Accentnews.ge
“რუსული სამყარო”, ჯიბგირი-”გმირი”-”რევოლუციონერი” და ოპოზიციის მადა, როგორც საბაბი მორიგი აფხაზური რევოლუციისთვის

“რუსული სამყარო”, ჯიბგირი-”გმირი”-”რევოლუციონერი” და ოპოზიციის მადა, როგორც საბაბი მორიგი აფხაზური რევოლუციისთვის

10/03/2021 17:44:09 კონფლიქტები

დარწმუნდა რა, რომ არჩევნებზე ვეღარ გაიმარჯვებდა, წინა დე ფაქტო ხელისუფლებამ, სადღეისოდ კი ახლადგამომცხვარმა ოპოზიციამ აფხაზეთში მორიგი “რევოლუციის”, უფრო ზუსტად კი შეიარაღებული გადატრიალების მოწყობა გადაწყვიტა. მაგრამ წონადი საბაბი არა და არ ჩანდა. ბოლოს, გადაეწურათ რა მეტ-ნაკლებად ღირებული არგუმენტების მოძიების იმედი, “ოპოზიციონერებმა” გადაწყვიტეს, რომ მიზანს საბაბის გარეშეც მიაღწევდნენ – ისევ იმ “დამრტყმელი ძალის” - ახრა ავიძბას გამოყენებით.

და ავიძბა ალბათ, ერთადერთი საერთოა წინა რევოლუციასა და შეიარაღებული გადატრიალების ამჟამინდელ მცდელობას შორის. წინას მაშინდელ ოპოზიციასთან პირდაპირი კავშირი არ ჰქონია: მაშინდელი ოპოზიცია – რაულ ხაჯიმბას “სახელისუფლებო” გუნდის ინტელიგენტი პოლიტიკური მეტოქეები არჩევნების შედეგებს სასამართლოებში ასაჩივრებდნენ. ამჟამინდელი “ოპოზიცია” კი სხვაგვარია, “ხელისუფლებაში” მოსვლის ცივილიზებული მეთოდები უკვე მივიწყებული რაულ ხაჯიმბას მოწაფეებისა და თანამოაზრეებისთვის, როგორც ჩანს, უცხოა: მცირე შეთქმულება, მცირე მიტინგი, პატარა ომი “პრეზიდენტის” ადმინისტრაციის შენობასთან - და ყოფილი “ხელისუფლება” მას მიტმასნილ “პროფესიონალ რევოლუციონერთან”, რეალურად კი ბანალურ ჯიბგირ ახრა ავიძბასთან ერთად ნანატრ საჩუქარს მიიღებდა, - ასეთი იყო ოპოზიციად წოდებული ძალების გეგმა.

და აი, ვეტერანთა ოპოზიციური ორგანიზაცია “არუაა” ერთი მეორეს მიყოლებით ავრცელებს ხმამაღალ განცხადებებს, რომელშიც “მტრულ” თბილისთან სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბების ნებისმიერ მცდელობას “აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის დასასრულის დასაწყისად” აცხადებს, ასლან ბჟანიას გუნდს “ეროვნული ინტერესების გაყიდვაში” ადანაშაულებს და მის გადადგომას მოითხოვს. “მსგავსი გადაწყვეტილება საქართველოს მხრიდან სავაჭრო ექსპანსიას გამოიწვევს. მიიღებს რა ჩვენი ხელისუფლებისგან ასეთ საჩუქარს ეკონომიკური გზების გამოყენებით საკუთარი პოლიტიკური მიზნების რეალიზებისთვის, საქართველო დემპინგის პოლიტიკის გატარებას დაიწყებს აფხაზური ბაზრიდან რუსული პროდუქციის განსადევნად. ცალკეული მეწარმეები საქონლის საქართველოდან შემოტანას მიჰყოფენ ხელს, მათ გაუჩნდებათ ქართველი პარტნიორები, ჩამოყალიბებას დაიწყებს ჰორიზონტალური კავშირები. ეს ყველაფერი – ჩვენი მწარმოებლების საზიანოდ და, რაც მთავარია, აფხაზეთის აღიარების გარეშე” – აშინებენ აფხაზეთის მოსახლეობას რაულ ხაჯიმბას ყოფილი დე ფაქტო ხელისუფლების კორუმპირებული ჩინოსნები, რომლებიც წლებია, “კონტრაბანდაზე” თავად ითბობენ ხელს, ისე, აფხაზურ ბიუჯეტს გადასახადების სახით კაპიკსაც არ უხდიან. სწორედ ამიტომ არ აწყობთ მათ თბილისთან ცივილიზებული სავაჭრო-ეკონომიკური კონტაქტების ჩამოყალიბება: ეს ხომ სიკეთეს აფხაზეთს, მის მოსახლეობას, მის ბიუჯეტს მოუტანს, მაგრამ არა პირადად მათ! მათ – პირიქით, მოუწევთ, ესოდენ სარფიან კანონსაწინააღმდეგო ბიზნესს დაემშვიდობონ.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ თბილისის მიერ სოხუმისთვის სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ უანგაროდ შეთავაზებული ინიციატივები, რომლებსაც აფხაზი “ოპოზიციონერები” ერთგვარ მახედ წარმოაჩენენ, ითვალისწინებს, უპირველესად, აფხაზური პროდუქციის რეალიზებას ქართულ და ევროპულ ბაზრებზე, თანაც მნიშვნელოვანი საშეღავათო პირობებით. ანუ, აქ უპირველესად, სწორედ აფხაზი მწარმოებლების პროდუქციის რეალიზებაზეა აქცენტი და რომელ “სავაჭო ექსპანსიაზეა” საუბარი?!

