„ჩვენს ქვეყანაში ჯანდაცვის სამინისტრო ყველაზე დიდი ანტივაქსერული სტრუქტურაა“

16-03-2021 15:43:38 ინტერვიუ

მას შემდეგ რაც 13 მარტს „ასტრაზენეკას“ ვაქცინების პირველი პარტია – 43 200 დოზა შემოვიდა საქართველოში, ის სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდა და 15 მარტიდან ექიმების ვაქცინაცია დაიწყო. თუმცა, ირკვევა, რომ პროცესში ჩათულ მედიკოსთა აქტივობა დაბალია: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] ინფორმაციით, 20:00 საათისთვის “ასტრაზენეკას” ვაქცინის პირველი დოზის მისაღებად 4 202 ადამიანი იყო დარეგისტრირებული, რაც სახელმწიფო გეგმით გათვალისწინებული ასაცრელი მედპერსონალის [46 420 ადამიანი] მხოლოდ 9.1%-ს შეადგენს. აქვე უნდა აღნიშნოს 2021 წლის 25 იანვარს NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევაც, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა მხოლოდ 41% ამბობდა, რომ კორონავირუსის ვაქცინას გაიკეთებდა და უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ვაქცინაციის პროცესს თან არ ახლდა შესაბამისი საინფორმაციო კამპანია. ამ ფონზე კი საკმაოდ ორაზროვანი იყო ჯანდაცვის მინისტრის პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ აიცრა თავად:

„ნამდვილად ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. თუ საზოგადოებაში ამდენად დიდ კითხვებს ბადებს ეს ფაქტი, მზად ვარ, უახლოეს მომავალში გავიკეთო აცრა, თუმცა საინტერესოა, მაშინ როცა ქვეყანაში შემოვა სხვა ვაქცინები, რომლებზეც ასევე შეიძლება არსებობდეს კითხვები, მაგალითად, ჩინური ვაქცინა, გახდება თუ არა აუცილებელი, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ან სხვა საჯარო პირმა საჯაროდ გაიკეთოს ის აცრაც, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ აცრები უნდა იყოს დაცული და არ შეიძლება მათი არევა“.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გაერო–ს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის წევრი (EWEC), ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) პნევმოკოკის წინასწარი საბაზრო შეთანხმების (AMC) დამოუკიდებელი შეფასების კომიტეტის წევრი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე კი პროცესი კომპლექსურ პრობლემებს ხედავს.

„პირველი პრობლემაა ის, რომ ვაქცინაციის გეგმა არასწორად იყო შედგენილი, რასაც იმთავითვე ვამბობდი, ვაქცინის შემოსვლის შემდეგ კი დავინახეთ, 82 „ექსპერტის“ მიერ შემოთავაზებული გეგმა ჩავარდა. მეორე – სახელმწიფო ინსტიტუტებს ევალებათ საინფორმაციო კამპანიის ჩატარება და ესეც ჩავარდა: მოსახლეობას ჯერ უხსნიან, რა ხდება და შემდეგ ჩააქვთ ვაქცინა ქვეყანაში. ჩვენთან კი ყველაფერი პირიქითაა. მესამე – ევროკავშირის თითქმის ნახევარზე მეტმა ქვეყანამ დროებით შეაჩერეს "ასტრაზენეკას" გამოყენება, რადგან რამოდენიმე ქვეყანაში კითხვები გაჩნდა და მათზე ჯერ პასუხები სრულად არ გაცემულა, რაც დაემატა ისედაც პრობლემურ ფონს. მეოთხე – ჩვენმა პოლიტიკოსებმა: პრემიერ–მინისტრმა, ჯანდაცვის მინისტრმა, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმა, პრეზიდენტმა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მენეჯმენტმა, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სახელმწიფო საავადმყოფოების დირექტორებმა საჯაროდ არ გაიკეთეს ვაქცინა და ესეც ჩავარდნაა“,– ამბობს ფხაკაძე „აქცენტთან“ და განმარტავს, რომ ვაქცინაცია არა მხოლოდ სამედიცინო, პოლიტიკური საკითხიცაა, ხოლო პოლიტიკოსებმა საკუთარი გადაწყვეტილებით პასუხისმგებლობის აღებას გაექცნენ.

„ჯანდაცვის სამინისტრო ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დიდი ანტივაქსერული სტრუქტურაა“

ის სახელმწიფოს მესვეურებს შეახსენებს სხვადასხვა ქვეყნების მაგალითებს, მათ შორის, ბრიტანეთის, აშშ–ის, ისრაელის, სადაც ვაქცინა თავდაპირველად სწორედ ქვეყნების პირველმა პირებმა მიიღეს და შემდეგ მოუწოდეს მოქალაქეებს ანალოგიური გადაწყვეტილებისკენ:

„არანაირი საინფორმაციო კამპანია არ ჩატარებულა, გარდა ამისა, მოქალაქეები ხედავენ, რომ პოლიტიკოსები არ იცრებიან... მძიმე ფონია შექმნილი და ჩემი დასკვნაა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დიდი ანტივაქსერული სტრუქტურაა. მსგავსი არაპროფესიონალიზმი დაღუპავს ქვეყანას. ჯანდაცვის სამინისტრო ჯერ კიდევ იმართება საბჭოური მეთოდით: პაციენტი იყო სუბიექტი, რომელსაც ექიმი არც კი ელაპარაკებოდა. 21 საუკუნეში კი ასე არ ხდება, პაციენტია მთავარი და მასზე მორგებული ჯანდაცვა. ვაქცინაციის პროგრამის ყველა ეტაპზე იყო ჩავარდნა. ეს იყო არაპროფესიონალიზმის, კორუფციის, პოლიტიზირების ნარევი და ახლა ამის შედეგს ვხედავთ“.

„ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ აპრილში ძალიან მძიმე მესამე ტალღა გვექნება“

პროფესორი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ვაქცინაციის პროცესში ქვეყნის პირველი პირების ჩართულობის მნიშვნელობას:

„იმხელა უნდობლობაა ვაქცინაციის პროცესთან მიმართებაში, რომ ხალხს პროცესში ჩართულმა ყველა პირმა მაგალითი უნდა უჩვენოს. ქვეყანაში 43 200 დოზაა შემოტანილი და პროგრამას 50 დოზა ვერაფერს დააკლებს, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ნაბიჯი აწონ–დაწონილი უნდა იყოს, რათა ხალხს კითხვები არ გაუჩნდეს, მაგრამ მათ სამწუხაროდ, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ აპრილში ძალიან მძიმე მესამე ტალღა გვექნება“.

„ასტრაზენეკას" ვაქცინაციის პროგრამა დროებით უნდა შეჩერდეს“

ფხაკაძე ფიქრობს, რომ ვიდრე ევროპის ძლიერი მარეგულირებლები „ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან მიმართებაში დასმულ კითხვებს უპასუხებენ, საქართველომ ვაქცინაციის პროცესი რამდენიმე დღით უნდა შეაჩეროს და ეს გადაწყვეტილება პროცესის მიმართ საზოგადოების სანდოობას გაზრდიდა:

„ასტრაზენეკა“ არ არის საბოლოოდ დამტკიცებული – მასზე დროებითი მოხმარების თანხმობა აქვთ გაცემული ამერიკაში, ევროპაში, მათ შორის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას. ეს კი ნიშნავს, რომ ვაქცინა ბოლომდე გამოცდილი არ არის და ჯერ კიდევ ყურადღების ქვეშაა. ევროპის რამოდენიმე ქვეყანაში იყო საეჭვო „ქეისები“ და რაც სწორი გადაწყვეტილებაა, რომ ადგილობრივმა ძლიერმა მარეგულირებლებმა ვაქცინის გამოყენება შეაჩერეს, ვიდრე უტყუარად არ დადგინდება, უკავშირდება თუ არა ვაქცინაციის პროცესს ხსენებული „ქეისების“ საეჭვოობა. პასუხი 3–4 დღეში გვეცოდინება.

საქართველოს არც მატერიალურ–ტექნიკური, არც ინტელექტუალური ბაზა არ აქვს, დავადგინოთ, ამა თუ იმ ვაქცინის სანდოობა. ამიტომ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად, ჩვენ უნდა მივყვეთ ევროკავშირის წამლის მარეგულირებლის რეკომენდაციებს“.

„მეტი ღიაობა, დიალოგი, არანაირი დახურული ინფორმაცია!“

ფხაკაძე საქართველოს ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებს ღიაობისკენ მოუწოდებს:

„პირადად მე კოვიდის გამო 10–ზე მეტი მეგობარი გარდამეცვალა, ათეულობით მეგობარს კი პოსტკოვიდური პრობლემები აქვს. ეს არ არის სახუმარო საქმე, ძალიან სერიოზული პრობლემაა! ჩვენ გვინდა, ვირუსი დავამარცხოთ და, რა თქმა უნდა, ერთ–ერთი გზა ვაქცინაციაა, მაგრამ ასევე ძალაში რჩება მთავარი რეკომენდაცია: პირბადის ტარება, 2–მეტრიანი დისტანცია და პირადი ჰიგიენის დაცვა. ასევე წამოგვეწევა მედიკამენტები და სექტემბრისთვის ძალიან საინტერესო მედიკამენტების და ვაქცინების კარგი არჩევანი გვექნება, გაიზრდება ხელმისაწვდომობაც.

მანამდე კი ახალ ვაქცინებთან თუ პრეპარატებთან მიმართებაში უნდა ვიყოთ ყურადღებით, ფრთხილად და რაც მთავარია, პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, მეტი დიალოგი და ღიაობა. თუ არსებობს პრობლემა, ამაზე უნდა იყოს ღია საუბარი. თუ ერთი ადამიანსაც კი ექნება ალერგია, დაფიქსირდება გარდაცვალების შემთხვევა, თითოეული „ქეისი“დეტალურად უნდა იქნეს განხილული. არანაირი დახურული ინფორმაცია!“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები