"ოცნებამ" ოპოზიციის 51 დეპუტატისთვის მანდატების შეწყვეტისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა

02-02-2021 12:11:46 საშინაო პოლიტიკა

"ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციის 51 დეპუტატისთვის მანდატების შეწყვეტისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა. შესაბამისი განცხადება პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

მისი თქმით, ეს "პრაგმატული გადაწყვეტილება რამდენიმე ძირითად მოსაზრებას დაეფუძნა".

"საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე, ოპოზიციის წარდგენით არჩეული 51 დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტისგან თავის შეკავების თაობაზე. „ქართული ოცნების“ ეს პრაგმატული გადაწყვეტილება დაეფუძნა რამდენიმე ძირითად მოსაზრებას: - რადიკალური ოპოზიცია პროცედურული ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობს განახორციელოს ის, რასაც ჩვენ ვუწოდებდით პარლამენტის საბოტაჟს და რაც გასულ ორშაბათს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კიდევ უფრო მწვავედ შეაფასა, როგორც დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა. დღეს, საქართველოს პარლამენტში უკვე წარმოდგენილია სამი პოლიტიკური პარტია. შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის მიერ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის ყოველგვარი მცდელობა წარუმატებლობისთვის არის განწირული. თუმცა, ჩვენ მხედველობაში მივიღეთ ის გარემოება, რომ იმ დეპუტატებს, რომლებმაც წარადგინეს განცხადებები სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის თაობაზე, საპარლამენტო არჩევნებში მხარი ამომრჩევლის 39-მა პროცენტმა დაუჭირა. შესაბამისად, ჩვენ ამ დეპუტატებს მივეცით კიდევ ერთი შესაძლებლობა, პატივი სცენ მათი მხარდამჭერების ნებას, რომელთა ორი მესამედი, როგორც ეს უკანასკნელმა სოციოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, მათი ფავორიტი პარტიების პარლამენტში შესვლის მომხრეა;

გარდა ამისა, ჩვენ გავითვალისწინეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულება საკითხისადმი, რომელიც რადიკალური ოპოზიციისთვის კონსტრუქციულ რელსებზე გადასვლის კიდევ ერთი შანსის მიცემისკენ იხრება.

ბოლოს, გვაქვს ინფორმაცია, რომ დამატებით 20-მდე ოპოზიციონერ დეპუტატს სურს პარლამენტში შემოსვლა, თუმცა, შანტაჟისა და ბულინგის გამო ვერ ახერხებენ დღემდე ამ ნაბიჯის გადადგმას. შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ამ დეპუტატებს მივცეთ საპარლამენტო მანდატების შენარჩუნების კიდევ ერთი შესაძლებლობა.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება არ ნიშნავს ჩვენი და ჩვენი მხარდამჭერების დამოკიდებულების ცვლილებას რადიკალური ოპოზიციის მიმართ. ჩვენი პოზიცია უცვლელია იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მონაწილეობა საპარლამენტო და პოლიტიკურ პროცესებში ასრულებს თვისებრივად უარყოფით და კონტრპროდუქტიულ როლს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის. თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილ მოსაზრებებზე დაყრდნობით, ჩვენ დღეს მათთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტისგან შევიკავებთ თავს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს მანევრირების ძალიან დიდი რესურსი, მაშინ, როდესაც რადიკალურ ოპოზიციას აქვს მხოლოდ ორი არჩევანი: პარლამენტში შესვლა ან არშესვლა. გვესმის, რომ ორივე არჩევანი მათთვის რთული და პრობლემურია, თუმცა, შეგახსენებთ, რომ ამ მდგომარეობაში მათ თავისივე არასწორი ქმედებებით ჩაიყენეს თავი", – განაცხადა კობახიძემ.

დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს. შესაბამისად, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, საკითხი კენჭისყრისას ჩავარდება და ოპოზიციის საპარლამენტო საქმიანობის თემა კვლავ ღიად დარჩება.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ოპოზიციამ, საერთო ჯამში, 60 მანდატი მოიპოვა. თავდაპირველად ყველა ბარიერგადალახულმა პარტიამ არჩევნების ოფიციალურ შედეგებს უნდობლობა გამოუცხადა და პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა. მოგვიანებით საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში ჩართვის გადაწყვეტილება მიიღო “პატრიოტთა ალიანსიდან” გამოსულმა 4-მა და პარტია “მოქალაქეების” 2-მა დეპუტატმა. საპარლამენტო საქმიანობაში ამ დრომდე არ მონაწილეობს, თუმცა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებები არ დაუწერია “გირჩის” სამ წარმომადგენელს: იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილსა და ალექსანდრე რაქვიაშვილს.

კენჭისყრამდე ოპოზიციასა და უმრავლესობას მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციას – ამომრჩევლების პატივისცემისკენ, “ქართულ ოცნებას” კი ნაადრევი გადაწყვეტილების მიღებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები