საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის თანმიმდევრობა ცნობილია

18-01-2021 16:07:12 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განმარტებით, განსაზღვრულია საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის თანმიმდევრობა: რომელი ასაკობრივი თუ პროფესიული ჯგუფები ვის შემდგომ აიცრებიან.

„გამოყოფილია დეტალური ჩამონათვალი, პირველი ჯანდაცვის სექტორის მუშაკები, შემდეგ არის ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები და პერსონალი, ასევე 75 წელს ზემოთ პირები - პირველი ჯგუფი, შემდეგ 65-დან 74 წლამდე. უკვე მეორე ფაზის ჯგუფში შედიან სტრატეგიული სერვისების მიმწოდებლები, ეს არის ბაზისური სერვისი, რის გარეშეც ქვეყანა უბრალოდ ვერ გააგრძელებს ფუნქციონირებას. მერე ამას მოჰყვება 55-დან 64 წლის ასაკობრივი ჯგუფი და შემდეგ უკვე მოდის 18-დან 54 წლის ასაკობრივი ჯგუფის პირები, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები, ამის მერე რჩება უკვე მოსახლეობის სხვა ჯგუფები“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისი განმარტებით, ჯამში, ეს რაოდენობა შეადგენს 1 მილიონ 700 ათასამდე ბენეფიციარს, მათთვის კი ჯამში 3 მილიონ 900 ათასი დოზაა საჭირო.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ამბობს, წლის პირველი-მეორე კვარტალი პირველი და მეორე ეტაპის ჯგუფების მოცვას დაეთმობა, შემდეგ დაიწყება მასობრივი ვაქცინაციის კამპანია.

„მერწმუნეთ, ბევრი ვაქცინა, რომელიც დღეს „ფაიფლაინშია“ და ემზადება ავტორიზაციის მისაღებად, დაგვეწევა, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ წლის ბოლომდე ეს ჯგუფები იქნება მოცული, ეს არის გეგმის სცენარი და პროგნოზები“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე განმარტებით, ვაქცინის დანერგვის გეგმის ტექნიკურ ნაწილზე მუშაობა 15 იანვარს დასრულდა. მასში 82 სპეციალისტი იყო ჩართული. ამჟამად ჯანდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტი ამზადებს გეგმის ვერსიას, რაც მთავრობის ადმინისტრაციაში დასამტკიცებლად გადაიგზავნება.

„ვფიქრობ, რომ კვირის ბოლომდე ეს დასრულდება“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

საქართველომ საერთაშორისო „კოვაქს პლატფორმას“ ოფიციალურად შეატყობინა, რომ მზად არის დაავადება COVID-ის გამომწვევი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დასაწყებად.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „კოვაქსისგან“ გასულ კვირაში მიღებულ წერილს, ბოლო ვადის ამოწურვამდე, 18 იანვრამდე უპასუხეს და აცნობეს, რომ Pfizer-ის ვაქცინის ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, საქართველოს შეუძლია აცრა ხვალვე დაიწყოს.

გაბუნია ამბობს, რომ რეალისტურია, ვაქცინაცია თებერვალში დაიწყოს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები