სოხუმში რუსეთის ყოფილი “ელჩი”: “აფხაზეთი ერთ ნაბიჯშია არშემდგარი სახელმწიფოს სტატუსისგან”

03-03-2021 19:30:46 კონფლიქტები

“აფხაზეთი ერთ ნაბიჯშია არშემდგარი სახელმწიფოს სტატუსისგან”, - თვლის სოხუმში რუსეთის პირველი “ელჩი” სემიონ გრიგორიევი. სოხუმში მიმდინარე მოვლენებს, კერძოდ, ოპოზიციის მხრიდან რევანშის მცდელობას მან დღეს სოციალურ ქსელ “Facebook”-ში პუბლიკაცია მიუძღვნა.

«აფხაზეთში მუშაობის დალოცვილ წლებში ამ სიტყვას ერთ-ერთ აფხაზ მეგობართან საუბრებში ხშირად ვიყენებდით. «დე ჟა ვუ» - ვამბობდით ყოველი შეხვედრისას, თითქოს არც დავშორებულვართ.

სხვა სახის დე ჟა ვუ გამიჩნდა დღეს პარლამენტის შესასვლელთან მომიტინგეთა ფოტოებისა და ვიდეოკადრების დანახვისას. ეს ყველაფერი მეორდება 2004 წლიდან, უბრალოდ ინტერვალები უღმერთოდ მცირდება. და უხეირო ხუმრობასავით – ხელისუფლებისადმი პრეტენზიებიც. ერთ პრეზიდენტს გალის რაიონში ქართველების პასპორტიზაციაში ადანაშაულებდნენ, მეორეს – მტრისთვის ტერორისტების გადაცემაში, ახლა კი მიზეზი კვლავ “ენდურელებთან” კონტაქტებია. და ისევ ის გაბოროტება, ისევ რევანშის წყურვილი.

ძვირფასო მეგობრებო, წამით შეჩერდით და შეხედეთ საკუთარ თავს გვერდიდან. მე მგონი, ერთი მეტრიღა გაშორებთ იმ ზღვარს, რომლის იქითაც აფხაზეთი, რომელიც ასე მიყვარს, «failed state»-ის – არშემდგარი სახელმწიფოს სტატუსს მიიღებს. ჩვენ – რუსეთში თქვენს მეგობრებს ეს ძალიან დაგვწყვეტს გულს. არ გეწყინოთ – რასაც ვამბობ, გულით ვამბობ», – წერს გრიგორიევი.

იხილეთ ასევე: ვემსახურები რუსეთს! - კორუმპირებულმა პრორუსულმა აფხაზურმა ოპოზიციამ რევანში წამოიწყო

ცნობისთვის: "პრეზიდენტი" ასლან ბჟანია, რომლის გუმდის გადადგომასაც მის წინამორბედ რაულ ხაჯიმბას რევანშისტულად განწყობილი მხარდამჭერები "თბილისთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობისა და დიალოგის მოღალატეობრივი ინიციატივების" გამო მოითხოვენ, დღეს მოსკოვში გაემგზავრა, ოფიციალური ინფორმაციით - "გეგმიური სამედიცინო გამოკვლევისთვის".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები