
აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 13 000-ს მიუახლოვდა
10/03/2021 11:58:29 კონფლიქტები
ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში 184 კოვიდ-ტესტირება ჩატარდა და დადებითი შედეგი 10-მა აჩვენა.
ოპერატიული შტაბის ცნობით, გუდაუთის კოვიდ-ცენტრში ამ დროისთვის 32 პაციენტი იმყოფება, მათგან 19 - დადასტურებული კოვიდ-დიაგნოზით. 6 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.
სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 16 კოვიდ-ინფიცირებული მკურნალობს, ოჩამჩირეს კოვიდ-ცენტრში - 5, ტყვარჩელის საავადმყოფოში - 3, გაგრაში - 11.
ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა აფხაზეთში 12 977-ს შეადგენს. აღრიცხულია 203 ლეტალური შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 12 420 პაციენტი.