Accentnews.ge
„ეს ჭორაობაა!“ – ახალი ბრალდებები ოპოზიციაში

„ეს ჭორაობაა!“ – ახალი ბრალდებები ოპოზიციაში

18/01/2021 13:22:25 პოლიტიკა

ეს ჭორაობაა!,– ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებელი გიორგი ვაშაძე პარტია „მოქალაქეების“ დამფუძნებლის ეჭვებს პოლიტიკოსის წინააღმდეგ კომპრომატების არსებობასთან დაკავშირებით.

„იაგო ხვიჩიას აქვს ეჭვი, რომ შესაძლოა, რაღაც კომპრომატები აქვთ გიორგი ვაშაძეზე ან სხვა ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ. მაგალითად, გიგა ბოკერიას, ვანო მერაბიშვილს. ეს ეჭვია, მტკიცებულება ნამდვილად არ მაქვს. ორი დღის წინ გიორგი ვაშაძე კმაყოფილი იყო შეხვედრის პერსპექტივით, ჩანიშნული იყო ეს შეხვედრა [ინდივიდუალური მოლაპარაკებები „გირჩს“, „მოქალაქეებსა“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ შორის – რედ.]. უცებ მან გააუქმა შეხვედრა და თქვა, რომ „ამ ფორმატში არ შევხვდებიო“. ეს რა თქმა უნდა, ეჭვებს აჩენს, რომ შესაძლოა, აუხსნელი რამ იდგეს ამ ყველაფრის მიღმა“,– განაცხადა ელისაშვილმა.

ვაშაძემ ელისაშვილის ვერსიას ტყუილი უწოდა.

„ვინმეს რომ ჩემზე რაიმე კომპრომატი ჰქონდეს, დიდი ხნის წინ იქნებოდა გამოყენებული: არაერთხელ მქონია განსხვავებული პოზიციები თუნდაც მის მიერ დასახელებულ პიროვნებებთან. ეს არის ტყუილი, ზღაპარი. ძალიან ვთხოვ ყველას, რომ აქცენტი იყოს „ქართული ოცნება“ და არა ოპოზიცია. ასეთ განცხადებებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ ასეთი პოზიციონირება ხელს უშლის მოლაპარაკებების შედეგიანად დასრულებას. თუ რამე იციან, თქვან, თუ არადა, ჭორაობას თავი დაანებონ. ეს ჭორაობაა! პოლიტიკოსი შეთხზვებით კი არ უნდა იყოს დაკავებული, არამედ საქმის გადაწყვეტით“,– განაცხადა ვაშაძემ ელისაშვილის საპასუხოდ.

თავად იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ კომპრომატებზე საუბარი „ქართული ოცნების“ ნარატივია.

რაც შეეხება თავად შეხვედრას, როგორც თაკო ჩარკვიანმა თქვა, ვაშაძემ დამოუკიდებლად აწონ–დაწონა ვითარება და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

როგორც დაანონსდა, „მოქალაქეები“ ოპოზიციონერ ლიდერებთან კონსულტაციების დაწყებას გეგმავდნენ. მიზანი საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური ცვლილებების აუცილებლობის ირგვლივ პოზიციების შეჯერება იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S