21-01-2021 17:31:21 ანალიზი
ეს სამართლებრივი დოკუმენტი ცალსახად უდიდეს გავლენას მოახდენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში,– ასე აფასებს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი 2008-2016 წლებში ლევან მესხორაძე „აქცენტთან“ 2008 წლის ომზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც წარდგენიდან 13 წლის შემდეგ გამოქვეყნდა.
გადაწყვეტილების მთავარი ღირებულება
როგორც მესხორაძე განმარტავს, მტკიცებულებებით გამყარებული სამართლებრივი დოკუმენტით საერთაშორისო სასამართლოს მიერ პირველად დადგინდა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის ფაქტი და სწორედ ესაა საერთაშორისო ძალის დოკუმენტის პირველი მთავარი და უცვლელი ღირებულება.
„ამ ნაწილში, ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა: დღეის მდგომარეობით, ეს [ოკუპაცია – რედ.] დადგენილი გარემოებაა და საქმის ამ ღირებულებას, სულ რომ არც ერთი ნაბიჯი არ გადაიდგას ამ გადაწყვეტილების აღსასრულებლად (ვიცით, რომ აღსრულებას პრობლემები ექნება), სამომავლოდ ვერაფერი შეცვლის – ეს მომენტი ყოველთვის იქნება დღის წესრიგში“.
გადაწყვეტილების როლი დეოკუპაციის პროცესში
როგორც მესხორაძე განმარტავს, თუ აქამდე საქართველოს არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო ასპარეზზე ბრძოლა საკუთარი არგუმენტებით უწევდა, დღეიდან ევროსასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთისთვის მთავარი ხელშემშლელი ფაქტორი გახდება:
„იცით, რომ რუსეთი ბევრს მუშაობს ქართული ტერიტორიების აღიარების კუთხით. ბუნებრივია, აღიარება პოლიტიკური აქტია. ეს პოლიტიკური აქტი ამ გადაწყვეტილებით სამართლებრივად „მოკვდა“: სამომავლოდ მსგავსი აღიარების აქტი სამართლებრივად ვერ იქნება გამართული და თუ მსგავსი რამ მოხდა, ის დაუპირისპირდება არა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, არამედ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამდენად, რუსეთის ხსენებულმა პოლიტიკამ სამართლებრივად ყველაზე დიდი კრახი განიცადა“.
ამრიგად, მართალია, რამდენიმე სახელმწიფოს მიერ მიღებული პოლიტიკური აქტი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების თაობაზე ამ დრომდეც უკანონოდ მიიჩნეოდა, თუმცა დღეიდან ეს გადაწყვეტილებები პირდაპირ უპირისპირდება საერთაშორისო სამართალს.
„შესაძლოა, ვინმემ დასვას კითხვა, „რუსეთი ოკუპანტი რომ იყო, აქამდე არ ვიცოდითო?“ დიახ, ვიცოდით, მაგრამ ეს აქამდე სამართლებრივად დადგენილი არ იყო. ეს პროცესი საკმაოდ კომპლექსური პროცესია“,– დასძენს მესხორაძე.
გადაწყვეტილება მსხვერპლთა სასარგებლოდ
„სასამართლომ არაერთი მძიმე დარღვევა დაადგინა. ეს კი იმას გულისხმობს, რომ დარღვევები უნდა გამოსწორდეს და ამ კუთხით პასუხისმგებელი რუსეთია. რაც თავის მხრივ გულისხმობს როგორც კომპენსაციის გადახდას, ისე გამოძიების ჩატარებას, პასუხისმგებელი პირების გამოვლენას და მათ დასჯას მასობრივი მკვლელობებისთვის, წამებისთვის, დევნისთვის. ხოლო სადაც ადგილი აქვს განგრძობად პროცესს, უნდა შეწყდეს – ეს ვალდებულებაა. რაც შეეხება კომპენსაციას, სასამართლომ განმარტა, რომ ამ მიმართულებით გადაწყვეტილებას ახლო მომავალში მიიღებს“.
"არ დავივიწყოთ და არ დავავიწყოთ!"
განსხვავებით გადაწყვეტილების პირველი ღირებულებისგან, დარღვევების გამოსწორება და შეწყვეტა რუსეთზე და მისი მხრიდან თანამშრომლობის ხარისხზეა დამოკიდებული, რისი მოლოდინიც არაა და სწორედ აქ იწყება საქართველოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად.
„დოკუმენტი ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ, რადგან შედეგები თავისით არ მიიღწევა. მთავარი მუშაობა სწორედ ამ მიმართულებითაა ჩატარებული, რათა რეალურად გამოვიყენოთ დოკუმენტი ეროვნული ინტერესებისთვის. ეს სამართლებრივ–პოლიტიკური დოკუმენტია და მნიშვნელოვანი ბერკეტია, შეძლო საკუთარი ინტერესების ლობირება ყველა მიმართულებით“.
მესხორაძე მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების აღსრულების კონკრეტული ინსტრუმენტები და ინსტიტუტები არსებობს, მათ შორის, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი – ცენტრალური პლატფორმა:
„ამ პლატფორმაზე მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია: ის, რომ თითოეულ სხდომაზე იქნეს განხილული ეს საქმე, დელეგაციებთან მჭიდროდ ვიმუშაოთ, ვეცადოთ მათი მხარდაჭერის მოპოვებას, რათა გადაწყვეტილება არ იქნება მივიწყებული, რომ რუსეთზე განხორციელდეს ყველა ტიპის ზეწოლა დარღვევების აღმოფხვრის მიზნით კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად. გარდა ამისა, სხვა მიმართულებებით – ბრიუსელში, ვაშინგტონშიც მნიშვნელოვანი იქნება დიპლომატების და სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობა. არ უნდა დავივიწყოთ და არც სხვებს დავავიწყოთ: რუსეთს რომ მოუგო, ამას ინერციით მუშაობა არ შველის – ხუთჯერ მეტი უნდა აკეთო“.
დაეხმარება თუ არა გადაწყვეტილება საქართველოს ჰააგაში
ცნობილია, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურა აგვისტოს ომის დანაშაულებებს იძიებს.
როგორც მესხორაძე განმარტავს, სასამართლოები საერთაშორისო დოკუმენტებით ხელმძღვანელობენ, სტრასბურგის გადაწყვეტილება კი ყველაზე ავტორიტეტულ წყაროდ ითვლება.
„რა თქმა უნდა, სასამართლოს გადაწყვეტილება ჰააგაში საქმის მასალებში ჩაიდება: მნიშვნელოვან როლს ითამაშებს და საქმის ერთ–ერთი ნაწილი იქნება“.
რა დაადგინა სტრასბურგმა
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის 17-მოსამართლიანმა კოლეგიამ დაადგინა:
სასამართლომ 11 ხმით 6-ის წინააღმდეგ დაადგინა, რომ საომარი მოქმედებების აქტიურ ფაზაში (8-დან 12 აგვისტომდე პერიოდში) განვითარებული მოვლენები არ იყო მოქცეული რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში კონვენციის პირველი მუხლის მიზნებისთვის [კონვენციის პირველი მუხლი ამბობს, რომ მხარეები დაიცავენ ყველას უფლებებსა და თავისუფლებებს თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში]. შესაბამისად, სასამართლომ საქართველოს ეს მოთხოვნა დაუშვებლად სცნო.
ამ ეპიზოდის გასაანალიზებლად საქართველოში სტრასბურგის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს ელიან.
„სასამართლო აღნიშნავს, რომ რუსეთს აქვს პასუხსიმგებლობა, გამოიძიოს ფაქტები. ეს არ ნიშნავს რუსეთის როლის გამოთიშვას 6–12 აგვისტოს ფარგლებში. როგორც ჩანს, სასამართლომ იმსჯელა დარღვევებზე, რაც სეპარატისტული ძალების მიერ იყო ჩადენილი, მაგრამ რაკი რუსეთს ვალდებულება აქვს, გამოიძიოს, გულისხმობს, რომ აქვს პასუხისმგებლობაც“,– განმარტავს მესხორაძე.
უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლომ კონკრეტულ დანაშაულებებზე იმსჯელა და არ ყოფილა დავის საგანი, ვინ დაიწყო ომი. უშუალოდ ფაქტების აღწერაში ნათქვამია, რომ „2008 წლის ომი მოჰყვა ორ ქვეყანას შორის მუდმივი დაძაბულობის ხანგრძლივ პერიოდს, პროვოკაციებსა და ინციდენტებს“.
აღწერით ნაწილში ასევე ნათქვამია: „ღამით, 7-დან 8 აგვისტოსკენ გარდამავალ პერიოდში, ქართულმა ძალებმა საარტილერიო შეტევა დაიწყეს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ დედაქალაქ ცხინვალზე. 2008 წლის 8 აგვისტოდან რუსეთის სახმელეთო ძალები შეიჭრნენ საქართველოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით და შევიდნენ მეზობელ რეგიონებში“, იმ ტერიტორიებზე, რომლებიც სადავო ტერიტორიები არ ყოფილა და საქართველოს კონტროლი ვრცელდებოდა.