ვინ მოიგო 2008 წლის ომი სტრასბურგში
08/02/2021 11:07:19 პოლიტიკა
ერი უნდა შეთანხმდეს, რომ არის გარკვეული საკითხები, რომლებიც საერთო მიღწევად უნდა მივიჩნიოთ, მათ შორისაა ეს გამარჯვებული საქმეც,– ასე ეხმიანება „აქცენტთან“იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი 2008-2016 წლებში ლევან მესხორაძე იუსტიციის ექს–მინისტრის კომენტარს, „ოცნების“ ხელისუფლება რომ არა, სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ დავა საქართველოს პირწმინდად ექნებოდა წაგებულიო".
მესხორაძე განმარტავს, რომ საჩივრის 10–წლიანი განხილვის პერიოდი (2008 წლიდან 2018 წლამდე) მოიცავდა რამდენიმე ეტაპს: საჩივარს, სასამართლოს შეკითხვებს, ზეპირი განხილვებს, დამატებითი მტკიცებულებების წარდგენას, პოზიციების დაზუსტებას, მოწმეების დაკითხვას და ა.შ. და მისი დაყოფა მიზანშეწონილი არაა.
„საბედნიეროდ, ყველა ადამიანმა, რომელიც ამ საქმეზე საწყისიდან ბოლო ეტაპამდე იყო ჩართული (ორივე ხელისუფლების დროს), წარმატებით შეასრულა დაკისრებული მოვალეობა და მე მგონი, შედეგიც ამასვე მეტყველებს. როგორც საქართველოს წარმომადგენლისთვის სტრასბურგში, მთავარი იყო, ამ საქმეზე წარმატებისთვის მიგვეღწია და საქმეს კომპონენტებად ვერ დავყოფ.
სასამართლოს ინსტრუქციის შესაბამისად, სამართალწარმოების რამდენიმე ეტაპი იქნა ჩატარებული. 2008 წელს სასამართლოში სარჩელი შევიდა, 2011 წელს წარდგენილი მტკიცებულებების მიხედვით საქმე დასაშვებად გამოცხადდა, რაც სერიოზული წარმატებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო არ განიხილავდა, 2012 წლის შემდეგ დაიწყო არსებითი განხილვა, უკვე დაშვებულ საქმეზე წარვადგინეთ დამატებითი მტკიცებულებები, პოზიციები, დაიკითხნენ მოწმეები და ა.შ.
ამ საქმეს პოლიტიკურ ჭრილში არასდროს განვიხილავდი, რადგან ეს საერო საქმეა და ვფიქრობ, ქვეყანა ერთიანი უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, ვინაა მის სათავეში“.
იხილეთ ასევე: 2008 წლის ომი: რას შეცვლის სტრასბურგის ისტორიული გადაწყვეტილება


