ნანუაშვილი – წულუკიანზე: "დაუყონებლივ უნდა მოხდეს შესაბამისი ორგანოს მხრიდან რეაგირება"

02-02-2021 15:50:43 კომენტარი

იუსტიციის ექს–მინისტრის, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანის ქმედებას კანონდარღვევად აფასებს ყოფილი ომბუდსმენი, უფლებადამცველი უჩა ნანუაშვილი. საუბარია წულუკიანის მიერ „მთავარი არხის“ გენდირექტორის ნიკა გვარამიას პირადი სატელეფონო ნომრის ღია ეთერში გასაჯაროებაზე.

ნანუაშვილი „აქცენტთან“ რამდენიმე პრობლემურ მხარეზე ამახვილებს ყურადღებას:

  • კანონმდებლის მხრიდან კანონის დარღვევა;
  • ფსიქოლოგიური ძალადობის შესაძლებლობა;
  • დაბალი პოლიტიკური კულტურა.

„არსებობს პერსონალური მონაცემების შესახებ კანონი, სადაც ცალსახადაა მითითებული, რომ ეს მონაცემები დაცულია და მხოლოდ იმ შემთხვევაშია განსაჯაროება შესაძლებელი, თუ არსებობს საჯარო ინტერესი. ამ შემთხვევაში მსგავსი აუცილებლობა არ დგას, არ არსებობს შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილება. ამრიგად, პირდაპირ შეიძლება, ითქვას, რომ ეს კანონის დარღვევაა და დაუყონებლივ უნდა მოხდეს შესაბამისი ორგანოს მხრიდან (სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი) რეაგირება: შეისწავლოს და შესაბამისი პასუხისმგებლობა დააკისროს ნებისმიერ ადამიანს. მით უფრო, როდესაც საუბარია საჯარო პირზე, პარლამენტის წევრზე, რომელმაც კანონი დაარღვია“,– ამბობს ნანუაშვილი და იხსენებს წულუკიანთან დაკავშირებით წარსულში არსებულ დავებს – „მოგეხსენებათ, ეს მისი მხრიდან პირველი შემთხვევა არაა: შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილებაც არსებობს, როდესაც წულუკიანი მინისტრობის პერიოდში კანონს არღვევდა“.

ნანუაშვილის ფსიქოლოგიური ძალადობის შესაძლებლობაზეც ამახვილებს ყურადღებას:

„ეს ფაქტობრივად, კონკრეტულ პირზე ფსიქოლოგიური ძალადობაცაა: საუბარია პირის ნებართვის გარეშე პირადი სატელეფონო ნომრის გასაჯაროებაზე. ამის უფლება არანაირად არ ჰქონდა [წულუკიანს], მით უფრო, რომ ეს ქმედება ნაკარნახევია კონკრეტული პოლიტიკური მიზეზებით“.

ნანუაშვილის შეფასებით, მსგავსი ქმედებები ხელს უწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის ზრდას:

„კონკრეტული ადამიანი, ამ შემთხვევაში, ოპონენტი გამოყვანილია, როგორც, სამიზნე და ამას შესაძლებელია, მოჰყვეს მთელი რიგი ქმედებები, როგორც ეს მოხდა თუნდაც ცოტა ხნის წინ სხვა საქმესთან დაკავშირებით“.

ხოლო თავად ის ფაქტი, რომ კანონმდებელი არღვევს მოქმედ კანონს, ნანუაშვილის შეფასებით, ორმაგად საზიანოა ჯამში სახელმწიფოსთვის:

„პარლამენტის წევრის მხრიდან მსგავსი ქმედება ალბათ, პოლიტიკური კულტურის პრობლემასაც ნათლად აჩვენებს: პარლამენტის წევრი კანონშემოქმედი უნდა იყოს, ხოლო როდესაც თავად არღვევს არსებულ კანონს და მას ვიწრო პოლიტიკური თუ პირადი მიზნებისთვის იყენებს, ეს ორმაგად საზიანოა სახელმწიფოსთვის“.

„აქცენტი“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დაუკავშირდა. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ომბუდსმენის აპარატში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ვიდეოს სწავლობენ.

განახლება

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი არეგულირებს მონაცემთა დამუშავების, მათ შორის, გასაჯაროების საკითხებს. აღნიშნული კანონი, რომლის მიზანი ადამიანის პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების დაცვაა, ამომწურავად ჩამოთვლის იმ შემთხვევებს, როდესაც დასაშვებია პერსონალური მონაცემების გასაჯაროება.

მიუხედავად იმისა, რომ ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი ინტერნეტსივრცეში საჯაროდ ხელმისაწვდომია, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეისწავლის, იყო თუ არა ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის დამუშავებისას სახეზე ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონაცემთა გასაჯაროების საფუძველი და შეესაბამება თუ არა აღნიშნული მონაცემის ასეთი ფორმით არსებობა და გამჟღავნება კანონს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ნებისმიერი პირი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს სხვისი პერსონალური მონაცემების დაცვას. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა საქმე მონაცემთა ფართო წრისთვის გასაჯაროებას ეხება",- განუცხადეს "აქცენტს" სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები