
"დოლგოვი მექრთამე და კორუმპირებულია. ვიბრძოლებ, რომ უკრაინას ასეთი ელჩები არ ჰყავდეს"
09/02/2021 17:56:32 პოლიტიკა
"დოლგოვი მექრთამე და კორუმპირებულია. ვიბრძოლებ, რომ უკრაინას ასეთი ელჩები არ ჰყავდეს", - ასე ეხმიანება საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ელჩ იგორ დოლგოვის მიერ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ გაკეთებულ განცხადებას.
"საქართველოში უკრაინის ელჩი, ბატონი დოლგოვი, რომელიც ოთხი წლის წინ პოროშენკომ დანიშნა ჩემ წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი მიზნით, გადარჩა ზელენსკის დროს და განაგრძობს საქართველოსა და მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში უკრაინის იმიჯის შელახვას. ეს სწორედ ის დოლგოვია, რომელიც პოროშენკოს გუნდთან უნისონში მუშაობდა, რომ უკრაინელი სახალხო დეპუტატები არ გამგზავრებულიყვნენ, როგორც დამკვირვებლები, საქართველოში გასული წლის ოქტომბრის არჩევნებზე", – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, საქართველოში უკრაინის 2 მოქალაქეა უკანონო პატიმრობაში და მათ დასახსნელად უკრაინის საელჩო ბევრს არაფერს აკეთებს:
"უკვე მრავალი თვეა, ორი უკრაინელი კაპიტანი დიაჩენკო და ხომიჩი, ასევე უკრაინული წარმომავლობის ქართველი მიხაილ ბატურინი ჰყავს უკანონო ტყვეობაში ქართულ ხუნტას, რომელმაც, როგორც სომალელმა მეკობრეებმა, დაიჭირა ისინი ზღვაში და ცდილობს, რამე აღიარება გამოსძალოს. ბატონმა დოლგოვმა თითიც კი არ გაანძრია, რათა აღეკვეთა და შეეჩერებინა საქართველოს ხელისუფლების უკანონო ქმედებები და შემოიფარგლა მხოლოდ კონსულის ფორმალური გაგზავნით სხდომაზე და პროკურატურაში. ახლა ის ბედავს ამგვარი განცხადებების გაკეთებას".
მისივე თქმით, ელჩი დოლგოვი უკრაინის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს:
"მიმაჩნია, რომ ელჩი ღრმად კორუმპირებულია. მიმაჩნია, რომ უკრაინის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს და მე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ასეთი ელჩები არ ჰყავდეს არც უკრაინას და არც საქართველოში. მე ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან. ჩემი ღრმა რწმენით, ეს ელჩი მექრთამე და კორუფციონერია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო უკრაინული ინტერესების დაცვასთან, როგორც ეს კარგად აჩვენა ოდესელი მეზღვაურების კონკრეტულმა შემთხვევამ და რომელიც უკვე დიდი ხანია, მჭიდროდ არის დაკავშირებული ქართველი ჩინოვნიკების მრავალ ადგილობრივ კორუმპირებულ ინტერესთან. სამწუხაროდ, ეს არ ეხება მხოლოდ უკრაინის ამ კონკრეტულ ელჩს, არამედ მთელ მსოფლიოში უკრაინის საკმაოდ ბევრ დიპლომატს, რაც უკრაინული დიპლომატიის ეფექტიანობის შემცირების, ასევე საერთაშორისო საზოგადოებაში უკრაინის პოზიციების დისკრედიტაციის და შესუსტების პირდაპირ პროპორციულია. დოლგოვი მადანაშაულებს იმაში, რომ მე მოვუწოდებ ქართველ ხალხს პროტესტის გამოხატვისა და „უკანონო“ დემონსტრაციებისკენ და ეს ელჩი წარმოადგენს ქვეყანას, რომელმაც გადაიტანა ორი მაიდანი, რომლებზეც უკრაინელმა ხალხმა გამოხატა პროტესტი გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ?! ის ჩვეულებრივი საბჭოთა ფუნქციონერია, რომელიც რატომღაც შეიპარა და მოხვდა მაიდანის შემდგომ უკრაინელ ჩინოსნებს შორის".