Accentnews.ge
"შავი სიები" ახალგორში: "რეგიონს ტოვებენ როგორც ქართველები, ისე ოსები"

"შავი სიები" ახალგორში: "რეგიონს ტოვებენ როგორც ქართველები, ისე ოსები"

04/02/2021 10:08:00 კონფლიქტები

კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი ოკუპირებული ახალგორის მოსახლეობისგან დაცლის საფრთხეზე საუბრობს და ხელისუფლებას ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებს. საუბარია ჯერ კიდევ 2019 წელს გამწვავებული ვითარება, როდესაც წნელისის კრიზისის გამო დე ფაქტო ხელისუფლება ოფიციალური თბილისის შანტაჟს შეუდგა.

როგორც კანაშვილი ამბობს, იკვეთება ტენდენცია:

  • „შავი სიები“;
  • რეგიონს მოსახლეობა ტოვებს.

„მოგეხსენებათ, წნელისის მოვლენების შემდეგ [საპოლიციო საგუშაგო დადგა საქართველოს შს სამინისტრომ – რედ.] – 2019 წლის სექტემბრიდან დაიხურა გადასასვლელები. შედეგ გარკვეული პერიდულობით ხსნიდნენ – ადამიანების ნაწილს დანარჩენ საქართველოში გადმოსვლის საშუალებას აძლევდნენ გადაადგილებისთვის განკუთვნილი სპეცსაშვებით, შემდეგ დაიწყო პანდემია და სრულად დაიხურა გადასასვლელები, 2020 წლის სექტემბრიდან კი კვლავ დაიწყეს საშვების გაცემა, თუმცა გასული წლის ბოლოს ორი მომენტი გამოიკვეთა:

ახალგორში ჩატანილი 100–მდე საშვი მხოლოდ 30 ადამიანს გადაეცა, რადგან აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრმა მოქალაქემ გადაწყვიტა რეგიონის დატოვება. მათ დატოვეს ახალგორი და უკან აღარ დაბრუნდნენ;

ახალგორში ჩავიდა „შავი სია“. ხსენებულ სიაში მყოფები ვერ იღებდნენ საშვებს“.

კანაშვილის ინფორმაციით, გასული წლის ბოლოს სიაში 25–მდე ადამიანი მოხვდა, უკვე წელს, როდესაც იანვარ–თებერვალში კლავ განახლდა სპეცსაშვების გაცემა, აღმოჩნდა, რომ „შავი სია“ გაფართოვდა და მასში 100–მდე ადამიანს მოუყარეს თავი.

კანაშვილი ამბობს, რომ ხსენებულ სიაში მყოფ პირებს არანაირი განმარტება არ მიუღიათ, მაგრამ ანალიზი გარკვეულ ტენდენციას კვეთს:

„სიაში მყოფთა უმეტესობა რაღაც ფორმითაა დასაქმებული ადგილობრივ დე ფაქტო საბიუჯეტო სტრუქტურებში: შესაძლოა, იყოს პედაგოგი, მუშაობდეს კლინიკაში, უშუალოდ ადმინისტრაციაში და ა.შ. სიაში მოხვდნენ როგორც ქართველები, ისე ოსები – ადამიანები, რომლებსაც რაღაც ფორმით დანარჩენ საქართველოსთან აქვთ შემხლებლობა. ცდილობენ, ახალგორი მთლიანად მოსწყვიტონ დანარჩენ საქართველოს, კონტაქტებიც კი შეუწყვიტონ ადამიანებს“.

კანაშვილი შიშობს, რომ მსგავსი ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, ახალგორი მოსახლეობისგან დაიცლება:

„ბევრმა უკვე დატოვა რეგიონი. შეიძლება, ითქვას, რომ ბოლო წლებში მოსახლეობის რაოდენობა განახევრდა. რეგიონს ტოვებენ როგორც ოსები, ისე ქართველები. ეს არის რაიონის იმ ადამიანებისგან წმენდა, რომლებიც თბილისის მიმართ ლოიალურად არიან განწყობილნი, აქვთ სოციალური კონტაქტები“.

კანაშვილი "აქცენტთან" იხსენებს, რომ უშუალოდ ახალგორელების მიმართ მუდმივად მსგავსი პოლიტიკა არ იყო.

„2008 წლის ომის შემდეგ [დე ფაქტო ექს–პრეზიდენტი – რედ.] კოკოითი ჩავიდა ახალგორში, დაიარა ოჯახები „არსად წახვიდეთ, არაფერი გემუქრებათო“. პოლიტიკა ანატოლი ბიბილოვის ე.წ. გაპრეზიდენტების შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა. ვფიქრობ, აქ შიდაპოლიტიკური ფაქტორებიც თამაშობს თავის როლს. იგივე აფხაზეთსაც თუ შევადარებთ, ხაჯიმბას დროს გალის მკვიდრების მიმართ ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება იყო, ბჟანიას დროს უკეთესი დამოკიდებულებაა“.

კანაშვილი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას:

„ვფქრობ, საქართველოს ხელისუფლება სპეციალური პაკეტი დაუნიშნოს ამ მოსახლეობას:პირობითად, უფრო მაღალი პენსია და ა.შ. ეს ვითარებას რადიკალურად ვერ შეცვლის, მაგრამ შესაძლოა, დრო მოვიგოთ. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ არც არაფერი კეთდება. ეს თემა დიდად საერთაშორისო არენაზეც არ ჟღერს. მესმის, რომ ახალგორში ნაკლები მოქალაქე ცხოვრობს, ვიდრე, მაგალითად, გალში, მაგრამ სიმბოლოებს აქვს მნიშვნელობა – როგორ იცავ შენიანებს, რა მიდგომა გაქვს, როგორ პოზიციონირებ“.

ახალგორში არსებულ მძიმე სოციალურ კრიზისზე ხშირად საუბრობს ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი და ოფიციალურ თბილისს უმოქმედობის გამო აკრიტიკებს. საუბრობს, რომ გადასასვლელებიც ჩაკეტვის გამო ადგილობრივები თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ ოჯახის წევრებთან ნობათს პაციენტებს ატანენ.

ამასთან, ამბობს იმასაც, რომ 40–მდე გაიზარდა გარდაცვლილთა რაოდენობა, რომლებიც ახალგორის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის ჩაკეტვას ემსხვერპლნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S