"რეგიონში საბოლოო მშვიდობის დამყარებისთვის ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ტერიტორიული მთლიანობის დაცვას"

03-03-2021 16:50:36 საგარეო პოლიტიკა

"რეგიონში საბოლოო მშვიდობის დამყარებისთვის ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ტერიტორიული მთლიანობის დაცვას", – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

"განვიხილეთ უსაფრთხოების საკითხები, ვისაუბრეთ მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ რეგიონში სტაბილურობის დამყარების ნაბიჯებსა და გზებზე. როგორც მოგეხსენებათ, დღის წესრიგში დადგა ასეთი წინადადება, 3+3 ფორმატი, საქართველოს აქვს დიდი რეზერვი და ჩვენ უნდა განვავითაროთ საქართველოსთან ურთიერთობა. ჩვენ ასევე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სამხრივ თანამშრომლობას საქართველ-თურქეთ-აზერბაიჯანს შორის. ასევე, განვიხილეთ ბაქო-თბილისი ყარსი, ბაქო-თბილისი ერზრუმის სტრატეგიული პროექტები, აგრეთვე თანამშრომლობა არა მარტო ჩვენს შორის, არამედ რეგიონისა და შუა აზიის ქვეყნებს შორისაც. რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საბოლოო მშვიდობის დამყარებისთვის ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. როგორც მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რა თქმა უნდა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების ჩათვლით. დღეს განვიხილეთ არამარტო ჩვენს შორის არსებული ორმხრივი თანმშრომლობა, არამედ ვისაუბრეთ გლობალურ საკითხებზეც“, – აღნიშნა, "პირველი არხის" ცნობით, მევლუთ ჩავუშოღლუმ.

მისივე თქმით, თურქეთი მხარს უჭერს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებას:

"ჩვენ ყოველთვის ღიად ვაცხადებთ საქართველოს შესახებ ჩვენს მოსაზრებას. ყველაზე ღიად ვაცხადებთ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე და ერთ-ერთი ის ქვეყანა ვართ, რომელიც საკმაოდ ღიად საუბრობს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ჩვენ ყოველთვის ნათლად ვამბობთ საქართველო-ნატო-ს ურთიერთობებისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ჩვენს მოსაზრებას“.

ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა სავაჭრო ურთიერთობებზე და განმარტა, რომ თურქეთ-საქართველოს შორის სავაჭრო მოცულობა 1,8 მილიარდ დოლარს შეადგენს. თუმცა, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, სავაჭრო ურთიერთობები მეტად უნდა განვითარდეს:

"მოხარებულები ვართ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს ვმასპინძლობთ. საქართველოში მცირე ხნის უკან ახალი მთავრობა შეიქმნა და ბატონი დავითი ხელახლა დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად, ვულოცავთ მას. ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოსთან ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ასი წლის იუბილეს და დღეს, ჩემს მეგობარ დავითთან ვისაუბრეთ, კიდევ როგორ უნდა განვავითაროთ ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობები. ასევე დავიწყეთ უმაღლესი დონის სტრატეგიული მესამე შეხვედრის მოსამზადებელი სამუშაოები. აგრეთვე, კარგად ვითარდება ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები. დიდი ხანია თურქეთი საქართველოს ყველაზე დიდი დსავაჭრო პარტნიორია. ჩვენს შორის სავაჭრო მოცულობა 1,8 მილიარდ დოლარს შეადგენს, მაგრამ კიდევ უფრო უნდა განვავითაროთ, ჩვენი მიზანია, ეს ციფრი 3 მილიონ დოლარამდე გავზარდოთ. დღეს ჩვენ განვიხილეთ ის ნაბიჯები, რისი გადაგმაც შეგვიძლია პანდემიის შემდგომ პერიოდში. ჩვენი მრავალი კომპანია საქართველოში ძალიან დიდ ინვესტიციებს ახორციელებს. ამ ურთიერთოების განვითარებასთან ერთად, ასევე უნდა გადავხედოთ ამ ურთიერთობების იურიდიულ საფუძვლებს და მეტად განვავითაროთ“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თურქეთში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მან პირისპირ და გაფართოებული ფორმატით შეხვედრა უკვე გამართა თურქ კოლეგა მევლუთ ჩავუშოღლუსთან. დაგეგმილია დავით ზალკალიანის შეხვედრა თურქეთის ვიცე–პრეზიდენტ ფუათ ოქთაისთან. ამასთან, ქართველი დიპლომატი ანკარაში ყვავილებით შეამკობს მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები