სარჯველაძე - ნავალნიზე: "დიდია საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ პოლიტიკური მოტივებით დაკავებაა"

18-01-2021 19:12:13 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" დეპუტატის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, "დიდია ვარაუდის საფუძველი, რომ ალექსეი ნავალნი პოლიტიკური მოტივებით დააკავეს".

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ეს დაუშვებელი ქმედებაა.

"დიდია საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ ეს არის პოლიტიკური მოტივებით დაკავება და ანგარიშსწორება, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ამაში არათუ მოსაწონი არაფერია, პირიქით, ეს არის დაუშვებელი ქმედება, რომელთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობამ ყველა ძალისხმევა უნდა მიმართოს საიმისოდ, რომ ადამიანის უფლებების დარღვევას ამ მიმართულებით ადგილი არ ჰქონდეს და არავითარი ეჭვი არ არსებობდეს, რომ გაუმართლებელ ბრალდებასთან გვაქვს საქმე", - თქვა სარჯველაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა რეაქცია აქვს ამაზე საქართველოს ხელისუფლებას, ის პასუხობს:

"კონკრეტული ქმედებების დაგმობას, მასზე რეაგირებას და პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას, დაველოდოთ, როგორი იქნება შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების რეაგირება და ამის შემდეგ შეგვეძლება, კონკრეტული დასკვნები გამოვიტანოთ".

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სამართალდამცველებმა მოსკოვის „შერემეტიევოს“აეროპორტში 17 იანვარს, პირობითი სასჯელის დარღვევის მიზეზით დააკავეს. მას 30–დღიანი პატიმრობა შეეფარდა.

ნავალნი ქვეყანაში, გერმანიიდან დაბრუნდა, სადაც ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლის შემდეგ ხუთი თვის განმავლობაში მკურნალობდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები