
რა წერია NATO-ს გენმდივნის 2020 წლის ანგარიშში საქართველოს შესახებ
17/03/2021 07:30:33 საგარეო პოლიტიკა
ჩრდილოატლანტიკური ალიანსმა გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.
კერძოდ, დოკუმენტში საუბარია NATO–ს ღია კარის პოლიტიკაზე და აღნიშნულია, რომ გასული წლის განმავლობაში ალიანსის წევრები აგრძელებდნენ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერას 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად.
ისევე როგორც გენმდივნის სხვა განცხადებებში, ხსენებულ ანგარიშშიც აღნიშნულია, რომ "NATO-ს კარი ღიაა ყველა ევროპული დემოკრატიისთვის, რომელიც იზიარებს ალიანსის ღირებულებებს, მზად არის და შეუძლია მიიღოს ალიანსის წევრობის პასუხისმგებლობა და ვალდებულებები".
გენერალური მდივნის ანგარიშში ცალკე ქვეთავი ეძღვნება საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხს, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია განახლებული "NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის" მნიშვნელობაზე ქვეყნისა და ალიანსისთვის:
"ეს პაკეტი მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ქვეყნის NATO-ში საბოლოო გაწევრიანებისთვის მომზადებას. იგი გასულ წელს განახლდა და უფრო თანმიმდევრული და მიზანმიმართული გახდა, რომელიც უკეთ ასახავს როგორც საქართველოს, ასევე ალიანსის პრიორიტეტებს. მთლიანობაში, განახლებული პაკეტი შეიცავს 16 ინიციატივას, მათგან სამი ახალია. ახალი ინიციატივები მოიცავს სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარებას, ინგლისური ენის უნარის განვითარებას, სტანდარტიზაციას და კოდიფიკაციას. განახლებული პაკეტი ითვალისწინებს საქართველოს მიმართ დახმარების გაძლიერებას, მათ შორის კიბერ– ლაბორატორიის განვითარებას, NATO-სა და საქართველოს შორის უსაფრთხო კომუნიკაციის დამყარებას, სამხედრო ინჟინრების სწავლებასა და საზღვაო და საჰაერო სივრცესთან დაკავშირებული სიტუაციური ცოდნის ამაღლებას", - აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი გამოკვეთილია ანგარიშის შეკავების, თავდაცვისა და დიალოგის პოლიტიკის თავში, სადაც ხაზგასმულია 2020 წელს შავ ზღვაზე ალიანსის გააქტიურების მნიშვნელობა და ამ კონტექსტში საქართველოსთან თანამშრომლობის პრიორიტეტულობა.
გარდა ამისა, დოკუმენტში საქართველოს მიერ NATO-ს მისიებისა და ოპერაციებში შეტანილ წვლილზეც არის საუბარი.