"2020 წელს საქართველოში ნარკოდანაშაულის რაოდენობა შემცირდა, თუმცა ნარკოტიკების შიდა მოხმარება გაიზარდა"

03-03-2021 10:21:19 სამართალი ,საგარეო პოლიტიკა

2020 წელს საქართველოში ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის რაოდენობა შემცირდა, თუმცა ნარკოტიკების შიდა მოხმარება გაიზარდა – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებულ საერთაშორისო ნარკოტიკების კონტროლის სტრატეგიის 2021 წლის ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, პანდემიის გამო 2020 წელს ნარკოტიკების შიდა მოხმარება საქართველოში გაზრდილია, კერძოდ, საუბარია ნარკოტიკებზე, რომლებიც კრიპტოვალუტის საშუალებით ინტერნეტში იყიდება.

"საქართველო მდებარეობს ნარკოტიკების ტრეფიკინგის მთავარ გზაზე, რომლის მეშვეობითაც ოპიუმი, ჰეროინი და სხვა ქიმიური ნაერთების ტრანსპორტირება ხდება. გაყიდვების 56% კანაბისის პროდუქციაზე მოდის, დანარჩენს კი სინთეტიკური ნარკოტიკები და ფსიქოტროპული ნივთიერებები შეადგენს. ეს ტრანზაქციები, ძირითადად, ხდება ისეთი სერვისების გამოყენებით, როგორებიცააა „ტელეგრამი“. 2019 წლის იანვარში ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზით გამოწვეული გარდაცვალების რამდენიმე ფაქტის შემდეგ, კრიმინალურმა პოლიციამ ინტერნეტში ნარკოტიკებთან ბრძოლის დანაყოფი შექმნა. 2020 წელს დანაყოფმა დიდ წარმატებას მიაღწია ნოემბერსა და დეკემბერში“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2018 წელს საქართველოში მარიხუანას პირადი მოხმარებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმა გაუქმდა, შედეგად „მარიხუანას ბრუნვა გაიზარდა“:

„2019 წლის ივლისიდან 2020 წლის იანვრამდე მარიხუანას დიდი მოცულობის ტრანსპორტირების ხუთი შემთხვევა აღიკვეთა. სამხრეთ აფრიკიდან კომერციულ რეისებზე სულ ამოღებული იყო საერთო ჯამში 80კგ. მარიხუანა“.

"პანდემიის გამო საქართველოს მთავრობამ ჩაკეტა საზღვრები. შედეგად, ნარკოტიკების გადაზიდვა 2020 წლის იანვრიდან აგვისტომდე, 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 66%–ით შემცირდა. საერთო ჯამში, საქართველოში ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულების რაოდენობა, 2020 წლის იანვრიდან აგვისტომდე პერიოდში დაახლოებით 32%–ით შემცირდა“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები