„ოცნების“ წევრთა ნაწილმა ივანიშვილის გადაწყვეტილება მედიით შეიტყო: „ოცნებაში“ ივანიშვილის განცხადებას აფასებენ
11/01/2021 08:23:10 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ წევრთა ნაწილმა, მათ შორის დეპუტატებმა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილების შესახებ, რომ ის ოფიციალურად ტოვებს სახელისუფლებო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას, მედიის და ღია წერილის საშუალებით შეიტყო. მათ შორის აღმოჩნდა, მე–10 მოწვევის პარლამენტის წევრი ვიქტორ სანიკიძეც.
„ტელევიზიით ახლა გავეცანი ინფორმაციას და წერილი მთლიანად არ წამიკითხავს“,– უთხრა „ტვ პირველს“ სანიკიძემ.
მისი თქმით, პარტიაში მსჯელობა არ ყოფილა, ვინ ჩაანაცვლებს ივანიშვილს, პარტიის კიდევ ერთი წევრი მამუკა მდინარაძე კი აცხადებს, რომ ახალი თავმჯდომარის თაობაზე გადაწყვეტილება ბოლომდეა მიყვანილი და მას საზოგადოება უახლოეს დღეებში გაეცნობა.
„შესაძლოა, ვიღაცამ არ იცოდა გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ მე პირადად ეს გადაწყვეტილება გაცილებით ადრე ვიცოდი. არავის უნდა უკვირდეს თუ ვიღაცას პირადად არ შეატყობინა. ფაქტია, რომ ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც ყველა მათგანი ელოდა, რადგან ბიძინა ივანიშვილს ნათქვამი ჰქონდა. ის არასდროს იყო მოსული იმისთვის, რომ ძალაუფლება მოეხვეჭა და შეენარჩუნებინა. სამწუხარო პრაქტიკა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობდა, უნდოდა ერთხელ და სამუდამოდ დაენგრია. ეს ძალიან კარგი მაგალითია ამი“,– ამბობს პარტიის წევრი კახა კუჭავა თემის კომენტირებისას.
რაც შეეხება უშუალოდ გადაწყვეტილებას, საჯარო კომენტარებში მას „ოცნებაში“ დადებითად ერთხმად აფასებენ.
„დღეს ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პარტია, რომელმაც გაიმარჯვა და არის ძალიან გაძლიერებული. გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარე ტოვებს თანამდებობას, რაც კიდევ უფრო მაღალი სტანდარტია ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარების კუთხით. ამიტომ საფუძველს მოკლებულია იმის თქმა, რასაც ამბობთ. პირველ რიგში, ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ეს არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარე ძალიან ამაყად ტოვებს თანამდებობას“,– განაცხადა კუჭავამ.
პარტიის წევრი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილის გადაწყვეტილება გამოწვევაა, რომელსაც პარტიამ თავი უნდა გაართვას.
„ბუნებრივია, ჩემთვის და ყველა ჩემი თანაგუნდელისთვის ადამიანურად გულდასაწყვეტია მისი ეს გადაწვეტილება. ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში უზრუნველყო დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესი. დღეს მან გადაწყვიტა, რომ დემოკრატიული განვითარების შეუქცევად პროცესში მხოლოდ ერთი ადამიანის ფაქტორი და ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არ უნდა იყოს კონკრეტულ პირზე დამოკიდებული, მათ შორის – მასზე და ეს უნდა უზრუნველყოს კიდევ უფრო მეტად. ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევა და ვფიქრობთ, მას უნდა გავუმკლავდეთ და ეს ასეც იქნება. საქართველო გააგრძელებს დემოკრატიულ განვითარებას, იმ გზაზე სვლას, რომელზეც 2012 წლიდან ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქართველმა ხალხმა მოიპოვა. თავად მიაღწია იმას, რომ ეს დემოკრატიის შეუქცევადობა ყოფილიყო უზრუნველყოფილი.
ვფიქრობ, ამ გამოწვევას „ქართული ოცნების“ გუნდი წარმატებით გაართმევს თავს იმიტომ, რომ უკვე არსებობს მყარი ინსტიტუტები და დემოკრატიის ისეთი საფუძვლები ჩაყრილი ისევ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც საბოლოო ჯამში გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარება უნდა უზრუნველყოს“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, თუ ვინმეს აქამდე მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური მმართველი იყო, ეს არის მძიმე შეცდომა:
„არაფორმალური მმართველი“, ეს ტერმინი გვესმოდა მაშინ, როდესაც ის იყო პარტიის ხელმძღვანელი, მმართველი პარტიის ხელმძღვანელი და მისი ხელმოწერით შემოდიოდა პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა საქართველოს პარლამენტში. მაშინაც კი „არაფორმალურ მმართველს“ ამ ტერმინს იყენებდნენ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები და ეს იყო მძიმე შეცდომა“.
„ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილს პოლიტიკაში მუდმივად დარჩენა მიზნად არ ჰქონია, ის დემოკრატიული ლიდერია და რომ ქართულ პოლიტიკაში ისტორიული კვალი დატოვა.
"ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებული განცხადება, პასუხობს ყველა იმ საკითხს, თუ რატომ შემოვიდა ის პოლიტიკაში, რა მიზანი ჰქონდა მას პოლიტიკაში შემოსვლით და ის, რომ მას არასდროს არ ჰქონია მიზნად დასახული პოლიტიკაში მუდმივად დარჩენა, ეს არ არის დემოკრატიული ლიდერის თვისება, როდესაც მას აქვს ამბიცია მუდმივად დარჩეს პოლიტიკაში, ეს არის ავტოკრატიისკენ და ტირანიისკენ მიმართული მიდგომა, მუდმივად დარჩეს ხელისუფლებაში, რა არაჯანსაღი ამბიციაც ჰქონდა 2012 წლამდე არსებულ ხელისუფლებას და მათ ლიდერებს. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ძალიან დიდი და ისტორიული კვალი დატოვა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, ამას შეაფასებს ჩვენი საზოგადოება ეტაპობრივად", –ამბობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თამვჯდომარე.
დავით მათიკაშვილის განცხადებით, „ბიძინა ივანიშვილმა უდიდესი როლი შეასრულა თანამედროველი ქართული პოლიტიკის ისტორიაში: მან 2012 წელს იხსნა ქვეყანა დიქტატურის მოცემულობიდან და სწრაფად განვითარებად ქვეყნად აქცია“:
„მისი ნებაა პოლიტიკიდან შემოსვლა და გასვლა“.
თამარ ტალიაშვილის შეფასებით ბიძინა ივანიშვილი თავისი ცხოვრებით პოლიტიკური ქველმოქმედების საუკეთესო მაგალითია:
„იყო დიდი მამულიშვილი, ნიშნავს გვერდზე გადადო პირადი კომფორტი, სიმშვიდე, კეთილდღეობა, უსაფრთხოება და დაიხარჯო სამშობლოს საქმის კეთებაში, საკუთარი წარმატებისა და სიკეთის თანაზიარი გახადო შენი ხალხი. ამისათვის, ჯერ ერთი, უნდა იყო ძლიერი და მეორეც, ეს სიძლიერე შენი მამულისთვის უნდა გინდოდეს. მარტივი ფორმულაა, მაგრამ ნამდვილად, ძალიან რთული მისაღწევი!
ბიძინა ივანიშვილს ეს გამოუვიდა! სიკეთე გრძელდება!“.
ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას შეფასებით, ივანიშვილი დიდი პოლიტიკოსი და დიდი ქველმოქმედია.
„პოლიტიკაში მოსვლის და პოლიტიკიდან წავლის პროცესი ერთგვარი ქველმოქმედებია აქტია“,– ამბობს თურნავა და დასძენს, რომ ივანიშვილმა დემოკრატიული მმართვის ჰუმანური სტანდარტი დაამკვიდრა.
პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, „საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი იყო ქართული პოლიტიკის შემქმნელი, განმსაზღვრელი ძალა
ყველაზე მნიშვნელოვანი აქ გახლავთ ის, რომ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი მაგალითი, როგორ შეიძლება, დათმო ხელისუფლება მაშინ, როდესაც შენი ქვეყნის ისტორიაში პირველად ძალას, რომელსაც შენ ხელმძღვანელობ და რომლის ლიდერიც ხარ, შენი მოქალაქეები და მოსახლეობა მესამედ უჭერს მხარს და აძლევს ლეგიტიმაციას და მანდატს მართოს ქვეყანა“:
„რა თქმა უნდა, ეს უაღრესად მნიშვნელოვანი მაგალითია და მაგალითი იქნება ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. ეს მანდატი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პირველად საქართველოს ისტორიაში მესამედ მიიღო, არ არის შემთხვევითი და ამ ნდობას აქვს თავისი ახსნა და ამ ნდობაშიც, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს აქვს უმნიშვნელოვანესი როლი. ეს ის როლია, რომლითაც ბოლო რვა წლის განმავლობაში ქვეყანამ მიაღწია სამართლიანობის დამკვიდრებას, ეს ის როლია, რამაც განსაზღვრა ქართული პოლიტიკის ცენტრში ადამიანი და მისი ღირსება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რთული და გამოწვევებით აღსავსე პერიოდი იყო, ამ რვა წლის განმავლობაში, სერიოზული პროგრესი იქნა მიღწეული.
„ამ რვა წლის განმავლობაში, ჩვენ ყველამ ერთად, იმის გათვალისწინებით, რომ იყო უაღრესად რთული და გამოწვევებით აღსავსე პერიოდი, რა თქმა უნდა, მივაღწიეთ სერიოზულ პროგრესს. ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა, სამართალდამცავი სისტემის მუშაობა, ჯანდაცვის სისტემა, ჩვენი ქვეყნის შემდგომი ევროატლანტიკური განვითარება. ეს ყველაფერი არის ის, რასაც ქართულმა მოსახლეობამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი“, - აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, პანდემიაც იყო კიდევ ერთი მაგალითი იმისა, როგორ იდგა ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის თავის მოსახლეობასთან და მოქალაქეებთან იქ, სადაც მოსახლეობას და მოქალაქეებს ყველაზე უფრო სჭირდებოდათ.
„პანდემიაც იყო კიდევ ერთი მაგალითი იმის, როგორ იდგა ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის თავის მოსახლეობასთან და მოქალაქეებთან იქ, სადაც მოსახლეობას და მოქალაქეებს ყველაზე უფრო სჭირდებოდათ და მისი როლი პანდემიასთან გამკლავებაში რა თქმა უნდა, არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარება არის უაღრესად დიდი პასუხისმგებლობა იმ გუნდისთვის, რომელსაც ჩვენმა მოქალაქეებმა დაუჭირეს მხარი არჩევნების პირობებში და რომელიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა. გარდა ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ რვა წლის განმავლობაში იქნა მიღწეული და რასაც საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ მიაღწია, ეს გახლავთ აბსოლუტურად საპარლამენტო დემოკრატია, პროპორციული საარჩევნო სისტემით. ეს არის ის საფუძველი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას და ესეც რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინას დამსახურებაა“, - აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან საბოლოოდ წასვლით განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გადადის გუნდზე:
„ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილი 2011 წელს ქართულ პოლიტიკაში შემოვიდა როგორც ერთადერთი გროსმაისტერი და ერთ წელიწადში საყმაწვილო შამათით დაამარცხა მეხუთეთანრიგოსანი მოძალადეები, რომლებიც, მაშინდელი ოპოზიციის სრული უსუსურობის გამო, ძალიან ბევრს უძლეველი პოლიტიკოსები ეგონა. ეს კომპლექსი მოძალადეებს დღემდე გამოყვათ და სწორედ ამიტომ იყო ბიძინა ივანიშვილი მათი სიცრუის მანქანის მთავარი სამიზნე მთელი ამ წლების მანძილზე. თუმცა, მან საზოგადოებას აჩვენა იმის მაგალითი, რომ სიმართლე აუცილებლად იმარჯვებს სიცრუესა და ბოროტებაზე. პოლიტიკიდან წასვლით, ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისთვის ძალაუფლება არასოდეს იყო მიმზიდველი და მისი ერთადერთი ინტერესი პოლიტიკაში ჩვენი ქვეყნის სწორ რელსებზე გადაყვანა იყო.
სწორედ ამ სულისკვეთებით შეიტანა მან დემოკრატიული გარდატეხა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და დაამკვიდრა ახალი კონსტიტუციური წესრიგი. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა არის სერიოზული გამოწვევა, როგორც ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის, ისე ქვეყნისთვისაც. ბიძინა ივანიშვილი იყო სტაბილურობის უმთავრესი გარანტი ჩვენს ქვეყანაში. ახლა, როდესაც მან მიიღო პოლიტიკის საბოლოოდ დატოვების გადაწყვეტილება, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გადმოდის გუნდზე და თითოეულ ჩვენგანზე, რათა ბოლომდე მივიყვანოთ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებული საქმე.
სწორედ ამ საქმის დაგვირგვინება იქნება საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში, რაზეც ოფიციალურ განაცხადს ჩვენი ქვეყანა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით 2024 წელს შეიტანს“, – წერს „ფეისბუქში“ ირაკლი კობახიძე.


