როდისთვის ვარაუდობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია "კოვაქსის" საშუალებით ვაქცინების მიწოდების პროცესის დაწყებას

17-02-2021 11:14:20 საზოგადოება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია "კოვაქსის" პლატფორმის საშუალებით ქვეყნებისთვის კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინების მიწოდების პროცესის დაწყებას თებერვლის ბოლოდან ვარაუდობს.

ვაქცინების მიწოდების გრაფიკი პლატფორმის წევრი ქვეყნებისთვის მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.

"კოვაქსის" პლატფორმა, რომლის ინიციატორიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაა, მსოფლიოში ვაქცინების სამართლიანი გადანაწილების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა. „კოვაქსის“ მექანიზმით, პირველ ეტაპზე დაგეგმილია Oxford/AstraZeneca–სა და Pfizer/BioNTech–ის ვაქცინების 330 მილიონი დოზის მიწოდება მსოფლიოს 145 ქვეყნისთვის. ვაქცინების მიწოდება თებერვლიდან დაიწყება. „კოვაქსის“ პროგნოზით, ქვეყნებში ვაქცინების დისტრიბუცია ივნისამდე უნდა დასრულდეს. თითოეულ ქვეყანაში სავარაუდოდ, მოსახლეობის 3,3% აიცრება.

პლატფორმის ოფიციალური წევრობა ამარტივებს ვაქცინების პირდაპირ მიწოდებას მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. "კოვაქსის" წევრ ქვეყნებში საქართველოცაა. ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, წინასწარი პროგნოზით, საქართველო „კოვაქსის“ მეშვეობით ვაქცინის 214 050 დოზას მიიღებს. აქედან,

  • Oxford/AstraZeneca – 184 800 დოზა;
  • Pfizer/BioNTech – 29 250 დოზა;

ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 110 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 110 035 725 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 2 429 822 ადამიანი იმსხვერპლა. 84 865 059 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 266 948 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 259 727პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 390 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები