ანაკლია კვლავ „გაცოცხლდა“: ხელიდან გაშვებული თუ ახალი შანსი?

05-03-2021 18:17:16 ანალიზი

ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის თემა სახელისუფლებო გუნდის დისკურსში დაბრუნდა ძველი აქცენტით, რომ ინვესტორმა ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო და რომ მთავრობა ახალ ტენდერს უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს. და ალბათ ბევრს გაახსენდა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის პოლიტიკის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადება, როლითაც მან ფაქტობრივად, დაადასტურა მანამდე არსებული ეჭვები: კაკულიამ 2020 წლის 9 იანვარს თემის კომენტირებისას აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინების გამო შეაფერხა და პასუხისმგებლობის ტვირთი ინვესტორზე გადაიტანა:

“მამუკა ხაზარაძე რას გვეუბნება, რომ ეს საფრთხეები არ არსებობს? თუ გვეუბნება, რომ ბიძინა ივანიშვილი ვერ მოაგვარებს ამ საფრთხეებს და ის არის ის პიროვნება, რომელიც თავად მოაგვარებს ამ საფრთხეებს? რუსული საფრთხეების იგნორირება “ნაციონალური მოძრაობის” შემთხვევაში გასაგებია…

5 წელი არა, მაგრამ ბოლო ერთი წელი რატომ დაიკარგა, მაქვს კითხვა. ეს რომ ასე დასრულდებოდა, ისედაც გასაგები იყო. მთავარი საკითხი არის სწორი ორიენტირი საგარეო პოლიტიკაში. რუსეთის საფრთხეების არშეფასება როგორ დაუჯდება ქვეყანას, ვინც ამაზე არ ფიქრობს, არ არის სწორი პოლიტიკოსი“.

რა შეიცვალა? რეგიონში, სადაც ყარაბაღის მეორე კონფლიქტის შემდეგ რუსეთის გავლენები ძლიერდება, უშუალოდ საქართველოსთვის ეს საფრთხეები მოიხსნა და „ქართულმა ოცნებამ“ 9–წლიანი პასიური პოლიტიკიდან, აქტიურ პოლიტიკაზე გადასვლა გადაწყვიტა? მით უფრო, რომ პოტენციური ინვესტორის მოსაზიდად არსებულ პრობლემურ გარემოს: დაძაბულობას რეგიონში, პროექტის უშუალოდ საოკუპაციო ხაზთან განხორციელებას, არასტაბილურ პოლიტიკურ გარემოს, დემოკრატიის დაბალ ხარისხს, პოლიტიკისგან არათავისუფალ მართლმსაჯულებას – სასამართლოს, თავად პროექტის პრეისტორიაც დაემატა: ძველმა ინვესტორებმა საქართველოს მთავრობას საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლეს, რაც პოტენციური სერიოზული ინვესტორისთვის მრავალმილიონიანი ინვესტიციის განხორციელებამდე დაფიქრების საფუძველს უნდა ქმნიდეს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით კომენტატორების მხრიდან გამოითქვა მოსაზრებები, რომ დეკლარირებულ ევროატლანტიკურ გზაზე სვლის რეალურ სურვილთან დაკავშირებით სახელისუფლებო გუნდის მიმართ დასავლელი პარტნიორების მხრიდან გაჩენილი კითხვების შემდეგ, მმართველი გუნდი იმიჯის აღდგენას პროექტზე „ამოფარებით" გეგმავს, ცნობილია, რა აშშ–ის მხრიდან ანაკლიის პორტისადმი სტრატეგიული ინტერესი. ამდენად, ეს მხოლოდ პიარ–სვლაა. მაგრამ, გაჩნდა სხვა კითხვებიც და ეს უკვე ჩინურ ინვესტიციებს უკავშირდება, მით უფრო, რომ ჩინეთის მხრიდან ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი არახალია. ეს კითხვები ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმეორედ გაპრემიერებისთანავე დაისვა, თუმცა ძველ ახალ პრემიერს პასუხის გაცემა საჭიროდ არ ჩაუთვლია: კითხვები უკავშირდება ღარიბაშვილის საქმიანობას ჩინურ კომპანიაში “CEFC China Energy” რომელიც ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წილს ამ დრომდე ფლობს და მას კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალებიც უკავშირდება. ანაკლიასა და ჩინური ინვესტიციების კონტექსტში კი უნდა გავიხსენოთ აშშ–ის იმჟამინდელი სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადება, ჩათვალა რა მან საჭიროდ, რომ ამგვარი გზავნილი 2019 წელს საქართველოს პრემიერ–მინისტრ მამუკა ბახტაძის აშშ–ში ვიზიტისას უნდა გაეჟღერებინა:

„ეს და სხვა პროექტები გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობას თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან და თავიდან ააცილებს საფრთხეს, გახდეს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკური გავლენის მსხვერპლი. ამ მოჩვენებით მეგობრებს საქართველოს ინტერესები არ ადარდებთ“.

საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტ გიორგი გობრონიძეს ანაკლიის პროექტის „გაცოცხლება“ ლოგიკურად მიაჩნია კავკასიის რეგიონში კომუნიკაციების განბლოკვის თაობაზე დაწყებული აქტიური საუბრების ფონზე. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ თემის ხელახალი აქტუალიზაცია ყარაბაღის მეორე ომის შემდგომი რეალობის კონტექსტში უნდა განვიხილოთ:

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ანაკლიის პროექტი არათუ გავაცოცხლოთ, არამედ იყოს სტრატეგიული დანიშნულების ინფრასტრუქტურული ერთეული, რომელიც მოიზიდავს და გაზრდის ჩვენს ფასს დასავლელი პარტნიორების თვალში: გავლენის ზონების განაწილება მეტწილად დღეს მსგავსი ეკონომიკურ სიმძლავრეებზე წვდომის თვალსაზრისით ხდება. კრიტიკული ინფრასტრუქტურა განსაზღვრავს რეგიონში ჰეგემონიის საკითხს. შესაბამისად, რომელი ინვესტორიც იქნება ანაკლიის პორტში მეტად წარმოდგენილი, მას ექნება ჩვენს მიმარულებაზე უფრო მეტი შანსები, შექმნას ეკონომიკური და საგარეო ეკონომიკურ–პოლიტიკური დღის წესრიგი. აქედან გამომდინარე უნდა შევხედოთ ამ პროცესსაც“,– ამბობს „აქცენტთან“ გობრონიძე და იქვე დასძენს, რომ პროექტის პერსპექტივა ქართული მხარის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული: „ანაკლიის პორტის პროექტი პოლიტიკური შემადგენლისგან არაა დაცლილი, შესაბამისად, ბევრი რამ დამოკიდებულია ქართული სახელმწიფოს მიერ დაფიქსირებულ პოზიციაზე. ამდენად, პორტს ექნება პერსპექტივა და მოიტანს იმ დადებით შედეგებს, რაც უნდა მოიტანოს, თუ მთავრობა სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს: დაუშვას პროექტის პრაქტიკაში განხორციელება, დაუშვას იმ პირობებით, რომ საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის იმიჯი არ დაზარალდეს დასავლეთის თვალში“.

მისი დაკვირვებით, პროექტი აშშ–ისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას ინარჩუნებს, ის არის ძალიან საინტერესო პროექტია ჩინეთისთვის, რუსეთისთვის – მსხვილი მოთამაშეებისთვის და მას ექნება საკმაოდ სერიოზული განმსაზღვრელი როლი მომავალშიც, თუ რეალურად განხორციელდება.

რაც შეეხება პროექტის ჩინური ინვესტიციით განხორციელების შესაძლებლობას, გობრონიძე ფიქრობს, რომ „მსგავს პროექტებს ჩვენი ნაციონალური ინტერესებიდან უნდა შევხედოთ: რა პირობებით განხორციელდება და რა გრძელვადიანი ეფექტი ექნება ჩვენს გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებაზე“:

ჩვენთვის ყველაზე მისაღები ფორმა იყო ამერიკული ინვესტიციით განხორციელება: ვართ აშშ–ის სტარტეგიული მოკავშირე და პარტნიორი და ზოგადად, მსგავსი პროექტის განხორციელება ყოველთვის სჯობს, მოხდეს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად და არა, თუნდაც, კარგად მოთანამშრომლე პარტნიორ სახელმწიფოებთან. ჩინეთის ეკონომიკური ექსპანსია რისკია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთლიანი დასავლეთისთვისაც: რამდენად იქნება ეს მარშრუტი შემდგომში მიმზიდველი დასავლური კომპანიებისთვის? რთული განსახილველი თემაა“.

„დაახლოებით, 5 წლით დავაგვიანეთ“

HUB Georgia-ს ექსპერტი პაატა ცაგარეიშვილის შეფასებით კი პროექტის განხორციელებამ დაახლოებით, ხუთი წლით დააგვიანა, შესაბამისად, შანსი ხელიდანაა გაშვებული.

„სატრანსპორტო დერეფნებით ტვირთნაკადების გადანაწილების პროცესი დასრულებულია“,– ამბობს „აქცენტთან“ ექსპერტი.

ის ანაკლიის პროექტის შეჩერება 6 ნეგატიურ შედეგზე ამახვილებს ყურადღებას:

  • 1. ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობის გადავადებამ საქართველოზე გამავალ სატრანსპორტო დერეფანს დააკარგვინა შესაძლებლობა, ჩამოყალიბებულიყო რუსეთზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის რეალურ ალტერნატივად.
  • იმ ვითარებაში, როცა ჯერ კიდევ „სიცოცხლის უნარიანად“ განიხილებოდა ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობის პროექტი, კასპიის ზღვის აღმოსავლეთით განლაგებულ ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს დამატებითი სტიმული მიეცათ, კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო დერეფნების ფორმირებისათვის: საკუთარ ტერიტორიებზე, თანამედროვე მოთხოვნების დონეზე, განეხორციელებინათ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები; ასე მაგალითად, თურქმენეთმა კასპიის ზღვის გასწვრივ, ავღანეთთან და პაკისტანთან ერთად დაიწყო „ლაპისლაზური“ დერეფნის ინფრასტრუქტურის მშენებლობა.
  • უფრო მეტიც, როცა ანაკლიის ირგვლივ, ქვეყნის შიგნით, ტვირთნაკადების და საფინანსო გარანტიების არარსებობის მოტივით, პოლიტიკურ დონეზე, ჯერ კიდევ მკაფიოდ არ იყო გამოკვეთილი პროექტის „ტორპედირების“ წინაპირობები, მეზობელი ქვეყნები კასპიის ზღვაზე აქტიურად ახორციელებდნენ ხუთი მნიშვნელოვანი ნავსადგურის მშენებლობა - გაფართოებას, რითაც, ანაკლიის პროექტის განხორცილების შემთხვევაში, ეს ქვეყნები ქმნიდნენ საფუძველს სინქრონულად წონასწორობაში მოეყვანათ შავ და კასპიის ზღვაზე სანავსადგურე სიმძლავრეები. მაგალითად, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში ექსპლუატაციაში შევიდა ახალი, ალიათისა და კურიკის ნავსადგურები; ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა არსებული, ბაქოს, აქტაუს და თურქმენბაშის ნავსადგურთა გამტარუნარიანობა.
  • არსებულ ვითარებაში, როცა აქტაუს და ალიათის ნავსადგურები ყოველწლიურად აუმჯობესებენ ტვირთნაკადების გადამუშავების მაჩვენებლებს, შავი ზღვის საქართველოს მონაკვეთზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის შეჩერება იმპულსს აძლევს ჩინეთიდან ევროპაში სახმელეთო გადაზიდვების განხორციელებას ყაზახეთის გავლით, ტრანსციმბირული მაგისტრალის გამოყენებით.
  • გარდა ამისა, კასპიის ზღვაზე ახალი სიმძლავრეების შექმნის პარალელურად, საერთო სქემიდან ანაკლიის ამოვარდნა დამატებით კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს ვოლგა - რუსეთ - ირანზე გამავალ ჩრდილოეთ - სამხრეთ სატრანსპორტო დერეფანს (დონის არხზე გასვლით), რომლის საპირწონედ განიხილებოდა ანაკლიის ნავსადგური.
  • 2. ფაქტიურად, საქართველოს მთავრობის პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ ანაკლიის პროექტის „ტორპედირების“ შესახებ, „დერეფნის“ მეზობელი სახელმწიფობის მიერ საპორტო ინფრასტრუქტურაში განთავსებული ინვესტიციები დაბალი ფინანსური უკუგების მატარებელი გახადა, რამაც საქართველო, მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე წარმოაჩინა ნაკლებ საიმედო პარტნიორად სატრანზიტო გადაზიდვების სფეროში.
  • ანაკლიის ნავსადგურის პროექტის შეჩერება, ბუნებრივია რუსეთს აძლევს დამატებით შესაძლებლობას ბელორუსი - რუსეთი - ცენტრალური აზიის ღერძის გამოყენებით, დაუბრკოლებლივ გადაანაწილოს აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში წარმოქმნილი ტვირთნაკადები საკუთარი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით . ანაკლიის ნავსადგურის შემთხვევაში კი პოლონეთს უჩნდებოდა ალტერნატივა, რუსეთ - ბელორუსიის მუდმივად გადატვირთული სასაზღვო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ანაკლიის გამოყენებით, ცენტრალურ აზიაში და ჩინეთში „რევერსული“ ტვირთები მიემართა კრაკოვ - კონსტანცას ან კატოვიცე - ოდესის მიმართულებებით. ამავე სქემაში ეწერება რუმინეთი - შავ ზღვის დასავლეთით განლაგებული უმსხვილესი კონსტანცის ნავსადგურით.
  • პერსპექტივაში ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში წარმოქმნილი დამატებითი ტვირთნაკადი, ანაკლიის ნავსადგურს მისცემდა შესაძლებლობას, კონსტანცის ნავსადგურის გამოყენებით სარკინიგზო - საავტომობილო საბორნე განვითარებისათვის.
  • 3. ანაკლიის პროექტის შეჩერებით, საქართველომ დაკარგა შესაძლებლობა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპიდან ანაკლიის გავლით მოეზიდა „რევერსული“ ტვირთნაკადი.
  • ცენტრალური აზიის საექსპორტო პროდუქციის მოზიდვისათვის, ანაკლიის ნავსადგურს გააჩნია უდიდესი მნიშვნელობა უზბეკეთისთვის, რომელიც მსოფლიოში ბამბის ბოჭკოს ექსპორტით მეოთხე სახელმწიფოა, ისევე როგორც ყაზახეთისათვის მისი მინერალური სასუქით და ქვანახშირით, თურქმენთისთვის ნავთობგადამუშავებული პროდუქციით.
  • სადღეისოდ, ცენტრალური აზიის ექსპორტი, რუსეთის რკინიგზების გავლით, ბალტიის, შავი და კასპიის ზღვებიდან რუსეთის ნავსადგურებში გადაიზიდება. შედეგად, რუსეთის პოლიტიკა თვალნათელია და გაცხადებული: საკუთარი სატრანსპოტო დერეფნების და ნავსადგურების გამოყენებით, დაეუფლოს ცეტრალური აზიის ყველა სტრატეგიულ ტვირთნაკადს, რისთვისაც გეგმაზომიერად ავითარებს შავ ზღვაზე ნოვოროსიისკის ღრმაწლოვან ნავსადგურს, აზოვის ყურეში - ტამანის ნავსადგურს, კასპიის ზღვაზე - ლაგანის ნავსადგურს, ბალტიის ზღვაზე - უსტ - ლუგის და სანკტ-პეტერბურგის ნავსადგურებს.
  • 4. ანაკლიის ნავსადგურის გაურკვევლი ვადით შეჩერება, ბუნებრივია, რუსეთს საშუალებას აძლევს ცენტრალური აზიის ყველა ტვირთნაკადს დაეუფლოს, და, უფრო მეტიც, მყარად „დაამკვიდროს“ საკუთარ სატრანსპორტო დერეფნებში, რომლის გადმორთვა, შავ ზღვაზე კონკურენტი ანაკლიის პროექტის გაჭიანურების პირობებში, ახლო პერსპექტივაში შეუძლებელი იქნება.
  • ანაკლიის ნავსადგურის პროექტის გაურკვევი ვადით შეჩერება რუსეთს აძლევს საშუალებას, დაეუფლოს ცენტრალური აზიის სტრატეგიულ ტვირთნაკადებს და მიმართოს საკუთარი სატრანსპორტო დერეფნებით და ნავსადგურებით.
  • რა შესაძლებობები გაუშვა უშუალოდ საქართველომ ანაკლიის ნავსადგურის და ანაკლია სიტის გაჩერებით? პირველ რიგში დაიკარგა, დეფიციტური თანამედროვე ტექნოლოგოგიების ცოდნით აღჭურვილი სამუშაო ადგილები, ასევე დაიკარგა შანსი, ქვეყანა ევროკავშირთან ინტეგრირების გზაზე ყოფილიყო მეტად დივერსიფიცირებული. თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი პერსონალის არსებობის ან ევროპის ბაზრისთვის შეთავაზების შემთხვევაში, საქართველოს საზოგადოებაში ჩამოაყალიბდებოდა პერსექტივის განცდა, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ინტეგრირების გზაზე. ყოველივე ეს კი ევროპის საერთო კეთილდღეობაში, საქართველოს მხრიდან მნიშვნელოვან კონტრიბუციად აღიქმეოდა.
  • 5. ანაკლიის ნავსადურის და ანაკლია სიტის გაჩერებით, საქართველომ, ევროკავშირთან ინტეგრირების და საკუთარი ეკონომიკის განვითარების კუთხით დაკარგა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა.
  • ანაკლიის ნავსადგურის გაურკვეველი ვადით გადავადება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოში ამარიკულ და ევროპულ ინვესტიციებზე, რადგანაც საქართველოს საინვესტიციო ბაზრიდან ამერიკელი Conti Group და SSA Marine გასვლა ამერიკელი ინესტორებისათვის და ევროპაში მათი ფილიალებისათვის აღიქმება ძალზე ნეგატიურ სიგნალად ივესტიციების განთავსებასა და დაცულობასთან დაკავშირებით. არ არის გამორიცხული, ამის გამო, ვაშინგტონმა და ბრიუსელმა შეიმუშაონ ახალი სტრატეგია, რაც უარყოფითად იმოქმედებს პირველ რიგში ლოგისტიკის სფეროში ინვესტიციათა მოზიდვაზე. შესაბამის რეიტინგში, მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოს ისედაც მხოლოდ 119 -ე ადგილი უკავია.
  • ანაკლია-სიტის ფუნქციონირებაში გათვალისწინებული ე.წ. ,,ინგლისური კანონმდებლობის“ ჩაშლა უარყოფითად იმოქმედებს დასავლეთ - აღმოსავლეთ ნაოსნობაში დომინირებული შვეიცარიული - დანიური ლოგისტიკური თუ სანაოსნო კომპანიების შემოსვლაზე საქართველოს იურისდიქციაში .
  • 6. ანაკლიის ნავსადგურის შეჩერება ასევე უარყოფითად იმოქმედებს ამერიკული და ევროპული ინვესტიციების მოზიდვაზე და ლოგისტიკის სფეროში განთავსებაზე.
  • ბუნებრივია, ანაკლიის ნავსადგურის პროექტის „ბლოკირებას“ სახელმწიფოს მხრიდან გააჩნდა გარკვეული ობიექტური წინაპირობები, რომელთა შორის შესაძლოა ერთ - ერთი ფაქტორის გამოყოფა.
  • ევროკავშირის შეფასებით, თვალშისაცემია ტრასეკას დერეფნის არაეფეტურობა: 2010 წლიდან დაწყებული, ამ სატრანსპორტო დერეფნით ტრანზიტი ყოველწლიურად მცირდება. გარდა ამისა, დაბალია ტვირთების გადადგილების სიჩქარე, მაღალია საზღვრების გადაკვეთის ხანგრძლივობა, ჯერაც სირთულეებია და არამდგრადია კოორდინირებული სატარიფო პოლიტიკის გატარება. მიუხედავად, სატარიფო სფეროში ხელმოწერილი ხელშეკრულებებისა, დერეფანი არაკონკურენტუნარიანია და ევროკავშირის შეფასებით, სავარაუდოდ ანაკლიის პროექტს ექნება გარკვეული დადებითი „ზეწოლა“ მაგრამ, სიმპტომები, რომ ახლო მომავალში რაიმე გამოსწორდეს, არ ჩანს.
  • სახელმწიფოს მხრიდან ანაკლიის ნავსადგურის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების ერთ - ერთი არგუმენეტი საქართველოზე გამავალი დერეფნის დაბალი კონკურენტუნარიანობაა.

ექსპერტი ასკვნის, რომ „მთავრობის მხრიდან ანაკლიის ნავსადგურის პროექტის „ბლოკირება“ შედეგად იწვევს საქართველოზე გამავალი დერეფნის მიმზიდველობის დაქვეითებას, რეგიონში წარმოქმნილი სტრატეგიული ტვირთნაკადების რუსეთზე გამავალი დერეფნებით გადაზიდვის ხანგრძლივი ვადით დამკვიდრებას, ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში საქართველოს როგორც სანდო პარტნიორის იმიჯის შელახვას და ქვეყნის ლოგისტიკურ სისტემებში უცხოური ინვესტიციების შემცირებას.

ყოველივემ ერთობლიობაში, შესაძლოა, აშშ-ს და ევროკავშირს უბიძგოს, გადახედოს და შეცვალოს კეთილგანწყობლი პოლიტიკა საქართველოს მიმართ“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები