
"მნიშვნელოვანია, საქართველომ მთელ მსოფლიოს დაანახოს, რა ტიპის ტრანსფორმაციის ძალა გააჩნია ევროკავშირს"
11/07/2019 05:49:29 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, საქართველომ მთელ მსოფლიოს დაანახოს, თუ რა ტიპის ტრანსფორმაციის ძალა გააჩნია ევროკავშირს.
ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ ბათუმში მიმდინარე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაზე „ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები“ განაცხადა, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს ეძღვნება.
"ისტორიულმა გადაწყვეტილებამ, რომ შექმნილიყო პარტნიორობა, ბიძგი მისცა მოდერნიზაციისა და 6 პარტნიორი ქვეყნის აქტიურ ჩართულობას. „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ აღმოჩნდა გამოწვევის წინაშე, მაგრამ ათწლეულის განმავლობაში „აღმოსავლეთ პარტნიორობას“ სერიოზული წარმატების ისტორიაც გააჩნია. აღნიშნულ წარმატებებს შორის შეგვიძლია, საქართველოც ჩავთვალოთ, რომელმაც დაამტკიცა, რომ არის მდგრადი და შედეგებზე ორიენტირებული ქვეყანა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველომ მთელ მსოფლიოს დაანახოს, თუ რა ტიპის ტრანსფორმაციის ძალა გააჩნია ევროკავშირს. უნდა მოგახსენოთ, რომ აღნიშნული ვერ მოხდებოდა იმ ადამიანების გარეშე, რომელთაც ჭეშმარიტად სწამდათ ამ მიმართულებისა და საქართველოს ერთგული მეგობრების გარეშე, როგორიც არის პრეზიდენტი ტუსკი. მაღალ შეფასებას ვაძლევ ყველაფერ იმას, რაც გააკეთა საქართველოსთვის და ევროპისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში მიმდინარე კონფერენციის დამსწრე მაღალი დონის სტუმრებს შორის არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი; ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარი ქრისტოს სტილიანიდესი; ესტონეთის პრემიერ-მინისტრი იური რატასი; ევროკავშირის და პარტნიორი ქვეყნების რვა საგარეო საქმეთა მინისტრი.
კონფერენციის ფარგლებში ხელი მოეწერება მთელ რიგ საფინანსო შეთანხმებებს, კერძოდ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერება ორ საფინანსო შეთანხმებას, რომლებიც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ჯამში 47 მილიონ ევრომდე დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.