
ბახტაძე პუტინს პასუხობს: "დადგება დღე, როდესაც ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ავაშენებთ ერთიან, ძლიერ ქვეყანას"
10/07/2019 08:22:10 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
ჩვენ მოვისმინეთ ფაქტების ფუნდამენტურად არასწორი ინტერპრეტაცია, – ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ანტიქართულ განცხადებას.
„სამწუხაროდ, პირველად არ გვესმის მსგავსი განცხადებები, რომელიც ეყრდნობა ფაქტების ფუნდამენტურად არასწორ ინტერპრეტაციას. საქართველოს ისტორია არის ის, რითაც თითოეული ჩვენგანი ამაყობს. საქართველოს ისტორია არის ევროპული ისტორიის ნაწილი და გარწმუნებთ, ევროპელებს, ისევე, როგორც მსოფლიო თანამეგობრობას აქვს ძალიან კარგი და დეტალური ცოდნა ჩვენი ისტორიის შესახებ. როგორც ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წარსულით, ასე ამაყობს ევროპაც, ვინაიდან, ჩვენ ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. ჩვენი ამოცანაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია არა მხოლოდ ისტორიის შესახებ, არამედ მომავალი გეგმების შესახებ და მომავალი გეგმა არის ძალიან ერთმნიშვნელოვანი და მარტივი – საქართველო გააგრძელებს ერთიანი სახელმწიფოს მშენებლობას და ამ მშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას თითოეული ადამიანი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს – ჩვენი ოსი და აფხაზი ძმები და თითოეული ეთნიკური წარმოშობის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ჩვენს საერთო სამშობლოში, ეს არის ის, რაზეც სახელმწიფო უნდა იყოს ორიენტირებული. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა და პასუხისმგებლიანი მთავრობის მთავარი ამოცანაა, რომ დაიცვას ეროვნული ინტერესები და თავისი მოქალაქეების ეკონომიკური ინტერესები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის წინაშე არსებული მტკივნეული გამოწვევების გადასალახად საჭიროა კონსოლიდაცია და ერთობლივი ძალისხმევა.
„მინდა, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდო – მეგობრებო, ახლა არის კონსოლიდაციის დრო და ნამდვილად არ არის პოლარიზაციის დრო. პოლარიზაცია არის ის, რაც საქართველოს ხდის ადვილ სამიზნეს და ეს ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ქვეყნის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების რეკომენდაციით მიმართა, პუტინმა კი განაცხადა, რომ ამას "ქართველი ხალხის პატივისცემის გამო" არ გააკეთებდა, თუმცა იმავე დღეს ამავე საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ საქართველოს ისტორიის გადაწერას შეეცადა და ანტიქართული განცხადებები გააკეთა. კერძოდ, ქართული სახელმწიფო საკუთარი, თუმცა ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციასა და ოსების გენოციდში დაადანაშაულა.