
„ერთი პლუსი აქვს ამ ყველაფერს“ – ბურჯანაძე ზურაბიშვილთან დებატში ჩაერთო
13/01/2021 11:29:56 პოლიტიკა
„დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ჭორვილას გარშემო გახსნილ დებატებში ჩაერთო და მის განცხადებაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას პასუხობს.
ბურჯანაძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს კონტექსტის და ქართული გაგების პრობლემა ყოველთვის ჰქონდა და ვარაუდობს, რომ ამჟამადაც მსგავს მოვლენასთან გვაქვს საქმე.
„ერთი პლუსი აქვს ამ ყველაფერს: საქართველოს მოსახლეობას გაგვახსენდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ჰყავს. ქალბატონ სალომეს ყოველთვის ჰქონდა კონტექსტის და ქართული სწორად გაგების პრობლემა. როგორც ჩანს, ახლაც იგივე პრობლემაა. მე კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს იმ გარემოებას, რომ დიახ, ივანიშვილს ჭორვილაში ცხოვება სჭირდებოდა არა იმიტომ, რომ ჭორვილის დიდი მოტრფიალეა და სხვაგან ცხოვრება ვერ წარმოუდგენია, არამედ იმიტომ, რომ მას სჭირდებოდა დაცვა: მას ჰქონდა სერიოზული პრობლემები თავის ფინანსების და ოჯახის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად იმისა, 5 მილიარდი აქვს, თუ 5 ლარი, შეუძლია, საცხოვრებელი ადგილი თავად აირჩიოს, ამაში მე არ ვერევი. მაგრამ როცა გვატყუებენ და სანგარში ყოფნას განსაკუთრებულ პატრიოტიზმად გვაჩვენებენ... მე თავს ვერ მოვიტყუებ.
რამდენად ადექვატურია ის [სალომე ზურაბიშვილი – რედ.] თავის განცხადებებში, ეს კარგად გამოჩნდა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების დროს. როდესაც მე მსგავს არაადექვატურობას საგარეო საქმეთა სამინისტროში ვხედავდი, ბუნებრივია, ამაზე რეაქცია მქონდა, მაგრამ მისი გაშვება ჩემი დამსახურება ნამდვილად არ ყოფილა“,– ამბობს ბურჯანაძე პასუხის პასუხისას.
ცნობისთვის: ნინო ბურჯანაძემ 11 იანვარს განაცხადა, რომ თუ ადამიანს რამე არ უჭირს, 15 წელი ოჯახს ჭორვილაში არ აცხოვრებდა.
ამასთან, როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, ივანიშვილის ქონება არის თაღლითურად ნაშოვნი და მისი ერთადერთი დაცვა ჭორვილაში ყოფნა იყო:
"ბევრ ადამიანს ჰქონდა ეს ინფორმაცია, მაგრამ დანარჩენ მოსახლეობას კითხვა არ უნდა გაჩენოდა ეს კაცი მილიარდები რომ აქვს , რატომ ზის 15 წელი ჭორვილაში? ჭორვილიდან ხალხი მორბის. მის ქონებას ემუქრებოდა საფრთხე, მისი ქონება არის ნაშოვნი თაღლითური მეთოდებით, მათ შორის ბევრი ადამიანის გადაგდებით. ზოგი მათგანი რაღაც პერიოდი ციხეში იყო, ზოგი იმ ქვეყანას არის... ის თავს მშვიდად ვერ გრძნობდა, მისი ერთადერთი დაცვა იყო ჭორვილაში ყოფნა.
თქვენ ახლა ნორმალური ფსიქიკის გგონიათ ადამიანი, რომელიც თავისი ნებით, თუ რამე არ უჭირს, 15 წელი ოჯახს ჭორვილაში აცხოვრებს ხუთი მილიარდი რომ აქვს? რა თქმა უნდა, მას არჩევანი რომ ჰქონოდა, ჭორვილაში არ იქნებოდა, მაგრამ წამოვიდა ჭორვილიდან და ახლა მთელი საქართველო გაიხადა დაცვად. მისი ხელისუფლებაში ყოფნა იყო და არის ერთადერთი გარანტია მისი ქონების დაცვის"- თქვა ნინო ბურჯანაძემ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გადაწვეტილების გასაჯაროების შესახებ.
ზურაბიშვილი განცხადებას შეურაცხმყოფელად მიიჩნევს და თვლის, რომ მას პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს.
“ჭორვილა თუ არა ჭორვილა!პოლიტიკური სფეროს სხვადასხვა “ლიდერების” განცხადებებზე კომენტარების გაკეთება არ მჩვევია, თუმცა ამ შემთხვევაში, არათუ დასაშვებად, არამედ აუცილებლადაც კი მიმაჩნია პასუხის გაცემა ისეთ შეურაცხმყოფელ განცხადებაზე, როგორიც ცოტა ხნის წინ გაკეთდა.თურმე “ფსიქიკურად” შეშლილი უნდა იყო, რომ ჭორვილაში 15 წელი იცხოვრო. ეს შეურაცხყოფაა არა კონკრეტული ადამიანისა, როგორც ამ პიროვნებას ჰგონია, არამედ, ზოგადად, ჩვენი სოფლად მცხოვრები მოქალაქეებისა. შეურაცხყოფაა იმ ადამიანებისა, რომლებზეც დიდწილად დგას ჩვენი აწმყო და მომავალი.სწორედ სოფლად მცხოვრებლებმა მოგვიტანეს ბოლო პერიოდის ყველაზე დიდი წარმატებები: მეღვინეობის ტრადიციების აღდგენა, ტურიზმი.
სამაგიეროდ, ვიცით, თუ რა მოუტანა საქართველოს ახლო წარსულში სოფლისა და მთის დაცლამ. ვიცით, ჩვენი წინაპრები როგორ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სოფელს და ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს ჩვენი იდენტობისა და თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. ვინც ამას ვერ აფასებს, ის საქართველოს ნიჭსა და ძალასაც ვერარას გაუგებს.
მე პირადად, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია, ვთქვა, თუ რა დიდი ტკივილი და დანაკლისია, როცა კომუნიზმმა და ემიგრაციამ ჩამოგაშორა სოფელს და მამულს.ნეტავ მქონდეს მეც ჩემი ჭორვილა!”, — დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა ნინო ბურჯანაძის პასუხად „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.