
უკრაინის საგარეო უწყებამ საქართველოს ნოტა გადმოსცა
11/02/2021 12:56:04 პოლიტიკა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვასილი ბოდნარმა კიევში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულ დავით ბოჭორიშვილს საქართველოში ორი უკრაინელის - ვლადიმირ დიაჩენკოსა და იური ხომიჩის იახტის დაკავების გამო საპროტესტო ნოტა გადასცა, - იუწყება «Укринформ» საგარეო უწყების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
«ვასილი ბოდნარმა მოუწოდა ქართულ მხარეს, უზრუნველყოს საქართველოში იახტის დაკავების საქმის სწრაფი და ობიექტური გამოძიება. ქართველ დიპლომატს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გადაეცა მორიგ თხოვნასთან ერთად უკრაინის ხსენებული მოქალაქეებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლისა და მათი გათავისუფლების თაობაზე», – ნათქვამია ინფორმაციაში.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის ამასწინანდელი განცხადებების კონტექსტში მინისტრის მოადგილემ დაადასტურა ოფიციალური კიევის პოზიცია, რომ უკრაინის სახელმწიფო არ ერევა სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში, ხოლო ცალკეული მოქალაქეების კერძო მოსაზრებები არ უნდა აისახებოდეს ქვეყნებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე.
«უკრაინა და საქართველო, რომლებიც რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას განიცდიან, ყველაფრის მიუხედავად, ერთიანობას უნდა ინარჩუნებდნენ, რათა ეფექტურად გაუწიონ წინააღმდეგობა კრემლის საფრთხეს და ერთად მტკიცედ მიიწევდნენ წინ ნატო-ს წევრობისკენ. ამის აღქმა წარუმატებელს გახდის ჩვენი ურთიერთობებისთვის ზიანის მიყენების ნებისმიერ მცდელობას», – აღნიშნა ბოდნარმა.
უკრაინელთა იახტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა, ქართველმა მესაზღრეებმა 2020 წლის ნოემბერში დააკავეს. მის ბორტზე, უკრაინის ხსენებული ორი მოქალაქის გარდა, იმყოფებოდა იახტის მეპატრონე - საქართველოს მოქალაქე მიხეილ ბატურინი. სამივე საქართველოს საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით საპატიმროში გადაიყვანეს, სადაც ისინი ამ დრომდე რჩებიან.
ახლობლები ირწმუნებიან, რომ დაკავებულებს არაფერი დაურღვევიათ, რომ ისინი ღია წყლებში დააკავეს და რომ ამის მიზეზი წმინდად პოლიტიკურია: მიხეილ ბატურინი ადრე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაცვაში მუშაობდა.
თავად სააკაშვილმა რამდენჯერმე საჯაროდ მიმართა უკრაინის ხელისუფლებას მოწოდებით, ამ საქმით დაინტერესებულიყო.