური "ბომბები" აიცილოს თავიდან, რაც შექმნილი მძიმე კრიზისის ფონზე "ქართული ოცნების" მისამართით წავა.

„ქართული ოცნება” არსებობს ბიძინა ივანიშვილთან ერთად ან არ არსებობს, - აცხადებს ენმ–ის წევრი რომან გოცირიძე.

მისი აზრით, ივანიშვილის პოლიტიკიდან ნამდვილი წასვლა ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ მოხდება:

„გვახსოვს როგორ „წავიდა” ერთხელ, მაგრამ არსად წასულა. გადადის ნაჩვევ კულუარულ მართვაზე. მაშინ პარტია ლამის დაენგრა, იგრძნეს რა წნეხის ოდნავი მოშვება და ექსპერიმენტულ რეჟიმში ილუზორული ავტონომიურობა, კინაღამ დაეშალა პარტია. ვერ გაინაწილეს ფული და გავლენები და ატყდა შიდა ომი, მერე იძულებული გახდა, უფრო აქტიურად ჩარეულიყო, ოფიციალური პოსტიც მოირგო „საქმეების დასალაგებლად”. ერთი კლანი( რომელიც ბიუჯეტიდან გამძღარი წავიდა), მეორეთი ჩაანაცვლა, ახლაც იგივე ხდება: დასვა ყველა მნიშვნელოვან ძალოვან, სასამართლო თუ სხვა პოსტებზე თავისი ხელქვეითები და უნდა, მათი ხელით და პირადი ნაკლები ოპერატიული ჩარევით მართოს ქვეყანა კულისებიდან, ეს უკვე გამოსცადა პანდემიის პირობებში. კვლავ ვიხილავთ შუშის სასახლეში საიდუმლო სტუმრობებს, დაბურული მანქანებით ვიზიტებს და ა. შ. ეს ნაცნობი სურათია. დღეს არსებული არაფორმალური სისტემა ვერ მუშაობს ივანიშვილის გარეშე. „ოსტანკინოს“ ტელეანძას ჰგავს, რომელიც აწყობილია ტროსზე, რკინის ბაგირზე. საკმარისია ის გაწყდეს და სისტემა ჩამოიშლება. ამის ეშინოდათ ხანძრის დროს. „ქართული ოცნება” არსებობს ან ივანიშვილთან ერთად ან არ არსებობს. ოპერატიულ მართვაში მისი აქტიური თუ პასიური მონაწილეობა არაფერს ცვლის. მარიონეტების და მისი მამოძრავებლის ურთიერთობის რეჟიმი არც ახლა შეიცვლება. სიმბოლური „წასვლიდან” მის შედეგებსაც სიმბოლურად თუ შევაჯამებთ, შეიძლება დავასკვნათ, რომ ჩაიბარა დინამიკურად განვითარებადი ქვეყანა და „დაგვიტოვა” სიღატაკე და უსამართლობა. ნამდვილი წასვლა ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ მოხდება. ახლა მორიგი „ტრიუკი”( უყვარს ეს სიტყვა) გაითამაშა“,-განაცხადა გოცირიძემ.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი "ვირთხასავით გაიქცა" და მრავალი პრობლემის დროს პასუხისმგებლობა აირიდა.

"ერთპარტიული პარლამენტი, რომელსაც ისედაც აქვს ლეგიტიმაციის პრობლემები, მოჩვენებითი თუ რეალური თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ივანიშვილის ლეგიტიმაციის პრობლემა კიდევ ათჯერ და ასჯერ უფრო მწვავედ დგება.

შესაბამისად, მე ამას ასე ვუყურებ - ჩვენ კიდევ უფრო ახლოს ვართ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებთან",. - თქვა უგულავამ.

მისივე შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, დატოვოს პარტია, ამომრჩევლის ღალატი და უკიდურეს უპასუხისმგებლობაა.

"ქართველმა ხალხმა ვირთხის წელიწადს გამოუტანა წირვა ბიძინა ივანიშვილს, მან იჭირვეულა და ხარის წელიწადს გადაწყვიტა წასვლა, როგორც ხარმა. მაგრამ არსი არ შეცვლილა, ის დამარცხდა არჩევნებზე, როგორც ვირთხა და შემდეგ მიისაკუთრა ძალაუფლება.

ბიძინა თავს გვაჩვენებს თუ მართლა მიდის - თავისთავად ცხადია, რომ სანამ მორიგი მთავარი პროკურორი შოთაძე ან რომელიმე მურუსიძე მის მისაღებში იდგება სქელი საქაღალდეებით, ვინ დაიჭირონ და ვინ გამოუშვან ციხიდან, ძალაუფლება ისევ ივანიშვილის ხელში იქნება.

