
"გარეჯის საკითხის პოლიტიზირება ჩვენი ქვეყნისთვის მაღალი რისკის შემცველია"
01/02/2021 11:36:44 საგარეო პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ყველამ თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი სიტყვისა და ნაბიჯისგან, რომელმაც, შესაძლოა, დავით გარეჯის საკითხის პოლიტიზირებას ხელი შეუწყოს.
"დავით გარეჯის საკითხის ნებისმიერი სახით, ნებისმიერი მხარის მიერ პოლიტიზირება არის უაღრესად მაღალი რისკის შემცველი ჩვენი ქვეყნისთვის იმიტომ, რომ ეს იმდენად სენსიტიური საკითხია... ყველას უნდა გვეყოს პასუხისმგებლობა და დაველოდოთ იმ საგამოძიებო პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს. ვერ გამოყოფ ვერავის, ეს საერთო, ეროვნული, სახელმწიფოებრივი მიდგომა უნდა იყოს, ჩვენ ყველამ თავი უნდა შევიკავოთ ნებისმიერი ნაბიჯისგან, ნებისმიერი სიტყვისგან, რომელმაც შეიძლება, თეორიულადაც კი, დავით გარეჯის საკითხის პოლიტიზირებას ხელი შეუწყოს. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ გარეჯის მომავალსაც და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან ურთიერთობასაც", - განაცხადა პრემიერმა.
დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში ბრიფინგი გამართა და დავით გარეჯის საკითხზე "ნაციონალური მოძრაობა" "მავნებლური პროპაგანდის" წარმოებაში დაადანაშაულა.