პროტესტი გალიდან: „თანაბარ უფლებრივ მდგომარეობაში ჩაყენებას ითხოვენ“

17-03-2021 15:53:23 კონფლიქტები

16 მარტს ანაკლიის საკარანტინე სივრცეში გალელი ექთანი ნარგიზა აბუთიძე გარდაიცვალა. მას კარგად იცნობდნენ ოკუპირებულ გალში და ახასიათებენ როგორც ერთ–ერთ ყველაზე გულისხმიერ მედპერსონალს, რომელიც პაციენტების დახმარებას ყოველთვის ცდილობდა, თუმცა როდესაც ჯერი მასზე მიდგა, მისთვის დამახასიათებელი გულისხმიერებით სავარაუდოდ, არ მოეკიდნენ, ან დააგვიანეს: როგორც „აქცენტს“ კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი გალიდან მიღებულ ცნობებზე დაყრდნობით უყვება, ექთანს ჯანმრთელობის პრობლემა გალში შეექმნა, მიმართა ექიმს, დაუდგინდა ინსულტის ნიშნები, მიიღო შესაბამისი მიმართვაც და როგორც ამას სტანდარტული პროცედურა ითვალისწინებს, სამედიცინო მიზნებისთვის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა უპრობლემოდ – მისთვის ხელი აფხაზ და რუს „მესაზღვრეებს“ არ შეუშლიათ, თუმცა პრობლემები დაიწყო იქ, სადაც იდეაში, ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ მოქალაქეს თავი უსაფრთხოდ უნდა ეგრძნო: ზუგდიდში ჩაითვალა, რომ ქალი დაუყონებლივ სამედიცინო დახმარებას არ საჭიროებდა და 5–დღიან სავალდებულო კარანტინს დაუქვემდებარეს.

ანაკლიის საკარანტინე სივრცეში ყვებიან, რომ ადმინისტრაციას დაუკავშირდა ქალის ნათესავი, ვინაიდან თავად აბუთიძესთან კონტაქტზე ვერ გადიოდნენ, არ პასუხობდა რა სატელეფონო ზარებს. ამ ზარის შემდეგ აბუთიძეს მისთვის განკუთვნილ ოთახში უგონო მდგომარეობაში მიაკვლიეს. წინასწარი ვერსიით, ეჭვი მიოკარდიუმის ინფარქტზეა.

ამ ტრაგიკულმა ფაქტმა კიდევ ერთხელ წამოჭრა სიმწვავით სავალდებულო კარანტინის პრობლემა, რის გამოც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელ საქართველოს მოქალაქეებს ზუგდიდში გადმოსვლა არა მხოლოდ აფხაზი და რუსი „მესაზღვრეებისგან“, არამედ ქართველი პოლიციელებისგან მალვით უწევთ.

მართალია, ცენტრალურმა ხელისუფლებამ 12–დღიანი სავალდებულო კარანტინი 5 დღემდე შეამცირა, თუმცა აღნიშნული გალის მკვიდრებს პრობლემას ვერ უგვარებს, ვინაიდან ხშირად, მათ ზუგდიდში გადმოსვლა მხოლოდ რამდენიმე საათით უწევთ სხვადასხვა საჭიროებებისთვის, იქნება ეს პროდუქტის, საყოფაცხოვრებო ნივთების, მედიკამენტების შეძენა, თუ პენსია.

როგორც კანაშვილი ამბობს, სავსებით შესაძლებელია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა ყოველგვარი ბარიერების გარეშე შეეძლოთ, რადგან ცენტრალური ხელისუფლება იცნობს უშუალოდ გალში არსებულ ვითარებას და იცის ისიც, რომ ეპიდვითარება არაა უფრო მძიმე, ვიდრე იგივე, ზუგდიდში. ალტერნატიულ ვერსიად კანაშვილი ენგურის ხიდის გადმოკვეთისას მოქალაქეების ტესტირებას მოიაზრებს სწრაფი ტესტით და ამბობს, რომ გალის მკვიდრები მზად არიან, თავად უზრუნველყონ ტესტირების საფასური.

„ხელისუფლების მიდგომა არის გაუგებარი და მეტიც, არასახელმწიფოებრივი! ქალბატონის გარდაცვალებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მიდგომის პრობლემურობას. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს სხვადასხვა სახის პრობლემა, მაგრამ თავს იკავებენ გადმოსვლისგან. გარდა ამისა, მათ გაუძვირდათ პროდუქტი“,– ამბობს კანაშვილი.

ამასთან, კანაშვილი საინტერესო და საეჭვო გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას: მისი ინფორმაციით, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გალში ტვირთები შედის, რაც იმ პირობებში, როდესაც გალის მკვიდრებისთვის ენგურის გადმოკვეთის, ზუგდიდში სასურველი პროდუქტის შეძენის და უკან – შინ დაბრუნებისთვის ხელოვნური ბარიერებია შექმნილი, შესაძლო კორუფციის არსებობის თაობაზე აჩენს ეჭვებს.

ამასთან, კანაშვილი ამბობს, რომ არსებული ბარიერების წინააღმდეგ გალში სამედიცინო პერსონალი გაფიცვას გეგმავს, მათი პროტესტის მთავარი ადრესატი კი ცენტრალური ხელისუფლება იქნება.

„ისინი საქართველოს დანარჩენი მოქლაქეების მსგავს უფლებრივ მდგომარეობაში ჩაყენებას ითხოვენ“,– დასძენს კანაშვილი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები