რუსეთ–საქართველოს ომი – რას წერს დასავლური მედია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

21-01-2021 20:49:34 კონფლიქტები

დასავლური მედია რუსეთ–საქართველოს ​2008 წლის ომის თაობაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილებას ეხმიანება და წერს, რომ ECHR–მა დაადგინა რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკონვენციის მთელი რიგი მუხლების, მათ შორის წამების, მკვლელობის თაობაზე დარღვევა.

"ECHR–ის ვერდიქტის თანახმად, რუსეთმა 2008 წელს საქართველოსთან ომის დროს ადამიანის უფლებათა მთელი რიგი დარღვევები ჩაიდინა და მოსკოვი პასუხისმგებელია ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაზე, მათი სახლების გაძარცვასა და გადაწვაზე.სასამართლომ განაცხადა, რომ კრემლი დამნაშავეა ეთნიკური ქართველების "არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობაში", რაც ასევე გულისხმობს ქართველი ტყვეების წამებასა და ქართველების გაძევებას სამხრეთ ოსეთის რეგიონში მდებარე მათი საცხოვრებელი სახლებიდან", – წერს The Guardian.

როგორც გამოცემა წერს, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების დამცველი სტრასბურგის სასამართლოში ბენ ემერსონი მიიჩნევს, რომ ECHR–ის გადაწყვეტილების გამოცხადება აშშ–ის არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაციის მეორე დღეს "შემთხვევითი არ იყო".

"ECHR–ის ​გადაწყვეტილება, გამოეცხადებინა საბოლოო ვერდიქტი ბაიდენის ინაუგურაციიდან ერთი დღის შემდეგ, ჩემი აზრით, შემთხვევითი არ იყო. ბაიდენი ვლადიმერ პუტინის მიმართ უფრო მკაცრი მიდგომის გატარებას აპირებს, ვიდრე დონალდ ტრამპს ჰქონდა. მრავალწლიანი გაჭიანურების შემდეგ, როგორც ჩანს, ECHR–მა რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტების წინააღმდეგ საბოლოოდ ძლიერი პოზიცია დაიკავა", – განაცხადა ადვოკატმა ბენ ემერსონმა.

​"კრემლს სავარაუდოდ, ECHR–ის ვერდიქტზე მკაცრი რეაგირება ექნება. მოსკოვი ირწმუნება, რომ სასამართლო არის მიკერძოებული და პოლიტიზებული. კრემლი სააკაშვილს [საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი] კონფლიქტის დაწყებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ თავად რუსეთის როლი "პატიოსანი მშვიდობისმყოფელის როლი" იყო", – წერს The Guardian.

რუსეთ–საქართველოს ​2008 წლის ომის თაობაზე ECHR გადაწყვეტილებას ციტირებენ The Associated Press, და The Washington Post და აღნიშნავენ, რომ ვერდიქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეების მიმართ დაირღვა ევროკონვენციით გათვალისწინებული სიცოცხლის, საკუთრების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, თავისუფლად გადაადგილების უფლება, ასევე დაირღვა წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის მუხლები.

რა დაადგინა სტრასბურგმა ომიდან 13 წლის შემდეგ

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის 17-მოსამართლიანმა კოლეგიამ დაადგინა:

1. 11 ხმით 6-ის წინააღმდეგ, რომ საომარი მოქმედებების აქტიურ ფაზაში (8-დან 12 აგვისტომდე პერიოდში) განვითარებული მოვლენები არ იყო მოქცეული რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში კონვენციის პირველი მუხლის მიზნებისთვის;

2. 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ ცეცხლის შეწყვეტის (12 აგვისტოს) შემდეგ განვითარებული მოვლენები ექცეოდა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში;

3. 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა) მუხლებისა და პირველი მუხლის პირველი პროტოკოლით გათვალისწინებული უფლებების (საკუთრების უფლების) დარღვევის პრაქტიკას;

4. ერთხმად, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სამხრეთ ოსურმა ძალებმა დააკავეს ცხინვალში დაახლოებით 10-დან 27 აგვისტომდე პერიოდში, ექცეოდა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში პირველი მუხლის მიზნებიდან გამომდინარე;

