Accentnews.ge
ეუთო–ში ზაზა გახელაძისთვის უკანონო პატიმრობის შეფარდების ფაქტი დაგმეს

ეუთო–ში ზაზა გახელაძისთვის უკანონო პატიმრობის შეფარდების ფაქტი დაგმეს

12/02/2021 05:40:01 კონფლიქტები, საგარეო პოლიტიკა

ეუთო–ში ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სასამართლოს მიერ საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძისთვის უკანონო პატიმრობის შეფარდების ფაქტი დაგმეს. შესაბამისი განცხადებები ორგანიზაციაში აშშ–ის მისიამ და დიდი ბრიტანეთის დელეგაცია გაავრცელეს.

როგორც ეუთო–ში აშშ-ის მისიაში აცხადებენ, ზაზა გახელაძისთვის 5 თებერვალს გამოტანილი "განაჩენი არის კიდევ ერთი მაგალითი რუსეთის მცდელობისა, გააკონტროლოს საქართველოს რეგიონები - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი/ ცხინვალის რეგიონი".

სპეციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ "ეს არ მოხდებოდა, რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები რომ შეესრულებინა".

აშშ-ის მისია რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და ოკუპირებული რეგიონებიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდებს:

„ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, უკან გაიწვიოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და უზრუნველყოს ამ ტერიორიებზე ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდება. სოლიდარობას ვუცხადებთ გახელაძეს და მის ოჯახს და ყველა იმ ოჯახს, რომლებსაც მოუხდათ აუტანათ რუსეთის მჩაგვრელი ოკუპაცია. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოსთან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, საქართველოს მეგობართა ჯგუფში, ეუთოს ფორმატსა და სხვა საერთაშორისო ფორუმებში, რათა რუსეთმა პასუხი აგოს“.

ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების ფაქტს გამოეხმაურა ეუთო–ში დიდი ბრიტანეთის დელეგაციაც და მისი დაუყოვნებელი გათავისუფლება მოითხოვა. "მიმდინარე დაკავებები და ე.წ. ბორდერიზაცია გამიზნულადაა შექმნილი რეგიონში დესტაბილიზაციისთვის და ადმინისტრაციული ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებზე უარყოფით გავლენას ახდენს", – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: 5 თებერვალს რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. საოკუპაციო ძალების მიერ გასული წლის ზაფხულში დაკავებულ ზაზა გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლება "სიცოცხლის ხელყოფის მცდელობასა" და "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას" ედავება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S