
ანქვაბი მოსკოვის კლინიკიდან გაეწერა
18/03/2021 15:48:29 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის "პრემიერ-მინისტრმა" ალექსანდრე ანქვაბმა კორონავირუსული ინფექციისგან მკურნალობის კურსი დაასრულა და მოსკოვის კლინიკიდან გაეწერა, – იუწყება დე ფაქტო "მინისტრთა კაბინეტის" პრეს-სამსახური.
«სხვა დაავადებები პრემიერ-მინისტრს ამ დროისთვის არ აღენიშნება. გარკვეული დრო მას რეაბილიტაციის კურსის გასავლელად დასჭირდება», – ნათქვამია დე ფაქტო "მინისტრთა კაბინეტის" პრეს-სამსახურის ინფორმაციაში.
СOVID-19 ანქვაბს გასული წლის დეკემბერში დაუდგინეს. მიმდინარე წლის 5 იანვარს იგი გუდაუთის კოვიდ-ცენტრში მოათავსეს, 7 იანვარს კი კონსილიუმმა დაადგინა, რომ აუცილებელი იყო მისი გადაყვანა მოსკოვის სპეციალიზებულ კლინიკაში.
მიმდინარე წლის 11 იანვრიდან ანქვაბის სამსახურებრივ მოვალეობებს აფხაზეთში "ვიცე-პრემიერი" ვლადიმირ დელბა ასრულებს. ამჟამად იგი "სამუშაო ვიზიტით" მოსკოვში იმყოფება.