ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია ქართველ მუსლიმებს ბოდიშს უხდის

13-01-2021 15:38:06 საზოგადოება

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია ჩოხატაურში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება. საუბარია სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებზე. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მეზობელი ქრისტიანები მათი სამლოცველოს მოწყობის წინააღმდეგია, რის გამოც მეჩეთი არ აქვთ, 12 იანვარს კი ფიზიკურადაც გაუსწორდნენ, მათ შორის – მოზარდებს.

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია ეპისკოპატის სახელით ბოდიშს უხდის ქართველ მუსლიმებს.

"საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპატის სახელით, ბოდიშს ვუხდით ქართველ მუსლიმებს, რომ მათ კიდევ ერთხელ მიაყენეს შეურაცხყოფა ღმერთისა და ქრისტიანობის სახელით. ძალიან ვწუხვართ, და ვთხოვთ მათ, რომ თუ შეუძლიათ, იმ ღმერთის სახელით, რომელიც მუსლიმებს, ქრისტიანებსა და ებრალებს საერთო გვყავს, კიდევ ერთხელ გვაპატიოთ ეს დანაშაული, რომლიც კიდევ ერთი უკიდურესად სამარცხვინო ლაქაა საქართველოს ინტერრელიგიურ რეალობაში", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს არა მხოლოდ ბუკნარში მომხდარ ინციდენტზე, არამედ ყველა იმ შემთხვევაზე, რომელი დღემდე მომხდარა და "რომელშიც ხელისუფლებაც ყოფილა პირდაპირ თუ ირიბად ჩარეული".

"ისტორია არ გვაპატიებს არც თქვენ და არც ჩვენს კულტურას ფობიების გაღვევიებასა და ხელშეწყობას, თუ მოქმედებით თუ უმოქმედობით.

ჩვენ ასევე მივმართავთ ჩვენი ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებიც წააქეზეს მუსლიმების წინააღმდეგ: ეს ქვეყანა ყველასია, ამ ქვეყანაში ყველას აქვს თავის რწმენის აღმსარებლობის უფლება, ყველას აქვს უფლება თავისი საკულტო ნაგებობა ისე მოაწყოს და ისე ააშენოს, როგორც ამას მისი რელიგია ითხოვს. საქართველო არ არის დაყოფილი მუსლიმებისა და ქრისტიანების მიწებად. ეს ქვეყანა საქართველოს მოქალაქეებისაა, მათი რწმენის, ეთნიკური წარმომავლობისა და კულტურის მიუხედავად.

ჩვენ მივმართავთ ასევე იმ სარწმუნოების მესვეურებს, რომელთანაც თავს აიგივებენ სხვადასხვა ჯურის რელიგიური მოძალადეები: დაგმეთ საჯაროდ ძალადობა და ხელს ნუ შეუწყობთ საქართველოს მოქალაქეებს შორის შუღლის გაღვივებას. ეს თქვენი უწმიდესი მოვალეობაა". - აცხადებს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები