მელია – ელისაშვილზე: „ემოციური ადამიანია და თავისებურ სიგიჟეში აღმოჩნდა“
21/01/2021 06:32:35 პოლიტიკა
არ მინდა დავიჯერო,– ასე უპასუხა ენმ–ის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჟურნალისტის კითხვას, ხედავს თუ არა პოლიტიკოსი “ქართული ოცნების” კვალს ალეკო ელისაშვილის მოქმედებებში, რადგან “ბევრმა ოპოზიციურმა ლიდერმა ეს დაინახა”.
“აქვს ამას საფუძველი და არ მოსჩვენებიათ [ოპოზიციონერ ლიდერებს – რედ.], იმიტომ, რომ ემთხვევა ბევრი რაღაც. მაგრამ არ მინდა დავიჯერო იმიტომ, რომ ძალიან განსხვავებული ადამიანია, ემოციური ადამიანია და, მე ვფიქრობ, აღმოჩნდა თავისებურ სიგიჟეში, სადაც უკვე ნორმალური ნაბიჯები აღარ გადაიდგმებოდა. ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ შევინარჩუნოთ მაქსიმალური სიმშვიდე და შევინარჩუნოთ რეალური ერთობა”, – განაცხადა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში.
ამასთან, მელიამ განაცხადა, რომ „მოქალაქეების“ დამფუძნებელთან შეხვედრას არ აპირებს, ვინაიდან ელისაშვილს გაცხადებული პოზიცია აქვს პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.
ის ასევე გამოეხმაურა ალეკო ელისაშვილისა და მამუკა ხაზარაძის დაპირისპირებას, რომელიც 19 იანვარს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში მოხდა და აღნიშნა, რომ მომხდარს გამართლება არ აქვს, თუმცა სიტუაციის გამწვავება არ სურს.