შემდეგ კი “არუაას” განცხადებაში იმდენად დიდი სისულელეებია ჩაწერილი, რომ სულ არ არის აუცილებელი, ერკვეოდე ეკონომიკაში ან თავდაცვაში, რომ ადვილად მიხვდე, რამდენად შორია ეს ალარმისტული მოსაზრებები რეალობისგან: “ქართული პროდუქციისთვის გასაღების ახალი ბაზრის ოფიციალურად გახსნა დიდ სარგებელს მოუტანს ქართულ ეკონომიკას, აქედან გამომდინარე, გამოიწვევს ქართული ჯარის შესაძლებლობების გაზრდას და პირიქით, უარყოფითად აისახება რუსეთთან ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებზეო”.

მინდა, მკითხველს ისიც შევახსენო, რომ 2018 წელს, “პრეზიდენტობისას” რაულ ხაჯიმბა ასევე უჭერდა მხარს “საქართველოსთან საზღვარზე ვაჭრობის ლეგალიზებას”. საინტერესოა, რატომ არასოდეს მოუთხოვია მთელი მისი “პრეზიდენტობის” განმავლობაში “არუაას” ხაჯიმბას გადადგომა? - და არათუ არ მოუთხოვია, მთელი ეს წლები განუხრელად მხარს უჭერდა მას!

ამგვარად, ნათელია, რომ ახლადგამომცხვარი ოპოზიცია ამ თემას რეალურად, მხოლოდ იმ მიზნით იყენებს, რომ პოლიტიკური ვითარება დაძაბოს და ამ ფონზე “ხელისუფლებაში” დაბრუნდეს.

ასლან ბჟანიას გუნდის მიერ “ეროვნული ინტერესების ღალატის მორიგ დასტურად” კი კორუმპირებულმა რევანშისტებმა “არუააელებზე” არანაკლები ვეტერანის, ამჟამად მსხვილ ბიზნესმენ აკუნ კვირაიას სამეგრელოში კერძო ვიზიტის გამოყენება სცადეს. “ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ ხალხის ზურგსუკან მიღებულ საგარეო პოლიტიკურ კონცეფციაში გაწერილი ფრაზა – “საქართველოსთან მრავალდონიანი დიალოგი” იმას ნიშნავს, რომ ეს მოლაპარაკებები შეიძლება, ბიზნესის წარმომადგენლებმაც აწარმოონ და აკუნ კვირაიამ ამის რეალიზება გარკვეულწილად უკვე დაიწყო. […] მივმართავთ აფხაზ ხალხს, მათ, ვინც გამოიარა ომი, დაკარგა ახლობლები და ნათესავები: დღეს სამშობლო ისევ საფრთხეშია! ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები და გაუმაძღარი მეწარმეები მზად არიან, ივაჭრონ ჩვენი ქვეყნითა და დამოუკიდებლობით! […] იმედი გვაქვს, დეპუტატები, ისევე, როგორც აფხაზეთის თითოეული რიგითი პატრიოტი, ხმას აიმაღლებენ ჩვენი პოზიციის მხარდასაჭერად” – ნათქვამია ე.წ. ოპოზიციის განცხადებაში.

და აი, სოხუმის ცენტრში გაიმართა მიტინგი. და აი, კვირაიას კერძო ვიზიტით აღშფოთებული სხვადასხვა ყაიდის “პატრიოტები” უკვე ლამის გამარჯვებას ზეიმობდნენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. მეტისმეტად კარგად იცნობს მათ აფხაზეთში ყველა, უშიშროების დე ფაქტო კომიტეტის ჩათვლით, რომელმაც, მაღალი ალბათობით, უკვე დაასვა წერტილი როგორც ახრა ავიძბას პოლიტიკურ კარიერას, ისე იმ გაუმაძღარი ყოფილი ჩინოსნების რევანშისტულ სწრაფვას, რომლებმაც “სახელისუფლებო” კაბინეტები სულ რაღაც ერთი წლის წინ დატოვეს.

