"არავის მივცემთ შესაძლებლობას, რაიმე სახის პროვოცირება გაუწიონ რელიგიურ ნიადაგზე მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას"
15/01/2021 07:29:08 პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მთავრობა მოქალაქეების უფლებების შეზღუდვას არ დაუშვეს. ამასთან, გახარია ამბობს, რომ "არც არავის მისცემს შესაძლებლობას, რაიმე სახის პროვოცირება გაიწიონ რელიგიურ ნიადაგზე მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას".
როგორც მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, შინაგან საქმეთა სამინიტროს უკვე დაევალა, იქ, სადაც პროვოცირების თუნდაც მარტივი მცდელობა იქნება, უმკაცრესად იმოქმედოს.
"რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ისტორიული ფაქტია და ეს არის ჩვენი სიმდიდრე, ეს არის ის, თუ როგორ ვაშენებდით ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ჩვენს სახელმწიფოს. საქართველოს მთავრობა იყო და იქნება გარანტი თითოეული მოქალაქისთვის კონსტიტუციით უზრუნველყოფილი უფლებების შესრულებისთვის და არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ საქართველოს მოქალაქის უფლებები რაიმე სახით იყოს შეზღუდული, თუმცა ასევე არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ უკანონო ქმედებებით რაიმე სახის პროვოცირება გაუწიონ რელიგიურ ნიადაგზე ჩვენს მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას. შსს-ს უკვე აქვს დავალება, რომ იქ, სადაც იქნება ელემენტარული, მარტივი მცდელობა რომ ხელი შეეწყოს ან პროვოცირება მოხდეს ჩვენს მოქალაქეებს შორის დაპირისპირების, სახელმწიფო და შსს იმოქმედებს უმკაცრესად", - განაცხადა გახარიამ.
ჩოხატაურის სოფელ ბუკნარში მცხოვრები მუსლიმების თქმით, ქრისტიანები მათ ლოცვის საშუალებას არ აძლევენ. ამბობენ, რომ მათ სიფელშივე ერთერთი კერძო სახლი შეიძინეს და იქ სამლოცველო მოაწყვეს, თუმცა, ქრისტიანი მოსახლეობა მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და ლოცვაში ხელს უშლის. 12 იანვარს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 3 მუსლიმს, მათ შორის ბავშვებს. შსს-მ ძალადობის მუხლით დააკავა კაცი, რომელმაც 17 წლის მუსლიმს თავში ქვა ჩაარტყა. 13 იანვარს გურიის გუბერნატორი და ჩოხატაურის მერი მათ მხოლოდ რამდენიმე წუთით შეხვდა. შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
13 იანვრის საღამოს, ჩოხატაურის გამგეობის შენობაში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც როგორც ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, ისე გურიის გუბერნატორი და ბუკნარის მუსლიმი და ქრისტიანი მოსახლეობა ესწრებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ თქვა, სოფელ ბუკნარის მცხოვრებლები "ჩვეულებრივად გააგრძელებენ ცხოვრებას და ლოცვას". იქვე მან მსგავსი შეხვედრების გაგრძელებებიც დააანონსა.
, 14 იანვარს მუსლიმი თემი კვლავ შეიკრიბა ჩოხატაურის მერიასთან. ისინი ითხოვენ პირობას, რომ მუსლიმ მრევლს ლოცვაში ხელი არ შეეშლება.
"ისევ ჩვენ წავალთ კომპრომისზე, არ შევაწუხებთ ქრისტიან ძმებს". - ამბობენ თემის წარმომადგენლები.


