
ესტონეთმა და ლიეტუვამ ზაზა გახელაძისთვის გამოტანილი უკანონო განაჩენი დაგმეს
06/02/2021 12:28:09 კონფლიქტები, საგარეო პოლიტიკა
ესტონეთმა და ლიეტუვამ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სასამართლოს მიერ საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძისთვის გამოტანილი უკანონო განაჩენი დაგმეს.
როგორც ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, "ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევებისთვის".
ლიეტუვას საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ზაზა გახელაძის მიმართ გამოტანილ უკანონო განაჩენი "2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებისა და 2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების აშკარა დარღვევაა"
"ლიეტუვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ერთგული რჩება,“- ნათქვამია ლიეტუვას საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 5 თებერვალს ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.