
რას ითვალისწინებს აშშ–ის კონგრესში წარდგენილი "საქართველოს მხარდამჭერი აქტი"
11/02/2021 10:18:00 საგარეო პოლიტიკა
აშშ–ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა კონგრესმენებმა ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკელი) და ჯერი კონოლიმ (დემოკრატი) "საქართველოს მხარდამჭერი აქტი" წარადგინეს.
„საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ ქვეყნის მიმართ აშშ-ის პოლიტიკას განსაზღვრავს და აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები:
- მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში;
- მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების განვითარებას, მათ შორისაა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, საჯარო სექტორის გამჭირვალობა და ანგარიშვალდებულება, კანონის უზენაესობა და კორუფციის წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევა;
- მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის უფლებას, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და დამოუკიდებელი და სუვერენული არჩევანი გააკეთონ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის, მათ შორის სხვა ერებთან და სხვა ორგანიზაციებთან ქვეყნის ურთიერთობის თვალსაზრისით, სხვა ქვეყნების მიერ ჩარევის, დაშინების და იძულების გარეშე;
- მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ და ევროპულ ინტეგრაციას;
- არ სცნობს რუსეთის ფედერაციის მიერ ძალისმიერი გზით ტერიტორიული ცვლილებების განხორციელებას, მათ შორის საქართველოს რეგიონების – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონი უკანონო ოკუპაციას;
- გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ძალადობრივად ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე დაკავებებს, გატაცებებს და ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის მკველობებს;
- მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას; რუსეთს მოუწოდებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეასრულოს და მხარს უჭერს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთი/ ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ჩამოყალიბებას, ასევე „დევნილთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას. ყველაფერი ეს მნიშვნელოვანია ადგილზე გრძელვადიანი მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
„საქართველოს მხარდამჭერი აქტში" ცაკლე არის გამოყოფილი დახმარების შესახებ დებულებები, რომლებშიც განხილულია აშშ-საქართველოს ურთიერთობები, მათ შორის უსაფრთხოების და კიბერუსაფრთხოების სფეროებში.
კერძოდ, აქტი მიმართავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს და სხვა შესაბამის ორგანოებს, რომ წარმომადგენელთა პალატას და სენატს წარუდგინონ ანგარიში აშშ-ის მიერ უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთვის გაწეული დახმარების შესახებ, რაც სხვა საკითხებთან ერთად ასევე მოიცავს საკუთარი თავდაცვის თაობაზე საქართველოს შესაძლებლობების შეფასებას, მათ შორის ხუთწლიან სტრატეგიას საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით.
აშშ–მა კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს კიბერუსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობასაქართველოსთან. შეერთებული შტატები:
- უნდა დაეხმაროს საქართველოს მთავრობას კომპიუტერული ქსელების მავნე კიბერ–შეტევებისგან დაცვაში. განსაკუთრებით უნდა დაეხმაროს ისეთი ქსელების დაცვაში, რომელიც საქართველოს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ემსახურება;
- უნდა დაეხმაროს საქართველოს შეამციროს დამოკიდებულება რუსული ინფორმაციასა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე;
- უნდა დაეხმაროს საქართველოს, განავითაროს საკუთარი შესაძლებლობები კიბერუსაფრთხოების დაცვის კუთხით;
„საქართველოს მხარდამჭერი აქტში" აღნიშნულია, რომ აშშ–მა უნდა გააძლიეროს საქართველოს დახმარება, რათა ეს უკანასკნელი რუსულ პროპაგანდას გაუმკლავდეს:
- "აშშ-ის პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ პრესის თავისუფლების ხელშეწყობასთან ერთად, გაძლიერდეს საქართველოს შესაძლებლობები, რომ გაუმკლავდეს რუსულ დეზინფორმაციას და პროპაგანდას, რომლის მიზანიც საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა არის".
დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა უნდა გაააქტიუროს მოლაპარაკებები საქართველოსთან ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ასამოქმედებლად.
სანქციების შესახებ დებულებაში, „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ ითვალისწინებს, რომ "აშშ-ის პრეზიდენტი აქტის ამოქმედების დღიდან სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობით სანქციებს დააკისრებს იმ პირებს, რომელთაც აფხაზეთსა და სამხრეთ/ოსეთი ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებში ედებათ ბრალი".