სტოლტენბერგი: "ECHR-ის გადაწყვეტილება აძლიერებს ჩვენს მოწოდებას, რუსეთმა პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას"

22-01-2021 17:07:58 საგარეო პოლიტიკა

"რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომის თაობაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ( ECHR ) მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებს ჩვენს მოწოდებას, რუსეთმა პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას", – ამის შესახებ NATO–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში საქართველოს რეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარება და გაიყვანოს ძალები ამ რეგიონებიდან. ECHR ადასტურებს, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევაზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, და რომ რუსეთი ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ამ რეგიონებში. ECHR–ის გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებს ჩვენს მოწოდებას, რუსეთმა დაიცვას კანონი და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო NATO-სთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია.

"ჩვენ საქართველოსთან მჭიდრო პოლიტიკური პარტნიორობა და მყარი პრაქტიკული თანამშრომლობა გვაქვს. COVID-19–ის პანდემიის გამოწვევების მიუხედავად, ალიანსი და საქართველო პარტნიორობის განმტკიცებას განაგრძობენ. NATO-საქართველოს კომისიის დღევანდელ სხდომაზე ჩვენ შევაფასებთ ჩვენი მიღწევები და ვიმსჯელეთ იმაზე, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია. გასულ წელს ჩვენ NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი განვაახლეთ. ჩვენი ძირითადი პრიორიტეტებია: უსაფრთხო კომუნიკაციები, ტრენინგი და წვრთნები;ჩვენი საზღვაო მხარდაჭერისა და სიტუაციური ცნობიერების ამაღლება", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, რუსეთის მიერ სამხედრო წარმოდგენილობის მუდმივ ზრდასა და საქართველოს მიერ რეფორმბის გატარების კუთხით მიღწეულ პროგრესზეც ისაუბრეს.

"განვიხილეთ ის პროგრესი, რასაც საქართველო მიაღწია რეფორმების მიმართულებით. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. რეფორმებში მიღწეული პროგრესი გვაახლოებს ჩვენს საერთო მიზანთან: NATO–ში გაწევრიანებასთან".

ალიანსის გენმდივანმა ავღანეთში NATO–ს მისიაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები