Accentnews.ge
აფხაზი ექსპერტი: "ადამიანის, მათ შორის ქართველების უფლებების დაცვის გარეშე აფხაზეთი ვერც დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება და აღიარების პერსპექტივაც საბოლოოდ გაქრება"

აფხაზი ექსპერტი: "ადამიანის, მათ შორის ქართველების უფლებების დაცვის გარეშე აფხაზეთი ვერც დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება და აღიარების პერსპექტივაც საბოლოოდ გაქრება"

18/03/2021 08:40:52 კონფლიქტები

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში სახელმწიფოს მიერ ჩამოყალიბებულია და აქტიურად მუშაობს სახალხო დამცველის ინსტიტუტი, თავად ცნება "ადამიანის უფლებების პატივისცემა" ვერ იქცა არათუ ლეიტმოტივად, არამედ მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან თემადაც კი პოლიტიკოსთა და შესაბამისად, იმ პლატფორმათა უმეტესი ნაწილისთვის, რომელთაც ისინი წარმოადგენენ.

მათი უმეტესობისთვის ადამიანის უფლებები - ეს არის სფერო, რომელსაც რეალურ ცხოვრებასთან, ჩვენს პოლიტიკურ კულტურასთან, ცხოვრების ნირსა და ტრადიციებთან საერთო არაფერი აქვს. ისინი ადამიანის უფლებათა ცნებას საკუთარ თავზე არ ირგებენ, რადგან საკუთარ უფლებებს მშვენივრად იცავენ ავტომატით ხელში, ან სხვადასხვა უწყებებში ნაცნობების, მრავალრიცხოვანი ნათესავობის, ან საკუთარი ეთნიკური კუთვნილებისა თუ სოციალური სტატუსის წყალობით, ანდაც ფინანსური მდგომარეობისა თუ სულაც ქრთამებისა და ადამიანის უფლებათა იდეოლოგიისგან შორს მდგომი სხვა მეთოდების მეშვეობით. ამ ადამიანებისთვის ადამიანის უფლებები - ეს არის "დასავლური პროდუქტი, რომელსაც აფხაზეთს თავს ახვევენ ჩვენი ტრადიციული კულტურისა და მთლიანად სახელმწიფოსთვის ძირის გამოსათხრელად". მათ აღქმაში ეს "დასავლური პროდუქტი" ასოცირდება მხოლოდ და მხოლოდ გეი-აღლუმებთან, რომელთაც ისინი გაუთავებლად ახსენებენ, სრულიად ავიწყდებათ რა ამასობაში ადამიანის უფლებებთან შესისხლხორცებული ისეთი უმნიშვნელოვანესი ცნებები, როგორიცაა კანონის უზენაესობა, კანონის წინაშე ყველას თანასწორობა, ღირსეული სოციალური უზრუნველყოფა, ხელმისაწვდომი მედიცინა, გამართული, ძლიერი და არა ბუტაფორული თვითმმართველობა, ეფექტური და არა მოჩვენებითი ბრძოლა კორუფციასთან და ბევრი სხვა რამ, რითაც დამსახურებულად ამაყობენ შემდგარი დემოკრატიები.

თუკი ეს ადამიანები ოდესმე ადამიანის უფლებებს ახსენებენ, ეს ხდება აფხაზების კოლექტიურ უფლებებთან მიმართებაში, თანაც საერთაშორისო თანამეგობრობისადმი პრეტენზიების კონტექსტში, რომელიც უგულებელჰყოფს ჩვენი ხალხის თვითგამორკვევის უფლებას (რაზეც, სხვათა შორის, ჩვენც - აფხაზ უფლებადამცველებსაც არაერთგზის მიგვითითებია ჩვენს მოხსენებებში, განცხადებებსა და სტატიებში).

ადამიანის უფლებები მართვის სისტემაზე ეკლექტური წარმოდგენის (ცოტაოდენი ფეოდალიზმი, მართვის ადმინისტრაციულ-მბრძანებლური სტილი, ცოტაოდენი დემოკრატია არჩევნების სახით, მაგრამ ამომრჩევლების მოსყიდვის პირობით და ა.შ.) მქონე პირთა ხელში იქცა ინსტრუმენტად მათ წინააღმდეგ საბრძოლველად, ვინც ამ უფლებებს იცავს, კერძოდ - არასამთავრობო სექტორთან, ბოლო პერიოდში კი - ომბუდსმენთანაც.

კანონმდებლობის არასრულყოფილებისა და მთელი რიგი იმ ჩინოსნების წინააღმდეგობის მიუხედავად, რომლებიც ამ პროცესს ყოველმხრივ უქმნიან წინაღობებს, ბოლო ორი წლის განმავლობაში აფხაზეთში რეალურად ამოქმედდა სახალხო დამცველის ინსტიტუტი. წესით, ყველას უნდა ახარებდეს, რომ გაგვიჩნდა ეს ძალზე ეფექტური ინსტიტუტი ძალზე მამაცი და პრინციპული ხელმძღვანელით, რომელიც მზადაა, დაგვიცვას ჩვენ და ჩვენი უფლებები ჩინოსნების თვითნებობისაგან. მაგრამ არა!

უცნაურია, მაგრამ ომბუდსმენით უკმაყოფილებას გამოხატავს არა მოქმედი ხელისუფლება, არამედ ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები - ანუ არა მოქმედი ჩინოსნები. თუმცა ნაწილობრივ ეს ალბათ, ახსნადია: სახალხო დამცველის პირველი მოხსენება ხომ წინა ხელისუფლების ქმედებების შეფასებას ეძღვნებოდა, იმ ხელისუფლების ბევრი ყოფილი ჩინოსანი კი დღეს ოპოზიციაშია მოკალათებული. მინდა, ვუთხრა ამ ადამიანებს: მოითმინეთ, სულ მალე გამოვა 2020 წლის პერიოდის შემფასებელი მოხსენება და ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ მასში მოქმედი ხელისუფლების ზუსტად იმდენადვე ობიექტური შეფასებები იქნება მოყვანილი.