4 მარტს “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირი” ავიძბა და კიდევ ხუთი დონეცკელი, რომელთაც თავად ავიძბა მისი დაცვის წევრებად ასაღებდა, “წინასწარი შეთქმულებით იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების” ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა ავიძბას სახლიდან დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ახლა “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირს”, პროფესიონალ “რევოლუციონერსა” და ჩვეულებრივ ჯიბგირ ავიძბას 2-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სოცქსელებში გაჩნდა ვიდეორგოლი, რომელიც ასახავს, როგორ გაჰყავდათ ახრა ავიძბა სასამართლო დარბაზიდან. კადრებში ისმის მისი ხმა: «მინდა, ხალხს მივმართო: 11 მარტს შეიკრიბეთ და გაყარეთ ესენი…». შემდეგ მოდის არანორმატიული ლექსიკა. და თუ პუბლიკაციებით ვიმსჯელებთ, ამ ვიდეორგოლმა ბევრი აფხაზი ინტერნეტ-მომხმარებელი ჩააგდო შოკში, თან არა მარტო გინებით: გამოდის, ავიძბამ ხალხს იმისკენ მოუწოდა, რაშიც სდებს კიდეც ბრალს ბჟანიას გუნდი! “არანორმატიული ლექსინა – სულ ესაა, რისი თქმაც ხალხისთვის ახრა ავიძბას შეუძლია! მორიგი რევოლუციისკენ მოუწოდო ხალხს, რომელმაც არჩევნებზე ხმათა უმრავლესობით მოქმედ ხელისუფლებას დაუჭირა მხარი – ეს არ არის მიმართვა ხალხისადმი, რომელიც დიდი ხანია, ავიძბას მსგავსი “სახელმწიფოს აღმშენებლებით” გადაიღალა. ეს მოწოდება არის აღიარება იმისა, რაშიც სდებენ კიდეც ბრალს ამ “გმირს” სამართალდამცველი ორგანოები. როგორც ჩანს, სწორედ ამგვარი “გმირობით” გამოიჩინა თავი დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირმა იქ, სადაც “გმირად” აქციეს» - წერს ერთ-ერთი აფხაზი ინტერნეტ-მომხმარებელი. “რისი მოტანა შეეძლო ხალხისთვის ახრა ავიძბას ყუმბარმტყორცნებს? ბედნიერებისა და კეთილდღეობის? იარაღს სიკვდილისა და ნგრევის მეტი, არაფერი მოაქვს! ბიჭი ომობანათი გაერთო და ამ თამაშ-თამაშში ჩვენც კინაღამ მიგვიყვანა ომამდე. აფხაზეთის უახლესი ისტორია კინაღამ არ დაიწერა მისი ხელითა და იარაღით, რომელიც “აფხაზის” მეტსახელით ცნობილ “გმირს” სურდა, აფხაზების წინააღმდეგ გამოეყენებინა” – წერს მეორე.

და მიუხედავად “აფხაზეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის საელჩოს” განცხადებისა იმის შესახებ, რომ ახრა ავიძბას დაკავება – ეს “აფხაზეთის შიდა საქმეა”, ყველასთვის ნათელია, ვინ წარმოადგენს აფხაზი “პატრიოტების” უხილავ საყრდენს. ამაზე, ბევრ სხვა რამესთან ერთად, ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ახრა ავიძბას დაპატიმრების გამო «რუსული სამყარო» განრისხდა. მაგალითად, პუტინის ერთ-ერთმა ფავორიტმა და აქტიურმა მხარდამჭერმა – მომღერალმა იულია ჩიჩერინამ სოციალურ ქსელში დაწერა: «[…] აბსოლუტურად ნათელია, რომ აფხაზეთის ამჟამინდელი ხელისუფლების მეგობრობა საქართველოსთან და, შესაბამისად, ნატო-სთანაც უკვე იძლევა თავის ნაყოფს. უბრალოდ უნდა გვესმოდეს, რომ ახლა, სწორედ ამ წუთებში, აფხაზეთის ხელმძღვანელობა ღალატობს არა მარტო ყველა რუსსა და რუსეთს, არამედ საკუთარ ხალხსაც». საქართველოსა და ნატო-ს შესახებ იმავე პროპაგანდისტულ ნარატივს ეყრდნობა თავის ტელეგრამ-პუბლიკაციაში მყვირალა სათაურით “აფხაზეთი საქართველოსა და ნატო-ში მიდის?” პუტინის პროექტ “რუსული სამყაროს” კიდევ ერთი საზოგადოებრივი აქტივისტი – სამხედრო ჟურნალისტი სემიონ პეგოვიც. «[…] აფხაზები დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირის - ახრა ავიძბას სახით მედგრად გვედგნენ გვერდში. ისევე, როგორც რუსი მოხალისეები თავის დროზე – აფხაზებს რადიკალური ქართული ნაციონალიზმის წინააღმდეგ. და რას ვხედავ ახლა? ახრა ავიძბა თავის სამშობლოში მუხთლურადაა დაკავებული, აფხაზური ელიტები კი ურცხვად ყვებიან საქართველოსთან ჩასახული მეგობრობისა და იმის შესახებ, როგორ სურთ, იქიდან ფული მოიზიდონ და ა.შ. ვინმესთვის რა, საიდუმლოა, რომ თბილისი აქტიურად (სადღაც – ფარულად, სადღაც – ღიად) მუშაობს ნატო-სთვის? 08.08.08-მ რა, რაიმე ეჭვი დატოვა ამ მიმართულებით? ნატო-მ რა, ამ ომის შემდეგ საქართველო დატოვა?!» - ნათქვამია პუბლიკაციაში. ხოლო რით უქმნის ნატო აფხაზეთს თუნდაც მინიმალურ საფრთხეს – არც ერთი მათგანი, რა თქმა უნდა, არ აზუსტებს.