ივანიშვილის დღევანდელი განაცხადი არის უკიდურესი უპასუხისმგებლობის და სისუსტის გამოვლინება. უპასუხისმგებლობაა, როდესაც ქვეყანას 8 წელი მართავ მილიარდერი და შენი მმართველობის შემდეგ ქვეყანას გასამმაგებული ვალი რჩება ქვეყანას და ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს გადასახდელად.

უკიდურესი უპასუხისმგებლობაა, როცა შენი მმართველობის დროს ეროვნული ვალუტა თითქმის 2,5-ჯერ გაუფასურდა, რამაც მოსახლეობა გააღარიბა და უბედურ დღეში ჩააგდო.

უკიდურესი უპასუხისმგებლობა და სისუსტეა გაქცევა მაშინ, როცა ქვეყანაში პანდემიაა და პასუხისმგებლობა, ფაქტობრივად, მიტაცებულია ეს თუ არა, შენზე და შენს მიერ მოყვანილ ადამიანებზეა.

უაპსუხისმგებლობაა, როცა ქვეყანას კრიმინალი ძიძგნის და შენ ასე ფეისბუქ პოსტით მიდიხარ.

ვინც 41 ნომერი შემოხაზა, შემოხაზა არა ქართული ოცნების რომელიმე ახალი ან ძველი სახის გამო, შემოხაზა ბიძინა ივანიშვილის გამო.

ვინც ივანიშვილს მიეცით ხმა - მან გიღალატათ ზურგი გაქციათ, დაგტოვათ პანდემიის წინაშე, გაგწირათ და მოგატყუათ და დატოვა ეს ერთპარტიული პარლამენტი". - თქვა უგულავამ.

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი მართლაც წავა პოლიტიკიდან, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით ის ოდნავ უფრო პლურალისტურ ქვეყანას დატოვებს, თუმცა ბევრად უფრო ღარიბსა და უპერსპექტივოს, ვიდრე 2012 წელს ჩაიბარა.

"ჩემი აღქმით ბიძინა ივანიშვილი თუ მართლა წავა, არ ვიცი წავა-არ წავა, მაგ კაცს მტერი ენდო, დატოვებს ოდნავ უფრო პლურალისტურ ქვეყანას გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით და გაცილებით უფრო ღარიბ და უპერსპექტივოს, ვიდრე ჩაიბარა 2012 წელს. ეს არის რეალობა და თუ მართლა გადაწყვიტა წასვლა, დიდი ალბათობით მხოლოდ იმიტომ, რომ გაექცეს იმ სამომავლო პრობლემებს, რაც ამ ქვეყანას ელის წინ უახლოეს მომავალში. უბრალოდ ვერ გაართვა თავი ქვეყნის წინსვლას, პერსპექტიულ, წარმატებულ ქვეყნად ჩამოყალიბებას და უბრალოდ უნდა ქუდი დაიხუროს და წავიდეს," - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის თანამდებობის რეალურად დატოვების შემთხვევაში ჩვენ ბევრ ცვლილებებს დავინახავთ, თანამდებობრივსა თუ სხვას, წინააღმდეგ შემთხვევაში რაქვიაშვილის თქმით, ეს მხოლოდ ფორმალური ნაბიჯი იქნება.

"პირველ რიგში თუ მართლა ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან, ჩვენ ამას დავინახავთ იმიტომ, რომ ისეთ ცენტრალიზებულ მართვის სისტემაში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს, თუ ზევიდან იერარქი წავიდა, მართლა წავიდა, ჩვენ დავინახავთ ბევრ ცვლილებას. ეს იქნება თანამდებობების ცვლილება და ზოგადად ურთიერთობის, დამოკიდებულების ცვლილება, ამიტომ ეს ძალიან მალე გამოჩნდება წავიდა თუ არა. თუ ასეთი ცვლილებები არ მოხდა, თუ ჩვენ დავინახეთ, რომ მთავრობა იგივე დარჩა, პოლიტიკური პროცესები იგივე სტილში იმართება, მაშინ ჩავთვალოთ, რომ ეს ფორმალური ნაბიჯი იყო, დე ფაქტო ივანიშვილი დარჩა მმართველობაში, უბრალოდ ფორმალური თანამდებობები დატოვა," - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

ცნობისთვის: ივანიშვილი ირწმუნება, რომ საბოლოოდ ტოვებს პოლიტიკას, თვლის რა, რომ "მისია შესრულებულია".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S