Accentnews.ge
ბავშვები დამლაგებლად: ვინ აგებს პასუხს?

ბავშვები დამლაგებლად: ვინ აგებს პასუხს?

01/02/2021 11:16:36 სამართალი, რეგიონები

ჩხოროწყუში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ძიება იძულების მუხლით გრძელდება, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, გამოკვეთა თუ არა გამოძიებამ მათ შორის, ჩხოროწყუს მეორე საჯარო სკოლის დირექტორის პასუხისმგებლობა. საუბარია საქმეზე, რომელიც 31 იანვარს გახდა ცნობილი: სკოლის მე–7 კლასის მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობის ნაცვლად ჩხოროწყუს მერიის შენობის, მათ შორის, საპირფარეშოების დასუფთავებაში ჩართეს.

სკოლის დირექტორი ნონა თოდუა ამბობს, რომ მას მერიის დასუფთავების სამსახურის უფროსმა ეთერ ჯაფარიძემ მიმართა თხოვნით, რომ ერთობლივი პროექტისთვის ბავშვები სჭირდებოდა და არ დაინტერესებულა, რა პროექტში უნდა მიეღოთ ბავშვებს მონაწილეობა. თავად ამგვარი შრომის ინიციატორი ამბობს, რომ სურდა, ბავშვებისთვის ზნეობრივი მაგალითი მიეცა და თავს დამნაშავედ არ გრძნობს. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჯაფარიძე ხსენებულ თანამდებობას 31 დეკემბრიდან აღარ იკავებს.

ჯაფარიძისგან განსხვავებით „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) იურისტი ანა აბაშიძე პასუხისმგებლობას რამდენიმე მიმართულებით ხედავს:

  • სახელმწიფო,
  • მუნიციპალიტეტი,
  • იძულებითი შრომის ინიციატორი.

ბავშვის უფლებათა კოდექსი ცალსახად ამბობს, რომ სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში ბავშვების ჩართვა (დასუფთავების აქცია, ბუნების მოვლა და ა.შ.), სახელმწიფოსგან წინასწარ მოითხოვს ​დოკუმენტის შექმნას,– ამბობს „აქცენტთან“ აბაშიძე. კერძოდ, განათლების და ჯანდაცვის სამინისტროებს კოდექსი ავალდებულებს, წინასწარ შექმნან დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება კონცეფცია, აქტივობების ჩამონათვალი, ძირითადი პრინციპები. სწორედ აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე ეკონტაქტება მესამე პირი სკოლას. მსგავსი მიდგომა ემსახურება იმას, რომ მაგალითად, ჩხოროწყუში განვითარებული მოვლენები თავიდან იქნეს აცილებული:

„როგორც ჩანს, მსგავსი დოკუმენტი არ არსებობს, რაც უკვე სამინისტროების და სკოლის პასუხისმგებლობაა“.

სკოლის დირექტორი

აბაშიძე ყურადღებას იმ გარემოებაზე ამახვილებს, რომ დირექტორი, რომელიც საგაკვეთილო პროცესისას ბავშვების უფლებებიც დაცვის გარანტორია, არ იყო ინფორმირებული რა სახის აქტივობებში უნდა ჩართულიყვნენ ბავშვები, თუმცა მან ნებართვა მაინც გასცა:

„როგორ შეიძლება, გამვლელმა ბავშვებთან წვდომა იქონიოს, დირექტორის ნებართვაც მოიპოვოს, ბავშვები სადღაც წაიყვანოს, რომლის შინაარსიც დირექტორმა არ იცის, როდესაც ბავშვები სასწავლო საათების პერიოდში სკოლას არიან ჩაბარებულები და მათი ყველა უფლების გარანტია დირექტორის პასუხისმგებლობაა. ამდენად, დირექტორი აღიარებს როგორც მინიმუმ, მის გადაცდომას და ამას ვერ გაამართლებს, მშობლების თანხმობა. მინიმუმ, დირექტორთან დაკავშირებით დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს“.

შრომის ინიციატორი

აბაშიძე ხედავს მესამე პირს პასუხისმგებლობასაც, რომელმაც მისი შეფასებით, ბავშვები მავნე საქმიანობაში იძულებით ჩართო:

„ვიდეოში ისმის ბავშვის საუბარი, რომ არ სურს იმის გაკეთება, რასაც აკეთებს, მაგრამ იძულებულია, გააკეთოს – ეს მიუთითებს იძულებაზე, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. ამას ემატება ის გარემოებაც, რომ ბავშვებისთვის საფრთხის შემქმნელ გარემოში მოხდა ბავშვებს გაყვანა: პანდემიის პერიოდში სოციალურ აქტივობებში ბავშვების ჯგუფური მონაწილეობა.

გარდა ამისა, რა სასარგებლო დანიშნულება აქვს ბავშვების საპირფარეშოების დალაგებაში ჩართვას, ამას ვერავინ ახსნის: ზოგადად, სოციალური აქტიურობა, საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობა კარგი მიზანია ბავშვებთან მიმართებაში, მაგრამ ცხადია, ეს არ ეხება ვიღაცის შინამოსამსახურეობას“.

მუნიციპალიტეტი

„მუნიციპალიტეტსაც აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა: როდესაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მისი სახელით ხდება ბავშვების გარკვეულ აქტივობებში მონაწილეობა, იგივე ბავშვთა კოდექსის თანახმად, მინიმუმ, ხელშეკრულება უნდა ჰქონდეს გაფორმებული იმ ადამიანთან, რომელიც ბავშვების მობილიზებას უზრუნველყოფს. უნდა ვხედავდეთ მიზანს, ვინ არის ზედამხედველი, ვინ არის პასუხისმგებელი, რომ ამ აქტივობას მავნე ზეგავლენა არ ექნება ბავშვებზე და ა.შ.“.

მშობლები

„საინტერესოა, მშობელს რა ტიპის ინფორმაცია ჰქონდა. მაგალითად, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია, რომ ბავშვს მერიის შენობა, საპირფარეშო უნდა დაელაგებინა? ეჭვი მაქვს, რომ მათ მსგავსი ინფორმაცია არ ექნებოდათ. ხოლო თუ ჰქონდათ და იძულებაში მშობლებიც მონაწილეობდნენ, ის იმუნიტეტით ვერ სარგებლობს: მან ისევე უნდა აგოს პასუხი ბავშვის იძულებაზე, როგორც ნებისმიერმა მესამე პირმა“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S