ომბუდსმენის მიმართ ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია დაახლოებით ასე ჟღერს: საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვის ნაცვლად, აფხაზეთის მოქალაქეების უფლებებით დაკავდით. მინდა, მსგავს პრეტენზიებს ასე ვუპასუხო:

1) ომბუდმენის ვალდებულებაა, აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ადამიანის უფლება დაიცვას, მათ შორის - მიგრანტებისაც, რომლებიც რესპუბლიკაში სამუშაოდ ჩამოდიან.

2) ბატონო მაკრიტიკებლებო, საერთოდ წაკითხული გაქვთ ომბუდსმენის 140-გვერდიანი მოხსენება? შემიძლია, გაცნობოთ, რომ 140 გვერდიდან გალელებს 4 ეძღვნება, დანარჩენი 135 (თავფურცლის გარდა) კი - აფხაზეთის ყველა დანარჩენი მოქალაქის უფლებებს, მათ შორის - თქვენსას. გაწვდით ომბუდსმენის საიტის ლინკს: https://ombudsmanra.org/docs/?S=2

3) როცა ომბუდსმენის მოხსენებას წაიკითხავთ, ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ მასში ცალკე პარაგრაფი ეძღვნება აფხაზეთის მოქალაქეთა გადაადგილების თავისუფლებას, რომელიც მრავალი ქვეყნის მიერ ირღვევა.

4) საქართველოს მოქალაქეთა უფლებები და აფხაზეთში მცხოვრებ ქართველთა უფლებები - ეს ყოველთვის ერთი და იგივე როდია, მიუხედავად იმისა, რომ ვინმეს შესაძლოა, უნდოდეს, ყველა ეთნიკური ქართველი საქართველოს მოქალაქედ აქციოს. გალის მაცხოვრებლები ყვებიან შემთხვევებზე, როცა საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ახალგაზრდებს აფხაზეთის მოქალაქის პასპორტის გაცემაზე უარს ეუბნებოდნენ, შემდეგ ისინი ბინადრობის მოწმობის აღებას ცდილობდნენ, თუმცა კვლავ უარით ისტუმრებდნენ იმ მოტივით, რომ ისინი მოქალაქეობის არმქონე პირები არიან. მეტიც, მათ ურჩევდნენ, საქართველოში წასულიყვნენ იქაური მოქალაქეობის მისაღებად, რადგან მოქალაქეობის გარეშე ისინი აფხაზეთში ბინადრობის მოწმობას ვერ მიიღებდნენ და ყოველგვარი დოკუმენტის გარეშე დარჩებოდნენ. თურმე, ასეთიც შესაძლებელია!

5) ვინაიდან "ადამიანის უფლებათა" კრიტიკოსები, როგორც წესი, "ეროვნული ინტერესების" ცნებით ოპერირებენ, მსურს, ვიკითხო: აფხაზეთის ინტერესშია, თავის ტერიტორიაზე, მტრულ სახელმწიფოსთან საზღვრის სიახლოვეს აფხაზეთის სახელმწიფოს მიმართ ლოიალური მოსახლეობა ჰყავდეს? თუ კი, მაშინ როგორ უწყობს ხელს გალის რაიონის მოსახლეობის მარგინალიზაციის პოლიტიკა მისი ლოიალურობის განმტკიცებას და ჩვენს უსაფრთხოებას»?

6) როგორც ომბუდსმენი, ისე სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ამ თემაზე აზრს აფიქსირებენ, გალის რაიონში დიფერენცირებული მიდგომის აუცილებლობაზე საუბრობენ, რაც არამც და არამც არ გულისხმობს ადამიანთა ამა თუ იმ კატეგორიის უფლებების დარღვევას.

7) რაც შეეხება ხალხის კოლექტიური უფლებების, კერძოდ ერთა თვითგამორკვევის უფლების პატივისცემის მოთხოვნას, საკმარისია, მოვიძიოთ ინტერნეტში ჩვენი სამოქალაქო აქტივისტების უამრავი სტატია, საჯარო განცხადება, მოხსენება სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებზე, რომ შევიქმნათ წარმოდგენა, რამდენად დიდია მათი ღვაწლი აფხაზეთის დამოუკიდებლობის იდეის პოპულარიზებაში.

8) ალბათ, უპრიანია, დაისვას უკვე რიტორიკული კითხვა: რამდენად ყურადღებით გაქვთ წაკითხული ჩვენი კონსტიტუცია?

და ბოლოს - კიდევ ერთი ნიუანსი. ჩვენ ვიბრძვით არა მარტო ჩვენი რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარებისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ აფხაზეთი შედგეს, როგორც სამართლიანი, დემოკრატიული სახელმწიფო, ეს კი სრულიად შეუძლებელია ადამიანის უფლებების მიმართ პატივისცემის გარეშე. თუ მათი დაცულობის მნიშვნელობას არ გავაცნობიერებთ, ჩვენი საზოგადოება კიდევ უფრო გაიყოფა, სახელმწიფოებრიობას კიდევ უფრო გამოეთხრება ძირი და საერთაშორისო აღიარების შორეული პერსპექტივა საბოლოოდ გაქრება.

ავტორი: ლიანა ქვარჩელია - აფხაზი ექსპერტი, ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის თანამშრომელი

წყარო: abkhazinform

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S