Accentnews.ge
ივანიშვილი – ხიდაშელზე: "ვთვლი, რომ ამ კაცის ვალი მიმყვება"

ივანიშვილი – ხიდაშელზე: "ვთვლი, რომ ამ კაცის ვალი მიმყვება"

12/01/2021 19:53:54 პოლიტიკა

“ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ დავით ხიდაშელი, რომელმაც ოფიციალური ცნობით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ამსახველი რუქა მოიძია, ქველმოქმედი და გმირია.

როგორც ივანიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ამბობს, მას დავით ხიდაშელი “ვალი მიჰყვება”.

“დათო ხიდაშელი, რომელმაც რუკები მოიპოვა, მე ვიცი მან როგორი საშუალებებით მოიპოვა მან ეს რუკები სხვადასხვა ქვეყნიდან, საკუთარი კაპიტალიც ბევრი დახარჯა და იმის იქითაც ქვეყანას საკმაოდ ბევრს ახმარს. თუკი ვინმეს აქვს იმის განცდა, რომ მე რაღაც განსაკუთრებული გავაკეთე, ეს კაცი არანკლები ქველმოქმედია ჩემზე და არანაკლები პატრიოტი, არანაკლები დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე. მის ყველა ქმედებას მე აბსოლუტურად გმირობად ვთვლი. რაც მან გაუკეთა ქვეყანას, მე ვთვლი, რომ ეს არის ჭეშმარიტი გმირობა. ჩვენ ჩვენს მეზობელთან კამათსაც გადაგვარჩინა და სირცხვილსაც, რომ ჩვენი კულტრული ძეგლი ლამის შუაზე იჭრებოდა. ეს გააკეთა გულწრფელად, თავისი გონებით, შემართებით, რესურსებით, ფინანსებით… მე პირადად უამრავი მადლობა გადავუხადე მას და ვთვლი, რომ ვალი მიმყვება ამ კაცის”, — განაცხადა ივანიშვილმა.

ცნობისთვის: ხიდაშელი აცხადებს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ამსახველი რუკის მოძიება მას ბიძინა ივანიშვილმა 2019 წლის სექტემბერში სთხოვა.

კარტოგრაფების საქმეზე სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა არიან დაკავებული.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას, მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

პროკურატურის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 2007 წლის ჩათვლით პერიოდში შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს და, შესაბამისად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

კარტოგრაფების საქმეს არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და საუბრობენ პოპულისტურ განცხადებებსა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე მმართველი გუნდისა და სახელმწიფოს მხრიდან. მათი განცხადებით, ეს გარემოებები, რასაც წინასაარჩევნო კონტექსტიც ემატება, ბადებს ეჭვს, რომ საქმე პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ემსახურება.

ბრალდებას არცერთი კარტოგრაფი აღიარებს: ნატალია ილიჩოვა ამბობს, რომ 1:200 000 მასტაბის რუკა, რომლის გამოუყენებლობასაც გამოძიება კომისიის წევრებს ედავება, მხარეებს საზღვრის დადგენის შესახებ 1938 წლის შეთანხმების ნაცვლად 1929 წლის შეთანხმებასთან აბრუნებს, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის. ივერი მელაშვილი კი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე დილეტანტურ მიდგომებს ემყარება და მათ არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S