Accentnews.ge
აშშ და ევროკავშირი ნავალნის გათავისუფლებას მოითხოვენ

აშშ და ევროკავშირი ნავალნის გათავისუფლებას მოითხოვენ

18/01/2021 05:42:53 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაკავებას რუსეთის ხელისუფლების კრიტიკოსების გაჩუმების კიდევ ერთი მცდელობა უწოდა და განაცხადა, რომ ის დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს.

მაიკ პომპეოს განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ საკუთარ თავში დარწმუნებულ პოლიტიკურ ლიდერებს არ ეშინიათ ხმების შეჯიბრების და პოლიტიკურ ოპონენტებზე არ ძალადობენ.

„ნავალნიზე კრემლის შეტევა არა მხოლოდ ადამიანის უფლებების დარღვევაა, არამედ შეურაცხყოფაც რუსი ხალხისა, რომლსაც სურს, რომ მისი ხმა გაიგონ“ - დაწერა „ტვიტერზე“ ჯეიკ სალივანმა, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში დაიკავებს ეროვნული უშიშროების საკითხებში მრჩევლის თანამდებობას.

სალივანის განცხადებით, ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს და პასუხი უნდა აგონ მის სიცოცხლეზე თავდასხმის გამო დამნაშავე პირებმა.

რუსი ოპოზიციონერის დაკავება დაგმო ევროკავშირმაც. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ შარლ მიშელმა ალექსეი ნავალნის დაკავებას დაუშვებელი უწოდა და რუსეთის ხელისუფლებას მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

რუსი ოპოზიციონერი, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი ალექსეი ნავალნი, რომელიც აგვისტოს ბოლოს რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით, გერმანიაში ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა. თვითმფრინავი, რომლითაც ნავალნი მგზავრობდა, „ვნუკოვოს“ აეროპორტის ნაცვლად დაეშვა „შერემეტიევოს“ აეროპორტში, სადაც ის დააკავეს.

ოფიციალური ვერსიით, ნავალნიმ დაარღვია ე.წ. „ივ როშეს საქმეზე“ თაღლითობის ბრალდებით შეფარდებული პირობითი მსჯავრით განსაზღვრული ვალდებულებები. რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახური ითხოვს, რომ ალექსეი ნავალნის პირობითი მსჯავრი რეალური სასჯელით შეეცვალოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S