
მეგობრებმა პუტინს ყირიმში ბრეჟნევის აგარაკი უყიდეს
10/02/2021 14:09:25 პოლიტიკა
სსრკ კომპარტიის ცკ ყოფილი მდივნის ლეონიდ ბრეჟნევის ყოფილი აგარაკი ყირიმში მილიარდ რუბლზე მეტ ფასად მოსკოვის არაპრესტიჟული რაიონის მკვიდრმა, ერთ-ერთ სახელმწიფო სკოლაში საბრძოლო ხელოვნების წრის პედაგოგმა იყიდა. წარმოუდგენელია? - სულაც არა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მის უკან სავარაუდოდ, პრეზიდენტ პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრის კუთვნილი კომპანია დგას, - იუწყება გამოცემა "Проект".
მისივე ინფორმაციით, წინა წლებში არსებული გეგმის თანახმად, ეს აგარაკი, რომელსაც "გლიცინიას" სახელით იცნობენ, პუტინის რეზიდენციად უნდა ქცეულიყო. იგი 1955 წელს სსრკ-ის ფაქტობრივ ლიდერ ნიკიტა ხრუშჩოვისთვის აშენდა, რომელიც თავის დროზე იქ იუგოსლავიის ხელმძღვანელ იოსიპ ბროზ ტიტოს მასპინძლობდა. თუმცა ბრეჟნევი ხშირად ისვენებდა ამ აგარაკზე, იღებდა სტუმრებს, მისი მმართველობის პერიოდში აქ სოციალისტური ბლოკის თითქმის ყველა ქვეყნის ლიდერია ნამყოფი.
ყირიმის ანექსიამდე, 2004 წელს ობიექტი რუსულმა ბანკმა ВТБ-მ იმჟამინდელი კურსით 15 მლნ დოლარად შეიძინა. იმას, რომ აგარაკი პუტინის რეზიდენციად იყო შეძენილი, თავის მემუარებში უკრაინის ექს-პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმაც ახსენებს. გარდა ამისა, ამას ყირიმის პროკურორი ვიქტორ შემჩუკიც აცხადებდა. შესაბამის კონტრაქტს 2004 წელს, ნახევარკუნძულზე პუტინის ვიზიტის დროს მოეწერა ხელი.
მოგვიანებით, როგორც "Проект" აღნიშნავს, უკრაინის სამეურნეო სასამართლომ იმჟამინდელ პრეზიდენტ იუშჩენკოს ზეწოლით კონტრაქტის დეზავუირება მოახდინა და როგორც უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი წარმომადგენელი ყირიმში გენადი მოსკალი აღნიშნავს, სწორედ ეს იქცა მოსკოვსა და კიევს შორის გამუდმებული "გაზის ომების" ერთ-ერთ მთავარ მიზეზად.
2019 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ აგარაკი 1 მლრდ 200 მილიონ რუბლად გაიყიდა და ეს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული გარიგებაა ადგილობრივი ქონების გასხვისების ისტორიაში. მყიდველად გვევლინება კომპანია, რომელიც აუქციონის ჩატარებამდე 8 თვით ადრე დაფუძნდა, მისი გენერალური დირექტორი და ძირითადი კრედიტორი კი მოსკოველი იანის ერმანისია, რომელიც, როგორც "Проект"-მა დაადგინა, მოსკოვის ერთ-ერთ არაპროსტიჟულ უბანში ცხოვრობს და სკოლაში საბრძოლო ხელოვნების წრეში მუშაობს პედაგოგად. მისი კომპანია კი, გამოცემის ინფორმაციით, დაკავშირებულია ბანკ "როსიასთან", რომლის ძირითადი აქციონერი პუტინის უახლოესი მეგობარი იური კოვალჩუკია, ხოლო ყველა ცნობილი აქციონერი - მისი გარემოცვის წევრები.