5. ერთხმად, რომ ადგილი ჰქონდა მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებების (წმების აკრძლვა) დარღვევის ადმინისტრაციულ პრაქტიკას, — საქართველოს 160-მდე დაკავებული მოქალაქის მდგომარეობისა და მათდამი ჩადენილი ღირსების შემლახავი აქტების სახით, რამაც მათი ტანჯვა გამოიწვია და ჩაითვალა, როგორც არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა;

6. ერთხმად, რომ ადგილი ჰქონდა მე-5 მუხლით გათვალისწინებული უფლებების (თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება) დარღვევის ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რაც დაკავშირებულია საქართველოს მოქალაქეების შერჩევით დაკავებასთან 2008 წლის აგვისტოში;

7. ერთხმად, რომ ცხინვალში 8-17 აგვისტოს პერიოდში დაკავებული ქართველი პატიმრები ექცეოდნენ რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში, პირველი მუხლის მიზნებისათვის;

8. 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ ადგილი ჰქონდა მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებების (წამების აკრძალვა) ადმინისტრაციულ დარღვევას — წამების მსხვერპლნიც ქართველი პატიმრები იყვნენ;

9. 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც სამხრეთ ოსეთში ან აფხაზეთში დაბრუნების საშუალება არ მიეცათ, რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში მოექცნენ;

10. 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ ადგილი ჰქონდა მე-4 პროტოკოლის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უფლებების (გადაადგილების თავისუფლების) დარღვევის ადმინისტრაციულ პრაქტიკას, — ქართველების საკუთარ სახლებში დაბრუნების საშუალება არ მიეცათ;

11. ერთხმად, რომ არ დადგინდა 1-ლი პროტოკოლის მე-2 მუხლის (განათლების უფლების) დარღვევა;

12. ერთხმად, რომ რუსეთის ფედერაციას ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული პროცედურული ვალდებულება, რომ ადეკვატურად და ეფექტურად გამოძიებინა არა მხოლოდ ის მოვლენები, რაც ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ (12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების შემდეგ) მოხდა, არამედ ცეცხლის აქტიურ ფაზაში (8-დან 12 აგვისტომდე პერიოდში) მომხდარი ფაქტებიც;

13. 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ასპექტი;

14. ერთხმად, რომ არ იყოს საჭიროება, სასამართლოს ცალკე შეესწავლა აპლიკანტი მთავრობის (საქართველოს) საჩივარი მე-13 მუხლის დარღვევის შესახებ სხვა მუხლებთან მიმართებაში;1. [მე-13 მუხლი სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალების უფლებას იძლევა ყველასთვის, ვისაც დაერღვა ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, — მას უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება ეროვნული ხელისუფლებისაგან, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა]

15. 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ რესპონდენტმა სახელმწიფომ (რუსეთმა) არ შეასრულა 38-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები;1. [38-ე მუხლი ამბობს, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს მხარეთა წარმომადგენლებთან ერთად და, საჭიროების შემთხვევაში, აწარმოებს გამოძიებას, რომლის ეფექტიანად წარმართვისათვის შესაბამისი სახელმწიფოები მას უზრუნველყოფენ ყველა აუცილებელი საშუალებით].

16. ერთხმად, რომ ჯერჯერობით ვერ იქნება გადაწყვეტილება მიღებული 41-ე მუხლთან დაკავშირებით (ეს მუხლი გულისმხობს სამართლიან დაკმაყოფილებას)სასამართლომ გამიჯნა 8-12 აგვისტოს, ანუ ცეცხლის აქტიურ ფაზაში განვითარებული მოვლენები იმ მოვლენებისგან, რაც ცეცხლის შეწყვეტის შემდგომი (12 აგვისტოდან) პერიოდში განვითარდა.სასამართლომ 11 ხმით 6-ის წინააღმდეგ დაადგინა, რომ საომარი მოქმედებების აქტიურ ფაზაში (8-დან 12 აგვისტომდე პერიოდში) განვითარებული მოვლენები არ იყო მოქცეული რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში კონვენციის პირველი მუხლის მიზნებისთვის [კონვენციის პირველი მუხლი ამბობს, რომ მხარეები დაიცავენ ყველას უფლებებსა და თავისუფლებებს თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში]. შესაბამისად, სასამართლომ საქართველოს ეს მოთხოვნა დაუშვებლად სცნო.

ამ ეპიზოდის გასაანალიზებლად საქართველოში სტრასბურგის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს ელიან.

