Accentnews.ge
"ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევა კატეგორიულად მიუღებელია!" - სოხუმი რუს ჟურნალისტებსა და საზოგადო მოღვაწეებს "გამიზნულ პროვოკაციაში" ადანაშაულებს

"ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევა კატეგორიულად მიუღებელია!" - სოხუმი რუს ჟურნალისტებსა და საზოგადო მოღვაწეებს "გამიზნულ პროვოკაციაში" ადანაშაულებს

10/03/2021 15:15:48 კონფლიქტები

სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლების საგარეო უწყება რუს ჟურნალისტებსა და რიგ საზოგადო მოღვაწეებს "გამიზნულ პროვოკაციაში" ადანაშაულებს. ასე გამოეხმაურა "სამინისტრო" რუსულ მედიასა და სოცქსელებში გაჩენილ პუბლიკაციებს, რომლებიც აფხაზეთში დაგეგმილი გადატრიალების მზადებაში ეჭვმიტანილი "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირის" - უკრაინის მიერ საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებული ახრა ავიძბას დაკავებას ეხებოდა.

«ახმოვანებენ რა ხსენებულ საქმესთან დაკავშირებით თავის პირად მოსაზრებებს, ცლკეული რუსი ჟურნალისტები და საზოგადო მოღვაწეები მიზანმიმართულად ამახინჯებენ შექმნილი ვითარების სურათს, ცდილობენ აქცენტების გადაადგილებას და აკეთებენ აბსურდულ განცხადებებს აფხაზეთის საგარეო პოლიტიკური კურსის საქართველოსა და ნატო-ს სასარგებლოდ შეცვლის თაობაზე. მსგავს განცხადებებს ვაფასებთ გამიზნულ პროვოკაციად, რომელიც აფხაზეთის რესპუბლიკის იმიჯის დისკრედიტაციაზეა მიმართული. როგორც ჩანს, მსგავსი "ხმამაღალი" განცხადებების ავტორები მიზნად ისახავენ რაღაც გაურკვევლობის შეტანას აფხაზეთ-რუსეთის სახელმწიფოთაშორის თანამშრომლობაში, რომელიც სტრატეგიულ ხასიათს ატარებს. ისინი ხელოვნურად ქმნიან გამოგონილ საინფორმაციო საბაბს საკუთარი საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროექტებისადმი ყურადღების მისაზიდად. მოქალაქე ახრა ავიძბას ირგვლივ განვითარებული მოვლენები შიდა ხასიათს ატარებს და არანაირი საგარეო პოლიტიკური სარჩული არ გააჩნიათ. ხოლო რიგი რუსი ჟურნალისტებისა და საზოგადო მოღვაწეების მოწოდებები რუსეთის ხელისუფლებისადმი, "ჩაერიოს ვითარებაში", სრულიად უსაფუძვლო და დაუშვებელია" - ნათქვამია დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში.

სოხუმი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "აფხაზეთის შიდა საქმეებში ნებისმიერ ჩარევას კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს" და "მსგავს მცდელობებს პოლიტიკურად მოტივირებულ პროვოკაციად" აფასებს, რომელიც "აფხაზეთ-რუსეთის სტრატეგიული პარტნიორობის ირგვლივ ნეგატიური ფონის შექმნაზეა მიმართული".

ცნობისთვის: 11 მარტს წინა დე ფაქტო ხელისუფლების ყოფილი კორუმპირებული ჩინოსნები, რომლებიც დღეს "პატრიოტულ ოპოზიციად" პოზიციონირებენ და მოქმედ დე ფაქტო ხელისუფლებას თბილისთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობისა და "მრავალდონიანი" დიალოგის ჩამოყალიბების ინიციატივის გამო "აფხაზეთის ეროვნული ინტერესების გაყიდვაში" ადანაშაულებენ, გადატრიალების მოწყობას გეგმავენ. არაოფიციალური ინფორმაციით, ეს მოვლენები ე.წ. ვეტერანთა ოპოზიციური ორგანიზაცია "არუაას" ყრილობით უნდა დაიწყოს, შემდეგ "პრეზიდენტის" ადმინისტრაციისკენ მსვლელობით გარძელდეს და ამ უკანასკნელის შტურმით აღებით დასრულდეს.

ორიოდ დღის წინ მოქმედი დე ფაქტო ხელისუფლების შსს-ს წარმომადგენლებმა დააკავეს ოპოზიციის "ძალოვანი ბლოკის" ხელმძღვანელი - "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირი" ახრა ავიძბა, რასაც მალევე რუსულ მედიასა და სოცქსელებში ე.წ. "რუსული სამყაროს" წარმომადგენლები გამოეხმაურნენ დე ფაქტო ხელისუფლებისადმი ბრალდებით "საქართველოსა და ნატო-სკენ გადახრის" თაობაზე. მათ კრემლს მოუწოდეს, "სანამ გვიანი არ არის, პროცესში ჩაერიოს აფხაზეთის გადასარჩენად".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S