Accentnews.ge
ტუსკი: „მოდით, ნუ დავმალავთ, რომ საქართველოს ევროკავშირში წევრობის საკითხი დღის წესრიგში რჩება“

ტუსკი: „მოდით, ნუ დავმალავთ, რომ საქართველოს ევროკავშირში წევრობის საკითხი დღის წესრიგში რჩება“

11/07/2019 06:31:56 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში წევრობის საკითხი დღის წესრიგში რჩება.

ამის შესახებ ტუსკმა ბათუმის XVI საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ძალიან ბევრი კითხვა ისმის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალთან დაკავშირებით. თქვენი ევროკავშირში გაწევრიანება არ არის ერთადერთი შეკითხვა, მაგრამ მოდით, ნუ დავმალავთ იმ ფაქტს, რომ ეს შეკითხვა კვლავაც რჩება დღის წესრიგში. ევროკავშირში არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც გაფართოებას ეჭვქვეშ აყენებს, თუმცა მე ასეთი ეჭვები არ მაწუხებს. რა თქმა უნდა,  ასეთი პროცეცები ერთ დღეში არ სრულდება და ყველაზე ერთი გეგმა ვერ იმუშავებს. ჩვენ გავაგრძელებთ ინკლუზიურ ინიციატივებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვსივე ქვეყანასთან. გამოვიყენებთ დიფერენცირებულ გეგმებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ყველა ქვეყანასთან მიმართებაში და ვეცდებით, რომ შევქმნათ ახალი შესაძლებლობები ამ ქვეყნებისთვის“, – განაცხადა ტუსკმა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში მიმდინარე კონფერენციის დამსწრე მაღალი დონის სტუმრებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან ერთად არიან: ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარი ქრისტოს სტილიანიდესი; ესტონეთის პრემიერ-მინისტრი იური რატასი; ევროკავშირის და პარტნიორი ქვეყნების რვა საგარეო საქმეთა მინისტრი.

კონფერენციის ფარგლებში ხელი მოეწერება მთელ რიგ საფინანსო შეთანხმებებს, კერძოდ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერება ორ საფინანსო შეთანხმებას, რომლებიც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ჯამში 47 მილიონ ევრომდე დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S