პენტაგონი: „აშშ მზადაა, რუსეთის მხრიდან აგრესიის ფონზე, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარებაში დაეხმაროს“

04-03-2021 23:09:49 საგარეო პოლიტიკა

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„დღეს, თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან სატელეფონო საუბარში დაადასტურა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი მზად არის, რუსეთის მხრიდან აგრესიისა და მავნე გავლენის ფონზე, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარებაში დაეხმაროს“, - ნათქვამია განცხადებაში.

პენტაგონში აღნიშნავენ, რომ სატელეფონო საუბრის დროს მხარეებმა ხაზი გაუსვეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიძლიერეს, რომელიც საერთო ინტერესებსა და ღირებულებებს ეფუძნება.

„მდივანმა ოსტინმა მადლობა გადაუხადა მინისტრ ბურჭულაძეს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველოს წვლილისა და ავღანეთში ქართული ჯარის მიერ გაღებული მსხვერპლისთვის. მინისტრმა ბურჭულაძემ მადლობა გადაუხადა აშშ-ს საქართველოს სამხედრო მოდერნიზაციისა და რეფორმის ძალისხმევისთვის და ხაზი გაუსვა რუსეთის საფრთხეს საქართველოს უსაფრთხოებისთვის. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობა აშშ-სა და საქართველოს შორის უნდა გაგრძელდეს, ხოლო სამომავლო თანამშრომლობა ბოლო წლების მიღწევებს უნდა ეფუძნებოდეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები