
სოხუმი და მოსკოვი სტრასბურგში "აფხაზეთის ინტერესების დასაცავად" მზადებას იწყებენ
12/02/2021 07:17:08 კონფლიქტები
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე მოსკოვში რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში რუსეთის ფედერაციის სრულუფლებიან წარმომადგენელ მიხეილ გალპერინს შეხვდა.
აფხაზური დე ფაქტო უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მთავარ თემას სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილება წარმოადგენდა დავაზე "საქართველო - რუსეთის წინააღმდეგ".
«საუბრისას გამოიხატა ორივე მხარის დაინტერესება რუსი და აფხაზი სპეციალისტების ერთობლივ მუშაობაში იმ მასალების მოსამზადებლად, რომლებიც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში აფხაზეთის რესპუბლიკის ინტერესების დაცვაზე იქნება მიმართული. გამოითქვა მთელი რიგი წინადადებები ამ მიმართულებით მუშაობის გასააქტიურებლად. შეხვედრის დასასრულს გაჟღერდა კონსოლიდირებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და რუსეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გააქტიურების თაობაზე», – ნათქვამია დე ფაქტო უწყების ინფორმაციაში.
მანამდე სოხუმში აცხადებდნენ, რომ სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილებაში "თბილისის კონფრონტაციული განწყობა" დაინახეს.
ცნობისთვის: 21 იანვარს ECHR–მა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე, რომელშიც სარჩელის დიდი ნაწილი (8-დან 6 მუხლი) საქართველოს სასარგებლოდ დააკმაყოფილა. კერძოდ დაადგინა, რომ აგვისტოს ომის პერიოდში, საქართველოს მოქალაქეების მიმართ დაირღვა ევროკონვენციით გათვალისწინებული სიცოცხლის, საკუთრების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, თავისუფლად გადაადგილების უფლება, ასევე დაირღვა წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის მუხლები.
იხილეთ ასევე: 2008 წლის ომი: რას შეცვლის სტრასბურგის ისტორიული გადაწყვეტილება