Accentnews.ge
ჰოჯესი ანაკლიის პორტზე: "თუ  საქართველოს მთავრობას პროექტის მიმართ სერიოზული მიდგომა აქვს, უნდა დაუკავშირდეს DFC– ს, რასაც აშშ – ის საელჩოს დახმარებით გააკეთებს"

ჰოჯესი ანაკლიის პორტზე: "თუ  საქართველოს მთავრობას პროექტის მიმართ სერიოზული მიდგომა აქვს, უნდა დაუკავშირდეს DFC– ს, რასაც აშშ – ის საელჩოს დახმარებით გააკეთებს"

07/03/2021 10:21:24 ანალიზი

"თუ საქართველოს მთავრობას ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ სერიოზული მიდგომა აქვს, იგი უნდა დაუკავშირდეს "განვითარების საფინანსო კორპორაციას" (DFC– ს), რასაც საქართველოში აშშ – ის საელჩოს დახმარებით გააკეთებს" - ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილმა მეთაურმა, CEPA– ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგემ, ბენ ჰოჯესმა „აქცენტთან“ საუბრისას განაცხადა.

„ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად დასავლური ინვესტიციების მოზიდვა ძალიან რეალურია. პანდემიის მიუხედავად, აშშ–იც და სხვა ქვეყნებიც ინვესტიციებს საზღვარგარეთ კვლავ დებენ. მეტიც, ასეთი ინვესტიციების ჩადება მომავალი თვეების განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება. მთავარია, საქართველომ უცხოური ინვესიტიციებისთვის თავისი თავი უფრო მეტად მიმზიდველი გახადოს. აქ ვგულისხმობ: მართლმსაჯულების სისტემის გამჭვირვალობას; ისეთი კონტრაქტების გაფორმებას, სადაც კორუფციის ნებისმიერი ეჭვი გამორიცხულია; ძლიერ ლიბერალურ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, საგადასახადო წახალისებას და განათლებულ და პროფესიონალ მუშახელს.

მიმაჩნია, რომ საქართველომ რუმინეთთან და უკრაინასთან მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს, რათა აღმოსავლეთ-დასავლეთის ეკონომიკური დერეფანი კიდევ უფრო განავითაროს. ქვეყანამ უნდა იმუშავოს ბრიუსელში და ვაშინგტონში, რათა ამ დერეფნის ეკონომიკური პოტენციალის თაობაზე ცნობიერება ამაღლდეს.

აშშ-ის მთავრობის "განვითარების საფინანსო კორპორაცია" (DFC) არის შესანიშნავი ორგანიზაცია, რომელიც ანაკლიის მსგავს პროექტებს დახმარებას უწევს. თუ საქართველოს მთავრობას ამ პროექტის მიმართ სერიოზული მიდგომა აქვს, იგი უნდა დაუკავშირდეს DFC– ს, რასაც საქართველოში აშშ – ის საელჩოს დახმარებით გააკეთებს“ - განუცხადა „აქცენტს“ ჰოჯესმა.

რაც შეეხება პროექტში ჩინური კომპანიების შესაძლო ჩართულობის საკითხს, გენერალი აღნიშნავს, „რომ როგორც წესი, ჩინეთის მიერ განხორციელებული ინვესტიცია ჩინური მუშახელის დასაქმებას გულისხმობს. შესაბამისად, დასაქმების კუთხით სარგებელი საქართველოსთვის შეზღუდული იქნება. კიდევ ერთი რისკი ე.წ. ვალის ხაფანგია – ვალი საქართველოს ტვირთად შესაძლოა, წლების განმავლობაში დააწვეს“.

„თუმცა ამ ყველაფერთან ერთად ჩინური კომპანიების შესაძლო ჩართულობა რისკია დასავლეთისთვისაც – ევროპის მასშტაბით ტრანსპორტირების ამდენი ინფრასტრუქტურის ჩინურ კონტროლს შეუძლია, საფრთხე შეუქმნას NATO/ აშშ / დასავლეთის ძალისხმევას, როცა საქმე კრიზისის პრევენციას ან კრიზისზე რეაგირებას ეხება.

ვიმედოვნებ, რომ ეს პროექტი მოქმედი მთავრობის მმართველობის პერიოდში განხორციელდება. თუ ეს ასეც მოხდება, ეს ნამდვილად გახდის საქართველოს ევროპისა და ევრაზიას შორის დამაკავშირებელ ჰაბს. ამ შემთხვევაში ქვეყანა ევროპული და ევრაზიული კომპანიებისთვის მთავარი ლოჯისტიკური ცენტრი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ქვეყნები დაიწყებენ ყურადღების გამახვილებას საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტზე. ასევე, შეიქმნება უამრავი სამუშაო ადგილი და გაჩნდება ეკონომიკური შესაძლებლობები საქართველოს მოსახლეობისთვის. თუმცა, მე ვერ ვხედავ ძალისხმევას ან პოლიტიკურ ნებას, რომ ეს გაკეთდეს“ - განუცხადა „აქცენტს“ ჰოჯესმა.

ცნობისთვის: 4 მარტს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ახალ ტენდერს გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა (ADC) და მისმა ჰოლანდიელმა ინვესტორმა, ბობ მეიერმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელი შეიტანეს. სარჩელის შეტანა 2020 წლის 30 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ტედ ჯონასმა და იურიდიული ფირმის, BLC-ის მმართველმა პარტნიორმა ქეთევან ქვარცხავამ დააანონსეს.

სწორედ მათგან გახდა ცნობილი, რომ 2020 წლის 29 ივლისს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ორი დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელი შევიდა, სადაც ანაკლიის პორტის პროექტში მათ დარღვეულ უფლებებზე საუბრობენ და სახელმწიფოსგან ითხოვენ დაახლოებით მილიარდ აშშ დოლარს.

ჯონასმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოთხოვნილ თანხაში გათვალისწინებულია როგორც ანაკლიის ინვესტორების მიერ პროექტში დაბანდებული თანხა, ასევე მოგებაც, რომელიც მათ უნდა მიეღოთ. ერთი სარჩელი კონსორციუმის სახელით საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში (ICC) შევიდა, ხოლო მეორე - ბობ მეიერის სახელით ინვესტიციების დაცვისა და საინვესიტიციო საკითხების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში (ICSID).

2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი.

საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას უწყვეტს.

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” მამუკა ხაზარაძემ დააფუძნა და მასში შედიოდნენ Conti Internmational (აშშ) და TBC Hodling (საქართველო).

ამავე თემაზე:ანაკლია კვლავ „გაცოცხლდა“: ხელიდან გაშვებული თუ ახალი შანსი?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S