
ელისაშვილი კონსულტაციებს იწყებს – რას ფიქრობენ ოპოზიციაში
13/01/2021 15:18:30 პოლიტიკა
„მოქალაქეების“ დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი პოლიტიკურ კონსულტაციებს იწყებს. პირველ ეტაპზე, ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგი იგეგმება. მიზანი საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური ცვლილებების აუცილებლობის ირგვლივ პოზიციების შეჯერებაა.
"ევროპული საქართველოს" წევრი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილი ირაკლი კობახიძის ინიციატივას ახმოვანებს და არა თავისას.
"ეს არის კობახიძის ინიციატივა, კობახიძეს კი ელისაშვილი ახმოვანებს. ვისთანაც უნდა მივიდეს, ზრდილობა ყველას აქვს, მოუსმენენ და გამოუშვებენ იმით, რითიც მივა. თუ ელისაშვილი ფიქრობს, რომ საარჩევნო რეფორმა საკმარისია, მაშინ რატომ არ შედის პარლამენტში?! უნდა, რომ წყალი აამღვრიოს და არ გამოჩნდეს რომ მოღალატეა, რადგანაც ის თუ პარლამენტში მარტო შევა, მოღალატედ გამოჩნდება," - აცხადებს ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალური მდივანი გიგი უგულავა.
"ნაციონალურ მოძრაობაში" კი აცხადებენ, რომ თუ ნებისმიერ პარტიას სურვილი ექნება მათთან კონსულტაციები გამართოს, საუბარს წინ არაფერი უდგას.
"ჩვენ საქმე გვაქვს ივანიშვილის მიერ უზურპირებულ ხელისუფლებასთან და მათთან გვაქვს მოლაპარაკებაზე მზაობა. თუ ვინმე აპირებს მათი სახელით ელაპარაკოს დანარჩენ ოპოზიციას, მე ეს არ ვიცი. ნებისმიერ თემაზე, რაც არ უნდა მოგვწონდეს ან პირიქით, თუ ნებისმიერ პარტიას სურვილი ექნება ჩვენთან კონსულტაციები გამართონ, საუბარს წინ არაფერი უდგას," - "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე.
პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი კი ელისაშვილს მოუწოდებს, "შევიდეს პარლამენტში და დაწყნარდეს":
"არ მეგულება ოპოზიციაში ისეთი არავინ, ვისაც ელისაშვილი გადაარწმუნებს. გამოჩნდეს ახალი არჩევნების სავარაუდო თარიღი, რომელზეც საუბარს დავიწყებთ, აი ეს არის გამოსავალი. ამ თარიღთან მიმართებაში კი უნდა ვისაუბროთ საარჩევნო სისტემაზე".
ალეკო ელისაშვილის გადაწყვეტილება გაუგებარია ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ფიქრია ჩიხრაძესთვის:
"არჩევნები აუცილებლად ჩატარდება ფუნდამენტური ცვლილებებით, რომელიც განიხილება პაკეტში ვადამდელ არჩევნებთან ერთად. არ მესმის ალეკო ელისაშვილის პოზიცია ცალ-ცალკე შეხვედრებისა, რადგანაც მან ძალიან კარგად იცის თუ რა პოზიცია აქვს ოპოზიციას. გამოკლებული მოთხოვნები ჩვენი მხრიდან არ განიხილება".
ხოლო პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” მმართველი საბჭოს წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ მისთვის სწორია ალეკო ელისაშვილის შეთავაზება, ვინაიდან მათაც პარალელურ რეჟიმში იგივე გააკეთეს.