კიდევ კარგი, აფხაზურ საზოგადოებაში კრემლის მსგავს სადეზინფორმაციო პროპაგანდას ყველა აღარ ექვემდებარება. «ძნელბედობის ჟამს მეგობრის [ახრა ავიძბას - რედ.] თანადგომა წმინდა საქმეა. მაგრამ არ მესმის, ნუთუ ამ პატივცემულ ადამიანებს არ შეეძლოთ, არ გამოეყენებიათ სრულიად უსაფუძვლო მტკიცება აფხაზეთის საქართველოსა და ნატო-სკენ გადახრის თაობაზე? ეგ თქვენი პირადი მოსაზრებები თქვენთვისვე დაიტოვეთ, ამხანაგებო, რადგან მინიმალურადაც კი ვერ ერკვევით აფხაზეთის შიდა პოლიტიკურ სამზარეულოში» - წერს ე.წ. “რუსული სამყაროს” ცნობილი წარმომადგენლების საპასუხოდ ერთ-ერთი აფხაზი ინტერნეტ-მომხმარებელი.

აღარ სჯერათ რიგით აფხაზებს ასევე კრემლის სხვა ნარატივის – “დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან ძმობის” თაობაზე. “აფხაზეთი და დონეცკის სახალხო რესპუბლიკა ერთი და იგივე არ არის. ეს შედარება ყოველთვის უსიამოვნოა და სამომავლოდ კიდევ არაერთხელ გვავნებს, როგორც ქვეყანას. ჩვენი ისტორია სხვაგვარია – მრავალსაუკუნოვანი და ხშირად სამწუხარო. და ახრა ავიძბა სწორედ იმას აპირებდა, რომ ჩვენი ხალხი კიდევ ერთხელ დაემწუხრებინა... სწორედ მისი ყუმბარმტყორცნების წყალობით აპირებდნენ ხელისუფლებაში დაბრუნებას ისინი, ვინც მასში თავს მშვენივრად გრძნობდა სულ რაღაც ერთი წლის წინ. ხალხი კი აქ არაფერ შუაშია, როგორც არ უნდა მიმართავდეს მას უცხო ქვეყნის გმირი. ხელისუფლებისკენ მათი ამ ლაშქრობის უკან პირადად მათი ანგარებიანი ინტერესები დგას და არა ხალხის” – წერს ერთ-ერთი აფხაზი ინტერნეტ-მომხმარებელი.

როგორც ჩანს, ამჟამინდელმა – თვითგამოცხადებულმა ოპოზიციამ თითქმის ყველა გააწბილა, საკუთარი მხარდამჭერების დიდი ნაწილის ჩათვლით. მას არც პატრიოტული ცირკი გამოუვიდა მცირერიცხოვან მიტინგზე, რომელიც მისგანვე შედგებოდა, არც “მშრომელების რევოლუცია” – სულ ცოტა ხნის წინ მაღალ კაბინეტებში “მშრომელების”. მათ, ვინც დღეს ახრა ავიძბას უკან დგანან და იქიდან აკვირდებიან, “ხომ არ დადგა დრო, ბოლოს და ბოლოს, კვლავ დავიკავოთ ჩვენი კაბინეტებიო?”, უნდა ესმოდეთ, რომ ისინი ბჟანიას გუნდს კი არა, აფხაზეთს ანგრევენ. გარდა ამისა, საარჩევნო პროცენტები არაა საკმარისი საბაბი, მთელი ხალხის სახელით ისაუბრონ, - მათმა პოლიტიკურმა მეტოქეებმა ხომ ორჯერ მეტი ხმა მიიღეს. და არც ანგარებიანი ინტერესებია საბაბი რევოლუციისთვის. თუმცა რევოლუციები ხომ, როგორც წესი, სწორედ ასე ხდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S