„სასამართლო აღნიშნავს, რომ რუსეთს აქვს პასუხსიმგებლობა, გამოიძიოს ფაქტები. ეს არ ნიშნავს რუსეთის როლის გამოთიშვას 6–12 აგვისტოს ფარგლებში. როგორც ჩანს, სასამართლომ იმსჯელა დარღვევებზე, რაც სეპარატისტული ძალების მიერ იყო ჩადენილი, მაგრამ რაკი რუსეთს ვალდებულება აქვს, გამოიძიოს, გულისხმობს, რომ აქვს პასუხისმგებლობაც“,– განმარტავს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი 2008-2016 წლებში ლევან მესხორაძე .

იუსტიციის მინისტრის მოადგილის ბექა ძამაშვილის შეფასებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არის სამი უმთავრესი ასპექტი, რომელსაც საქართველო წლების განმავლობაში სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმზე ამტკიცებდა და დღეს უკვე სასამართლოს იურიდიული დოკუმენტით გამყარებულია:

· ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი;

· რუსეთი ახორციელებდა და ახორციელებს ამ ტერიტორიების ოკუპაციას;

· რუსეთმა განახორციელა და ადგილი აქვს განგრძობად ეთნიკური წმენდას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც დღემდე ვერ ბრუნდებიან საკუთარ საცხოვრებელ სახლებში.

“რაც შეეხება 8-12 აგვისტოს პერიოდს, ეს არის აქტიური საბრძოლო მოქმედებების პერიოდი. სტრასბურგის სასამართლოს პირველად მოუწია მსგავსი ხასიათის საქმის განხილვა და პრეცედენტის დადგენა, რამდენად შეუძლია ზოგადად განიხილოს ხოლმე აქტიური [საომარი] მოქმედებების შედეგად წარმოშობილი დავები. ევროპული სასამართლო ადგენს ადამიანის უფლებების დარღვევას და ის მაინცდამაინც არ ერევა სამხედრო კონფლიქტების შეფასებაში.

აქედან გამომდინარეობს 8-12 აგვისტოს პერიოდზე შეფასება. სასამართლომ ფაქტობრივად მიანიშნა, რომ აქტიური მოქმედებების ფაზა არ არის მისი განსახილველი, რადგან ამ პერიოდში მოქმედებს ჰუმანიტარული სამართალი და ევროპული კონვენცია აქტიურად არ ერთვება. შესაბამისად, ეს მარტო საქართველოს კონტექსტში არ არის გასაგები — ევროპულმა სასამართლომ ზოგადი სტანდარტი დაადგინა, რომლის თანახმადაც აქტიურ საომარ მოქმედებებზე ჰუმანიტარული სამართალი (შესაბამისად, სხვა სასამართლოები) უნდა იქნას გამოყენებული”, – განაცხადა ძამაშვილმა და დასძინა, “8-12 აგვისტოს პერიოდიდანაც მთლიანად მშრალად არ გამოსულა რუსეთი — სასამართლომ თქვა, რომ აღნიშნულ პერიოდში ჩადენილი მკვლელობები გამოუძიებლობა სწორედ რუსეთის პასუხისმგებლობაა”.

უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლომ კონკრეტულ დანაშაულებებზე იმსჯელა და არ ყოფილა დავის საგანი, ვინ დაიწყო ომი. უშუალოდ ფაქტების აღწერაში ნათქვამია, რომ „2008 წლის ომი მოჰყვა ორ ქვეყანას შორის მუდმივი დაძაბულობის ხანგრძლივ პერიოდს, პროვოკაციებსა და ინციდენტებს“.

აღწერით ნაწილში ასევე ნათქვამია: „ღამით, 7-დან 8 აგვისტოსკენ გარდამავალ პერიოდში, ქართულმა ძალებმა საარტილერიო შეტევა დაიწყეს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ დედაქალაქ ცხინვალზე. 2008 წლის 8 აგვისტოდან რუსეთის სახმელეთო ძალები შეიჭრნენ საქართველოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით და შევიდნენ მეზობელ რეგიონებში“, იმ ტერიტორიებზე, რომლებიც სადავო ტერიტორიები არ ყოფილა და საქართველოს კონტროლი ვრცელდებოდა.

იხილეთ ასევე: რას შეცვლის სტრასბურგის ისტორიული გადაწყვეტილება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები