ირაკლი კობახიძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს
16/01/2021 10:13:49 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" ყრილობაზე ირაკლი კობახიძე სახელისუფლებო პარტიის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს.
"ჩვენს განახლებულ გუნდს, ჩვენს პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც დღეიდან ჩემი დიდი ხნის თანამებრძოლი, მეგობარი და ნამდვილად კეთილშობილი ადამიანი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის მასშტაბის პოლიტიკური ლიდერის შემდეგ, რთულია ამ საპასუხისმგებლო პოზიციის დაკავება. თუმცა, თუ კი იმ არაჩვეულებრივი გუნდიდან, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დატოვა, ვინმეს ხელეწიფება უხელმძღვანელოს ჩვენს პარტიას, ეს ირაკლი კობახიძეა",– განაცხადა პარტიის გენმდივანმა კახა კალაძემ.
კობახიძემ ამ თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილი შეცვალა, რომელმაც პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება 11 იანვარს გამოაქვეყნა.
ირაკლი კობახიძე X მოწვევის პარლამენტის უმრავლესობის ლიდერია, ხოლო IX მოწვევის პარლამენტში თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. 2019 წლის 20 ივნისს რუსმა კომუნისტმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა, რასაც მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. ანტისაოკუპაციო აქციის პირველი მოთხოვნა ირაკლი კობახიძის გადადგომა იყო. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ 20 ივნისის აქცია ძალადობრივად დაშალა, კობახიძე თანამდებობიდან გადადგა.
ყრილობა აქციის ფონზე მიმდინარეობს.


